ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის მერვედფინალში სამი ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს. სოფო შაფათავამა და ეკატერინე გორგოძემ ეს უფლება ადრევე გაინაღდეს, გუშინ კი მათ სოფო ქვაცაბაიაც შეუერთდა, რომელმაც მე-7 ნომრად განთესილ რუმინელ ლაურა-იოანა ანდრეის მოულოდნელად იოლად – 6:2, 6:2 სძლია.
მე-2 რაუნდში ქვაცაბაია რუს ელენა კულიკოვას ეთამაშება, მე-5 ნომრად განთესილი შაფათავა – რუსეთის სახელით მოსპარეზე ნანული ფიფიას, ხოლო გორგოძე – იტალიელ ანასტასია გრიმალსკას.
წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალში გორგოძისა და შაფათავას მე-3 რეიტინგის მქონე დუეტმა რუმინელებს – მარკუსა და მატეის 4:6, 6:2, 10:7 სძლია და ნახევარფინალში გააღწია.
სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე 50-ათასიანი ტურნირის ერთეულთა გათამაშებაში მარცხის შემდეგ, წყვილთა პირველობაზეც საწყისი შეხვედრა წააგო ოქსანა კალაშნიკოვამ.
Ritro Slovak Open-ზე გამართულ სადებიუტო მატჩში კალაშნიკოვა რუს ბოვინასთან 1:6, 2:6 განადგურდა, წყვილებში კი ოქსანა და რუსი სავინიხი ფინელ ლაინესთან და ბრიტანელ სმიტთან 4:6, 6:2, 6:10 დამარცხდნენ.
კანადის ქალაქ ტორონტოში დაწყებულ ასევე 50-ათასიან ტურნირზე ანა ტატიშვილისა და კანადელი პელეტიეს მე-2 ნომრად განთესილმა წყვილმა ამერიკულ დუეტთან (ჰერკინსი-ლიტვაკი) 4:6, 6:4, 11:13 წააგო. ერთეულთა გათამაშების საწყის წრეში ტატიშვილი, რომელიც საქართველოს პირველი ჩოგნის სტატუსს ატარებს, რუს ეკატერინა აფინოგენოვას ეთამაშება.
პოლონეთის ქალაქ ოპოლეში დაწყებულ 25-ათასიან ტურნირში მძიმე გამარჯვება იზეიმა მე-3 ნომრად განთესილ მაკა ჩახნაშვილმა. სრულიად უცნობ ბარბარა სობასკიევიჩთან (პოლონელი გოგონა რეიტინგშიც კი ვერ ხვდება) მატჩში, ქართველ ჩოგბურთელს ორი ტაი-ბრეიკის თამაში დასჭირდა და 7:6 (7:3), 6:7 (2:7), 6:1 მოიგო.
მერვედფინალში მაკა გერმანელ ჯასტინ ოზგას დაუპირისპირდება. წყვილთა ტურნირში ჩახნაშვილი და ფრანგი ვონგსაუზის დუეტი მე-3 ნომრადაა განთესილი და პოლონურ-უკრაინულ ტანდემს (კრჟესინსკა-სლობოდიანი) გაეჯიბრება.
ფრანგულ ეკუეურდრევილში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე კვალიფიკაციის დაძლევის შემდეგ, ძირითად ბადეში პირველი გამარჯვება იზეიმა ანა ჯიქიამ. ქართველმა გოგონამ მე-7 ნომრად მიჩნეულ ბელგიელ დავინია ლობინგერს 7:6 (7:0), 3:6, 6:3 სძლია და მერვედფინალში კიდევ ერთ ბელგიელ ანუკ დელეფორტრიეს გაეჯიბრება.
დათო მანჯავიძე







