სტატიები

15:54 | 26.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

პწკენა-პწკენა და ბერწი დედოფალი...

საფეხბურთო ინდუსტრიის შესახებ კამათი ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის პირველი დღეებიდან მიმდინარეობს. ფეხბურთი ძირითადად ფულიანი კაცებისა და ლიდერების სპორტია და ლოგიკურიცაა, რომ უმეტესობა თავისებურად ჭრის და კერავს, საკუთარი გზა მიაჩნია სწორად და უმოკლესად...
ამ ეტაპზე სახელმწიფოსაგან დიდ ხელშეწყობას არ უნდა ველოდეთ - კი, თავის დროზე დიდი ფული ჩაიდო კლაუს ტოპმიოლერის პროექტში, მერეც არაერთმა გუბერნატორმა „მიხედა“ საკუთარი მხარის ამა თუ იმ კლუბს, მაგრამ...
სფფ-მაც და გუბერნატორებმაც პროცესი წააგეს - ამის ყველაზე ნათელი მაგალითი ქვემო ქართლის გუბერნატორის ეთერში ნათქვამი ფრაზა იყო: აქამდე შევინახეთ „სიონი“ და ახლა, ვისაც სურს ერთ ლარად დავუთმობთო...
თავი-ბოლოც ესაა - იშრომო, ფული ხარჯო და ბოლოს ფარატინა ფურცლის ფასად დათმო კლუბი, ამას შრომა და ბიზნესი არ ჰქვია - ეს უფრო უთავობაა. მითუმეტეს, იხარჯება მხარის, ბიუჯეტის ანუ ხალხის ფული.
„საჭიროა ბავშვთა ფეხბურთს მივხედოთ!“, ‘ინფრასტრუქტურა გავაუმჯობესოთ და გვეშველება!“, „სტადიონზე თუ ხალხი დაბრუნდა, მორჩა, ამოისუნთქავს ქართული ფეხბურთი!“ - ეს და ვინ იცის, კიდევ რამდენი „რეცეპტი“ ისმის იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავაღწიოთ თავი იმ ჭაობს, რომელშიც ჩვენი საფეხბურთო მეურნეობაა ჩაფლული და საშველი კი არსადაა.
შესაბამისად, დადიან პატარები „ბარსელონას“, „რეალის“, „მანჩესტერის“, „ინტერის“ მაისურებით და მიუხედავად იმისა, ფეხბურთელობისთვის ემზადებიან, მათი უმეტესობა საქართველოს ნაკრების სრულ შემადგენლობას გაჭირვებით ჩამოთვლის.
ეს დიდი პრობლემაა!
აქედანვე და კატეგორიულად ვთქვათ: ქართულ ფეხბურთს ცალკე რომელიმე დარგის განვითარება ვერ უშველის. რამდენიც სტადიონიც არ უნდა ააშენო, თუ ფეხბურთელი ვერ გაზარდე და იქ ხალხმა არ იღარა, არავითარი აზრი არ ექნება რკინა-ბეტონისა თუ მეტალო-პლასტმასის კონსტრუქციების შენებას, სტადიონს ისევე სჭირდება მოთამაშე და ხალხი, როგორც მოთამაშეს - სათამაშო არენა და გულშემატკივარი ან კიდევ ქომაგს - ფეხბურთელი და მინდორზე სანახაობა.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ საფეხბურთო მექანიზმის ვერცერთი რგოლი ვერ იმუშავებს ცალ-ცალკე ან ნაწილ-ნაწილ - განვითარება სისტემურად უნდა მოხდეს.
ველოსიპედი კი გამოგონებულია: სასწავლო, სამედიცინო, სამეურნეო პროცესი, პლუს, ფეხბურთისთვის „სასაქონლო პროდუქციის“ სახის მიცემა (ანუ მისი შეფუთვა) - ეს ის ოთხი ცილინდრია, რომელმაც უნდა დაქოქოს ძრავი.
შეუძლია კი ქართულ ბიზნესს თავი გაართვას ამ ყველაფერს? არა და ვერა. მართალია, ეს ჩემი პირადი და შესაბამისად, სუბიექტური აზრია, მაგრამ ღარიბ ქვეყანაში შეიძლება პოპულარული იყოს ფეხბურთი, გაიზარდოს ათი ან ასი მაღალი დონის ფეხბურთელი, მაგრამ ღარიბ ქვეყანაში არცერთი ბიზნესმენის ფული არ ეყოფა სისტემის ჩამოყალიბებას - სისტემას კანონმდებლობა სჭირდება.
თავის დროზე, როცა ახალკაცის ფორმაციის ფედერაცია ტოპმიოლერთან კონტრაქტზე ამუშავდა, ვიცე-პრეზიდენტ გოგი ქავთარაძეს ვკითხე, თუ რა სახით ჩაერეოდა სახელმწიფო ამ პროექტში. „ეს იქნება სუბსიდია“, მიპასუხა მან.
როგორ დამთავრდა ის ამბავი, ყველამ ვიცით. მჯერა ისიც, რომ ქართული ფეხბურთის უახლეს ისტორიას ბევრი თეთრი ლაქა (მათ შორის, ფინანსური თვალსაზრისითაც) ფარავს, მაგრამ დღემდე მგონია, რომ მთავარი პრობლემა მიდგომა, ტოპმიოლერი ან მავანთა არაპროფესიონალიზმი კი არა, თავად პროექტის არსი იყო.
არ გაამართლა და ვერც გაამართლებდა იდეა „ბრენდ-ნეიმისა“. კლაუს ტოპმიოლერი კი არა, ფერგიუსონი და კრუიფი რომ ყოფილიყო, ერთი ლოკომოტივი ქართული ფეხბურთის მთელ შემადგენლობას ვერ დაძრავდა.
შედეგიც შესაბამისი გამოვიდა - წარმატებული ქართული საფეხბურთო მეურნეობის მაგივრად, გერმანიაში წარმატებული მევენახეობის მეურნეობა მივიღეთ - ეს კი ცუდი ნუგეშია.
ჩემი პოზიცია ცალსახაა: სახელმწიფომ, მიუხედავად ზოგადი გაჭირვებისა, ერთხელაც უნდა მოჩხრიკოს ქისა და ამასთან, გადახედოს კანონმდებლობას. მეორეს მხრივ, კლუბების მფლობელთა მეცადინეობით, ბაზა-სტადიონების თვალსაზრისით წინსვლა სახეზეა და ახლა საჭიროა, მძლავრი სარეაბილიტაციო-აღდგენითი ცენტრი - დაახლოებით ისეთი, როგორიც კონჩე-ზასპაშია.
წნევისა და პულსის გაზომვა ფეხბურთელისათვის ნამდვილად აუცილებელია, მენიუს სწორად შედგენაც, მაგრამ ამ ეტაპზე ეს სასაცილოდ მცირე რამაა - ბაროკამერა, ორგანიზმისა და სისხლის მეცნიერული ანალიზი, უახლესი სამედიცინო დანადგარები ძვირი სიამოვნება კი გახლავთ, მაგრამ ხარჯი ერთჯერადია და ესეც რომ არ იყოს, ორიოდ მილიონი მთელი საფეხბურთო მეურნეობისათვის არც მთლად უსაშველო თანხაა.
ნიჭი, სურვილი და ეკიპირება არ უჭირს ქართულ ფეხბურთს, ვარსკვლავები მიწაზე, ქვიშაზე და ეზოებშიც იზრდებოდნენ და გაიზრდებიან, ქართულ ფეხბურთს ახლა გამძლეობასა და აღდგენით პროცესებში უჭირს: ძნელია, სპეციალური პროგრამის გარეშე ათ კილომეტრამდე ირბინოს ადამიანმა და კვირაში დაახლოებით ორჯერ. ამას დაუმატეთ ვარჯიშები, მგზავრობა, ნერვები, დაძაბულობა და...
თავად დამეთანხმებით, ერთი და ორი უცხოელი მწვრთნელი ამ საქმეს ვერ უშველის.
თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში პელე წელიწადში ორმოცდაათ და მეტ მატჩზე წუხდა, ვიფიტებითო და ახლა არცერთი სოლიდური კლუბი საკუთარ თავს ასე ცოტა თამაშის ჩატარების უფლებას არ მისცემს. ასეთი არითმეტიკა გაკოტრებამდე მიიყვანს და იმიტომ.
სამწუხაროდ, ჩვენი კლუბები დაახლოებით პელეს ეპოქის არითმეტიკით ცხოვრობენ. რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, დღემდე ხინჯად შემორჩენილი მენტალიტეტის გარდა, ჩვენებურებს გამძლეობის თვალსაზრისითაც ძველებურად პრობლემები ექმნებათ.
ამას გარდა, დავკარგეთ კიდევ ერთი პოზიცია - მასობრიობა საფრთხის ქვეშ დგას. გარდა იმისა, რომ ცოტა ბავშვი ვარჯიშობს, ფეხბურთი მოზარდებს ჰობად, სიყვარულად და მომავლის იმედად კი არა, სამუშაოდ ექცათ.
ბურთი და ფეხბურთელობა მათთვის თვითრეალიზაციის საშუალება აღარაა, მათი დიდი წილი ორსაათიან მოვალეობას იხდის კვირაში ორ-სამჯერ მრგვალ სფეროსთან და ამიტომაცაა, ამდენი „ინკუბატორის წიწილივით“ ერთიმეორის მსგავსი მოთამაშე ჩვენს ლიგებში.
ქვეყანას მინიმუმ ორი საფეხბურთო აკადემია სჭირდება - დასავლეთში და აღმოსავლეთში. სადაც მავანი ან სახელმწიფო ორასამდე ნიჭიერ ბიჭს უფასოდ შეინახავს. მომდევნო წერილებში „ბარსელონას“, „ვალენსიასა“ და სხვა ესპანური კლუბების საფეხბურთო აკადემიების შესახებ მექნება წერილები და ყველა ნახავს, არაფერი უსაშველო თანხები ამ საქმეს არ სჭირდება.
სხვაგვარად, ყველაფერი დედოფლის პწკენა-პწკენით დაორსულების მცდელობას დაემსგავსება და ამ ზღაპრებისა ვიღას სჯერა...

 

კონსტანტინე გოგიშვილი
 

0.762979