ტოკიოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მამაკაცთა შორის უკვე მედლების 7 კომპლექტი გათამაშდა, მაგრამ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი მედალიც კი არაა. კვარცხლბეკს მიღმა ამირან ტოტიკაშვილის გუნდის 14 შეგირდი დარჩა. გუშინ თავისი შანსი 60 და 66 კილოგრამის მოჭიდავე ოთხეულმა ვერ გამოიყენა. სამი მათგანი მეოთხედფინალამდე დამარცხდა და სამივე სინჯის მედლისთვის ბრძოლას უმალ გამოეთიშა.
მინდია ხომიზური და შალვა ქარდავა (ორივე 66 კგ) სულაც საწყის ეტაპს ვერ გასცდნენ. ხომიზური ჩემპიონატში მეორე წრიდან ჩაერთო და სლოვენიელ როკ დრაკშიჩთან ორი გაფრთხილებით წააგო. ქარდავა კი სერბი მილოშ მიალკოვიჩის ასევე ორი შიდოთი ძლევის შემდეგ, ამ წონის მსოფლიოს რეიტინგის ლიდერთან, მონღოლ ცაგაანბაატარ ჰაშბაატართან ოთხწუთნახევარში ორჯერ წამოეგო ვაზარზე.
ამირან პაპინაშვილი (60 კგ) შეჯიბრს უკრაინის სახელით მოჭიდავე გიორგი ზანთარაიამ მერვედფინალიდან გამოთიშა. მესამე წუთზე საქართველოს ნაკრების წევრი იუკოთი დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა სულ რაღაც ერთ წუთს შეინარჩუნა, იპონზე დავარდა და ჩემპიონატს დაემშვიდობა. ზანთარაიასთან შეხვედრამდე პაპინაშვილმა ტაივანელი ჰსუან-ჰაო ჩანგი და კანადელი სერჯიო პესოა დააიპონა.
შედარებით შედეგიანად ტოტიკაშვილის ოთხეულიდან დავით ასუმბანმა (60 კგ) იჭიდავა. ყაზახი ბაკიჟან ტურებეკოვის, ჰოლანდიელი ხეროენ მოურენისა და კანადელი ფრაზერ ვილის იპონ-იპონ ძლევის მერე მეოთხედფინალში გავიდა. იქ კი რუს ბესლან მუდრანოვთან მხოლოდ სამწუთნახევარი გაძლო და რეპეშაჟში გადაერთო. კვარცხლბეკის მესამე საფეხურს ორი მოგებაღა აშორებდა, მაგრამ პირველსავე მეტოქესთან - იტალიელ ელიო ვერდესთან დამატებით დროში წმინდად დამარცხდა.
უმსუბუქესი წონის ფინალში უზბეკმა რიშოდ სობიროვმა გიორგი ზანთარაიას ორჯერ შეუსრულა ვაზარი და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ბრინჯაოს მედლებს კი იაპონელი ჰიროაკი ჰირაოკა და რუსი არსენ გალსტიანი დაეუფლნენ. 66 კილოგრამში იაპონელი იუნპეი მორიშიტა გაჩემპიონდა, ბრაზილიელი ლეანდრო კუნიას 3 წუთში ძლევით, ხოლო მესამე ადგილებზე ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი და ფრანგი ლუი კორვალი გავიდნენ.
გუშინვე მედლები ქალთა 48 და 52 კილოგრამებშიც გათამაშდა და ორივე წონის ფინალში მასპინძლები გავიდნენ. იაპონელებმა გუნდური ჩემპიონობა მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი დღით ადრე ოფიციალურად გაიფორმეს.
დღეს მედლები აბსოლუტურ წონით კატეგორიაში გათამაშდება და კიმონოს 4 ქართველი მოირგებს. ალექსანდრე მსხალაძის შესახებ თავიდანვე იყო ცნობილი, რადგან ნაკრების მწვრთნელმა იგი ტოკიოში სწორედ აბსოლუტურში საჭიდაოდ იახლა. მწვრთნელმა იაპონიაში გამგზავრებამდე განაცხადა, რომ მსხალაძეს 100 და +100 კილოგრამში ნაჭიდავებ ძიუდოისტთაგან ერთ-ერთს დაამატებდა, მაგრამ საბოლოოდ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისგან დაწესებული კვოტა მაქსიმალურად გამოიყენა. მსოფლიო პირველობის დასკვნით დღეს ლაშა გუჯეჯიანი, ადამ ოქრუაშვილი და ლევან ჟორჟოლიანი ერთხელაც მოირგებენ კიმონოს.
მსხალაძის პირველი მეტოქე ავსტრალიელი ჯოშუა დალი იქნება, გუჯეჯიანი მონღოლ ტუგულდურ ბაიარსაიხანს დაუპირისპირდება, ოქრუაშვილი – პოლონელ იანუშ ვოინაროვიჩს, ჟორჟოლიანი - ესპანელ ანხელ პარას.
ძიუდო
მსოფლიოს ჩემპიონატი
ტოკიო. 12 სექტემბერი
კაცები
60 კგ
1 რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი)
2 გიორგი ზანთარაია (უკრაინა)
3 არსენ გალსტიანი (რუსეთი)
3 ჰიროაკი ჰირაოკა (იაპონია)
66 კგ
1 იუნპეი მორიშიტა (იაპონია)
2 ლეანდრო კუნია (ბრაზილია)
3 ლუი კორვალი (საფრანგეთი)
3 ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი (მონღოლეთი)
ქალები
48 კგ
1 ჰარუნა ასამი (იაპონია)
2 ტომოკო ფუკუმი (იაპონია)
3 ალინა დუმიტრუ (რუმინეთი)
3 სარა მენეზეში (ბრაზილია)
52 კგ
1 იუკა ნიშიდა (იაპონია)
2 მისატო ნაკამურა (იაპონია)
3 ნატალია კუზიუტინა (რუსეთი)
3 ბუნდმაა მუნხბაატარი (მონღოლეთი)
ოთარ მაღლაკელიძე







