ჭადრაკი

0:14 | 6.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქალ მოჭადრაკეთა პირველი დანაკარგი

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა რიგით 41-ე ოლიმპიადის მე-4 ტურიც მარცხის გარეშე განვლო, თუმცა, ამჯერად გამარჯვებაც ვერ მოიპოვა: ჰოლანდიასთან პაექრობაში ყაიმი დაფიქსირდა – 2:2.

გასული დაპირისპირება     შავი ფიგურებით მოთამაშე ბელა ხოტენაშვილის (2492) გამარჯვებით დაიწყო. მან ჰოლანდიელთა ლიდერი ჟაოქინ პენგი (2391) დაამარცხა, თუმცა, ეს წარმატება ლელა ჯავახიშვილის (2478) წარუმატებლობამ გადაფარა. ამ უკანასკნელმა მოულოდნელად თეთრებით ანე ჰაასტთან (2324) წააგო და ვინაიდან სალომე მელია (2475) ბიანკა მუჰრენს (2314) დაუზავდა, ხოლო ნინო ბაციაშვილი (2435) – თეა ლანჩავას (2276), პირველ დანაკარგს ვერ ავცდით.

ამგვარად, საქართველოს ქალთა ნაკრებს 7.0 ქულა მოუგროვდა და ლიდერთა ჯგუფს ჩამოშორდა. 8-8 ქულით წინ ჩინეთი, ინდონეზია, უნგრეთი, რუსეთი და ირანი გაიჭრნენ, საქართველო კი დამატებითი მაჩვენებლებით მეექვსეა.

მე-5 ტურში პრინციპული დაპირისპირება შედგება. ქართველი მოჭადრაკეები რუსეთს გაეჯიბრებიან და ცხადია, რომ მოვლენათა შემდგომ განვითარებაზე, ამ შეხვედრის შედეგს დიდი ზეგავლენა ექნება.

წარმატებული დღე ჰქონდათ ქართველ ვაჟებს, რომელთაც მექსიკელები 2.5:1.5 დაამარცხეს. ბაადურ ჯობავამ (2713) და ლევან ფანცულაიამ (2581), შესაბამისად, მანუელ ლეონ ჰოიოსს (2517) და ლუის ფერნანდო იბარა ჩამის (2467) სძლიეს, მიხეილ მჭედლიშვილმა (2618) გილბერტო ერნანდეს გუერეროსთან (2519) წააგო, გაიოზ ნიგალიძე (2542) კი ლუის კარლოს ტორეს როსასს (2351) დაუზავდა.

საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ქალების დარად თავი 7.0 ქულას მოუყარა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-11 პოზიციაზე იმყოფება. უდანაკარგოდ მხოლოდ 3 ნაკრები თამაშობს: აზერბაიჯანი, ბულგარეთი და სერბეთი.

საინტერესოა, ქართველი ვაჟები წილისყრამ მე-5 ტურშიც დაინდო, რადგანაც მეტოქედ 44-ე განთესვის მქონე ბელგიელები ეყოლებათ. ამ უკანასკნელთა აქტივში ასევე 7.0 ქულაა.

0.115232