ამ უქმეებზე, რუსეთის ქალაქ ტიუმენში, ძიუდოში, აბსოლუტურ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები უნდა გამოვლინდნენ. ორდღიანი ტურნირის პირველი დღე - 29 ოქტომბერი - ორგანიზატორებმა ქალებს დაუთმეს და უკვე მედლებიც გათამაშდა, 30-ში ტატამზე მამაკაცები გავლენ.
მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონატი საქართველოს ნაკრების გარეშე ჩაივლის. შეჯიბრი, რომლის საპრიზო ფონდიც 158 ათასი ამერიკული დოლარია, ძიუდოს მძიმეწონოსან ვარსკვლავებსაც ბლომად მოისაკლისებს. რუსეთში ჩასვლისგან +100 კილოგრამი წონითი კატეგორიის მსოფლიოს რეიტინგის სამმა საუკეთესო ძიუდოისტმა - ფრანგმა ტედი რინერმა, ეგვიპტელმა ისლამ ელ შეჰაბიმ და გერმანელმა ანდრეას ტოლცერმა - თავი შეიკავა. ანალოგიურად მოიქცა პირველ ოცეულში მყოფ მძიმეწონოსანთა უმრავლესობა.
აბსოლუტურ პირველობაზე, როგორც წესი, ორი უმძიმესი წონის სპორტსმენები იღებენ მონაწილეობას. ტიუმენშიც ასე იქნება, თუმცა გაცილებით მძიმე კონკურენტებთან დაჭიდების სურვილი 90-კილოგრამიანთა რეიტინგის ლიდერმა ჯარჯი ზვიადაურმაც გამოთქვა. იგი ჩემპიონატს ბრაზილიელ დანიელ ერნანდესთან შეხვედრით გახსნის. სულ სატურნირო ბადეში 27 ძიუდოისტი გადანაწილდა.
მამაკაცთაგან განსხვავებით, ძიუდოისტი ქალები რუსულ მსოფლიოს ჩემპიონატს გაცილებით სერიოზულად მოეკიდნენ და თითქმის ყველა ქვეყნის ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით ჩავიდა ტიუმენში. ჩემპიონი ჩინელი ვენ ტონგი გახდა, რომელმაც ფინალში რუსეთის სახელით მოჭიდავე თეა დონღუზაშვილს მოუგო და ოქროს მედალთან ერთად, 25 ათასი დოლარიც მიიღო. დონღუზაშვილს 10 ათასი ერგო, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორ იაპონელებს, ნანამი ჰაშიგუჩისა და მიკა სუგიმოტოს – 5-5 ათასი. მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი მძიმეწონოსანი, იაპონელი მეგუმი ტაჩიმოტო კი აბსოლუტურ ჩემპიონატზე სამეულს მიღმა დარჩა.
ძიუდო
მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონატი
ტიუმენი
29 ოქტომბერი
1 ვენ ტონგი (ჩინეთი)
2 თეა დონღუზაშვილი (რუსეთი)
3 ნანამი ჰაშიგუჩი (იაპონია)
3 მიკა სუგიმოტო (იაპონია)
ოთარ მაღლაკელიძე







