ფეხბურთი

1:18 | 3.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ფავორიტია, “რეალმა” 1/4-ფინალი თითქმის გაინაღდა

ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათის მატჩები ისე წარიმართა, როგორც მოსალოდნელი იყო – “პარი სენ ჟერმენმა” და “ჩელსიმ” ბრძოლა გამართეს, ხოლო “რეალმა” ნახევარ “დორტმუნდს” იოლად სძლია და ნახევარფინალის საგზური თითქმის გაინაღდა.

ორივე თამაში ერთნაირი სცენარით დაიწყო. პარიზშიც და მადრიდშიც სწრაფი გოლი გავიდა და ორივე შემთხვევაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს.

“პარკ დე პრენსზე”, გულშემატკივართა გახარება ეზეკიელ ლავესიმ მოახერხა. მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ, ტერიმ ბურთის საჯარიმოდან გამოტანა ვერ მოახერხა და დარტყმის საშუალება ლავესის მიეცა, რომელმაც მეკარისგან მარჯვენა ზედა კუთხეში გაიტანა.

ტაბლოზე მასპინძელთათვის სასურველი ანგარიში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იყო დაფიქსირებული. 26-ე წუთზე, ტიაგუ სილვამ თანამემამულე ოსკარი საკუთარ საჯარიმოში წააქცია და “ჩელსიმ” თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც აზარმა კარგად შეასრულა.

ბელგიელის გოლი სიტუაციას რადიკალურად ცვლიდა. ახლა უკვე, გოლის გატანა მასპინძლებს ჭირდებოდათ, თან არა მხოლოდ ერთის.

პსჟ-მ კვლავ წინ გასვლა 61-ე წუთზე მოახერხა. მასპინძელთა შეტევის მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ, დავიდ ლუისმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მართალია, გოლი ბრაზილიელის ჩარევის გარეშეც გადიოდა, მაგრამ ის მაინც ავტოგოლის ავტორად შეირაცხა.

წინ გასვლის მიუხედავად, ანგარიში პსჟ-სთვის კომფორტული არ იყო, რადგან განმეორებით მატჩში “ჩელსის” ერთი უპასუხო ბურთი ჰყოფნიდა. ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ მეტი გოლი აღარც გავიდოდა, მაგრამ 93-ე წუთზე მომხდარმა პარიზული გუნდი ორრაუნდიანი დაპირისპირების ფავორიტად აქცია. მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე, მოედანზე 8 წუთის შესულმა პასტორემ, მარჯვენა ფლანგზე, მცირე მონაკვეთში, გვერდი სამ მეტოქეს აუარა და ჩეხს მახვილ კუთხეში დაურტყა. გოლი ძალიან ლამაზი და რაც მთავარია, ძალზე მნიშვნელოვანი იყო. “ჩელსის”, ნახევარფინალში გასასვლელად, განმეორებითი მატჩის 2 ბურთით მოგება ჭირდება, რაც ლორან ბლანის გუნდთან ძალიან გაჭირდება.

დღის მე-2 მატჩში “რეალი” “დორტმუნდს” იოლად გაუმკლავდა. გასულ სეზონში ნახევარფინალიდან გამოგდების გამო, მადრიდელებს გერმანელებზე შური ჰქონდათ საძიებელი და პირველი თამაშის შედეგის გათვალისწინებით, მოვლენები ასეც ვითარდება.

“სამეფო კლუბმა” ანგარიში მე-3 წუთზე გახსნა. მარჯვენა ფლანგიდან შეტევის დროს, ბენზემამ კარვახალი მოძებნა, ახალგაზრდა განაპირა მცველმა ბეილს უპასა და უელსელმა შანსი ხელიდან არ გაუშვა.

მიმდინარეობდა 27-ე წუთი, როდესაც საჯარიმოს წინა ხაზიდან, არცთუ ძლიერი, მაგრამ ძალიან ზუსტი დარტყმით ისკომ ანგარიში 2:0 გახადა. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მე-10 თამაში, რომელშიც “რეალმა” 2 ან მეტი ბურთის გატანა მოახერხა. მადრიდელები, ამ მაჩვენებლით, აქამდე რეკორდსმენ “სევილიას” გაუთანაბრდნენ.

შესვენების შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ და მე-2 ტაიმში მათ არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ დისკვალიფიცირებული ლევანდოვსკის არყოფნა იგრძნობოდა და კლოპის შეგირდებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

მე-2 ნახევარში, მეტოქის კარს სახიფათო იერიშებს არც “რეალი” აკლებდა. ერთ ერთი ასეთი შეტევა რონალდუს გოლით დასრულდა. პორტუგალიელმა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 თამაშს ატარებდა, მოდრიჩის გადაცემა მიიღო და ლამაზი მოძრაობით ბურთს ადგილი ვაიდენფელერის კარში მიუჩინა. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში რონალდუმ მე-14 გოლი გაიტანა. აქამდე, ლიგის ერთ სეზონში ამდენი მხოლოდ ლიონელ მესის ჰქონდა გატანილი.

ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და “რეალმა”, ევროტურნირის ფლეი ოფის პირველ მატჩში ანგარიშით 3:0 მეცხრედ მოიგო. რა გასაკვირია, რომ მადრიდელებმა წინა 8 შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე გასვლა მოახერხეს.

 

პსჟ-ჩელსი 3:1 (1:1)

პარიზი, “პარკ დე პრენსი”

პსჟ (4-3-3): სირიგუ, ჟალე, ალექსი, სილვა, მაქსველი, ვერატი (კაბაიე 76), მოტა, მატუიდი, კავანი, იბრაჰიმოვიჩი (ლუკასი 70), ლავესი (პატორე 85).

მწვრთნელი: ლორან ბლანი.

ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი, ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა, რამირესი, ლუისი, ვილიანი, ოსკარი (ლემპარდი 74), აზარი, შიურლე (ტორესი 59).

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.

გოლები: 1:0 ლავესი (4), 1:1 აზარი (27, პენ), 2:1 ლუისი (61, ს.კ.), 3:1 პასტორე (90+3).

გაფრთხილებები: ალექსი 20, მოტა 82, კავანი 86 – რამირესი 12, ვილიანი 32, ლუისი 86.

მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი).

ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 9 (4)-6 (4), კუთხური: 4-2, თამაშგარე: 0-0, სეივი: 3-1, ჯარიმა: 10-18.

 

რეალი-დორტმუნდი 3:0 (2:0)

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

რეალი (4-3-3): კასილიასი, კარვახალი, პეპე, რამოსი, კოენტრაუ, მოდრიჩი, ალონსო, ისკო (ილიარამენდი 72), ბეილი, ბენზემა (მორატა 74), რონალდუ (კაზემირო 80).

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი, პიშჩეკი (შიბერი 67), ჰუმელსი, პაპასტატოპულოსი, დურმი, კელი (იოიჩი 73), შაჰინი, გროსკროიტცი, მხითარიანი (ჰოფმანი 64), როისი, ობამეიანგი.

მწვრთნელი: იურგენ კლოპი.

გოლები: 1:0 ბეილი (3), 2:0 ისკო (27), 3:0 რონალდუ (57).

გაფრთხილებები: როისი 18, კელი 30, გროსკროიტცი 87.

მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).

ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 19 (15)-13 (8), კუთხური: 6-6, თამაშგარე: 1-3, სეივი: 8-12, ჯარიმა: 6-8.

0.359087