“ბარსელონას” კაპიტანი კარლეს პუიოლი, მიმდინარე წლის სექტემბრიდან, კლუბის სპორტული დირექტორის, ანდონი სუბისარეტას თანაშემწე იქნება.
პუიოლმა სეზონის ბოლოს კარიერის დასრულება გადაწყვიტა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის “ბარსას” ახალი მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს თანაშემწე იქნებოდა, მაგრამ მოვლენების ამგვარი განვითარება თავად 36 წლის მცველმა გამორიცხა.
დღეს, “ბარსელონას” ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პუიოლი სუბისარეტას თანაშემწე გახდება და ის ამ მოვალეობის შესრულებას სექტემბრიდან შეუდგება.
პუიოლი “ბარსელონას” პირველ გუნდში 1999 წლიდან თამაშობდა. ის კატალონიელების კაპიტანი 2004 წელს, მას შემდეგ გახდა, რაც გუნდი ლუის ენრიკემ დატოვა. “ბარსას” მაისურით პუიოლს 593-ჯერ უთამაშია და 21 ტიტული მოუგია.