ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 25-ე ტური ბექა ბურჯანაძის “კახასოლის” და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსას” მატჩით გაიხსნა, რომელშიც მასპინძლებმა 79:59 იმარჯვეს.
შეხვედრის ბედი პირველივე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც “კახასოლმა” 22:3 (!) იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ საწყის ათწუთეულში სარაგოსელებმა 14 ტყორცნიდან ერთადერთი გამოიყენეს და მართალია, მე-3 მეოთხედში სხვაობის ექვს ქულამდე დაყვანა შესძლეს, სასწაული ვეღარ მოახდინეს.
სანიკიძე სტუმართა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 17:37 წუთში 6 ქულა, 5 მოხსნა (4 შეტევაში), 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ვიქტორმა 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
სტუმართა რიგებში ყველაზე შედეგიანები ხორვატი დამიან რუდეზი (16 ქულა) და ამერიკელი მაიკლ როლი (13 ქულა) იყვნენ, თუმცა, სარგებლიანობის კოეფიციენტის (10) მიხედვით, საუკეთესო სანიკიძე იყო.
ბურჯანაძე “კახასოლის” განაცხადში კი მოხვდა, თუმცა, მოედანზე არ გამოჩენილა. სევილიელთა შემადგენლობაში საუკეთესონი ამერიკელები – სკოტ ბამფორტი (19 ქულა, 9 მოხსნა) და მარკუს ლენდრი (16 ქულა) იყვნენ.
“სარაგოსამ” 15 მოგების წილ მე-10 მარცხი განიცადა და მე-6 ადგილი შეინარჩუნა, “კახასოლმა” კი 13 გამარჯვებით და 12 წაგებით, ტურის სხვა მატჩების გამართვამდე მოწინავე რვეულში შეაღწია.