“ეს დენისოვთან ბოლო წაგება იყო. შემდეგ შეხვედრას აუცილებლად მოუგებს” – უთხრა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ “მსოფლიო სპორტს” სამიოდ თვის წინ, ტიუმენში ჩატარებული მსოფლიოს მასტერსიდან დაბრუნებისთანავე. ვარლამ ლიპარტელიანმა ნახევარფინალში უხერხულზე უხერხულ მეტოქესთან, რუს კირილ დენისოვთან მორიგი შეხვედრა წააგო.
უზნაძის დანაპირები დაახლოებით ერთი საათის წინ გამახსენდა, როცა ლიპარტელიანმა დენისოვს მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ყველა მანამდე განცდილი მარცხისთვის ღირსეული რევანში აუღო. 90 კილოგრამი წონით კატეგორიის მსოფლიოს რეიტინგის ლიდერმა და მსოფლიოს პირველობაზე პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა სულ რაღაც 82 წამში მოამთავრა. ამ დროში ვაზარად შეფასებული ორი ეფექტური გდება შეუსრულა.
სამწუხაროდ ეს გამარჯვება ქართველი ძიუდოისტისთვის ბოლო აღმოჩნდა ბრაზილიურ ტატამზე – კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე ლიპარტელიანს კუბელი ეშლი გონზალესის ძლევაღა დააკლდა. თავის მხრივ, გონზალესმა ჩვენებურს წლევანდელ პარიზის საერთაშორისო ტურნირის მარცხის გამო აუღო რევანში, ოღონდ მაშინ ვარლამ ლიპარტელიანმა ილეთით იმარჯვა, ამჯერად კი შეხვედრის ბედი ერთადერთმა შიდომ გადაწყვიტა. ხუთი წუთის განმავლობაში მსაჯმა ქართველი ძიუდოისტი ორჯერ გააფრთხილა, კუბელს კი ერთით ნაკლები აკმარა.
ცნობისთვის, გონზალესმა ნახევარფინალში საბერძნეთისა და ილიას ილიადისის სახელით მოჭიდავე ჯარჯი ზვიადაური დაამარცხა.
აქვე ლიპარტელიანის გადამწყვეტ ბრძოლებამდე გავლილ სატურნირო გზაზეც ვთქვათ. 90 კილოგრამის სატურნირო ბადეში სულ 60 ძიუდოისტი ჩაეწერა. ტურნირის პირველი ნომერი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და ფრანგ ლუდოვიკ გობერს ფრთხილი ჭიდაობით, მეოთხე წუთზე აღებული ვაზარით აჯობა. მერვედფინალში გერმანელი მარკ ოდენტალი წუთნახევარში, ულამაზესი გდებით გააკრა ტატამს. მეოთხედფინალში კი შვედ ჟოაკიმ დვარბის საქმე უილეთოდ მოუმთავრა – ზედმეტად ფრთხილდა მუდამ გაქცევაზე მოფიქრალ მოწინააღმდეგეს სამ წუთში ოთხი შიდო მიაღებინა.
31 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) იჭიდავებენ.
ჟორჟოლიანი საქმეში მეორე წრიდან – მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთვება. იქამდე კი მასთან შესახვედრად ერთმანეთს კამერუნელი სტეფან ომბიონგნო და ანგოლელი აუდასიო კამბამბა დაეჭიდებიან.
მძიმე წონაში ტატამზე სულ 31 ძიუდოისტი გავა და შესაბამისად, ტურნირი პირდაპირ მეთექვსმეტედფინალით დაიწყება. ოქრუაშვილის პირველი მეტოქე სამოელი დერეკ სუა იქნება. გამარჯვების შემთხვევაში კი ქართველი მძიმეწონოსანი პოლონელ მაციეჟ სარნაცკისა და ანგოლელ დენის სილვას შორის მოგებულს დაუპირისპირდება.
ძიუდო
მსოფლიოს ჩემპიონატი
რიო დე ჟანეირო
30 აგვისტო
კაცები
90 კგ
1 ეშლი გონზალესი (კუბა)
2 ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)
3 ილიას ილიადისი (საბერძნეთი)
3 კირილ დენისოვი (რუსეთი)
ქალები
70 კგ
1 ური ალვეარი (კოლუმბია)
2 ლაურა ვარგას კოხი (გერმანია)
3 სეონგიეონ კიმი (სამხრეთ კორეა)
3 კიმ პოლინგი (ჰოლანდია)
78 კგ
1 კიონგ სოლი (ჩრდილოეთ კორეა)
2 მარინდე ვერკერკი (ჰოლანდია)
3 მაირა აგიარი (ბრაზილია)
3 ოდრი ჩომეო (საფრანგეთი)