საფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტარული დივიზიონ Pro D2-ში მეორე წრე სამკვირიანი შესვენების შემდეგ დაიწყო.
სატურნირო ცხრილის სათავეში კვლავაც გურამ კავთიძისა და ვიტო კოლელიშვილის “ლიონია”, რომელმაც “კარკასონს” უმასპინძლა და პრემიალური ქულით 35:10 იმარჯვა. საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი კოლელიშვილი ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში იყო, მოედანზე 54 წუთი გაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მის შეცვლამდე ლიონელებმა ოთხი ლელო გაიტანეს, რასაც მალე მეხუთეც მიაყოლეს და მეტოქეს ფაქტობრივად შანსი არ დაუტოვეს. “ლიონი” 61 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს 8 ქულით უსწრებს. შეგახსენებთ, რომ “ლიონს” “ბორჯღალოსანთა” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ავსტრალიელი ტომ ლეინი ავარჯიშებს.
53 ქულით მეორე ადგილზე ტარიელ რატიანიძის “აჟენია”, რომელმაც ვახტანგ ახობაძის, ხვიჩა ბუჯიაშვილის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილის, სანდრო თოდუასა და კახა კობერიძის “ალბი” 28:17 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ თეთრაშვილი მოხვდა და მან შეცვლაზე 49-ე წუთიდან ითამაშა. უქულო ნახევარი საათის შემდეგ, მასპინძლებმა სამი ლელო გაიტანეს და მეორე ნახევრის დებიუტში 21:0 დაწინაურდნენ. მალევე ორმხრივ შეცდომებს ორივე ჩათვლის მოედანში ლელო მოჰყვა, ხოლო დასკვნით ნახევარ საათში “ალბიმ” ორი ძალისმიერი ლელო გაიტანა და რადგან გარდასახვები არაზუსტი იყო თავად პრემიალური ქულა ვერ აიღო, მაგრამ მეხუთე ქულა არც მეტოქეს დაანება. “ალბი” 29 ქულით მე-13 ადგილზეა და ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.
50 ქულით მესამეა ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელი”, რომელმაც “მონ-დე-მარსანს” 32:16 აჯობა. ახალგაზრდა ქართველი პირველხაზელი მეორედ მოხვდა პირველი გუნდის განაცხადში და შეცვლაზე 70-ე წუთიდან ითამაშა. იმის გათვალისწინებით, რომ სტუმრები 40 წუთი კაცნაკლული თამაშობდნენ, მასპინძლებს პრემიალური ქულის ასაღებად უნდა ებრძოლათ, მაგრამ ერთის წილ მხოლოდ ორი ლელოს გატანა შეძლეს.
ქართული დერბი შედგა გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბის” და ბექა შეყლაშვილის “ბეზიეს” დაპირისპირებაში. სამივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ სტუმართა პირველხაზელი მე-13 წუთზე დაშავდა და შეცვალეს. შესვენებისას შეცვალეს მასპინძელთა მესამეხაზელი ჩხაიძე, მეორეხაზელმა ნემსაძემ სრულად ითამაშა, ხოლო პორველხაზელმა მირცხულავამ მოედანზე 52 წუთი გაატარა.
“ბეზიე” მე-5 წუთზე ლელოთი დაწინაურდა და მე-18 წუთზე ჯარიმით უპირატესობა გაზარდა. “ტარბმა” ორიოდე წუთში ჯარიმა გაქვითა, ხოლო 29-ე წუთზე ჩხაიძემ 5-მეტრა შერკინებიდან შევჩენკოს გამოუტანა ბურთი და მანაც ლელოთი წონასწორობა აღადგინა, ხოლო გარდასახვამ მასპინძლები დააწინაურა. ტაიმი სტუმრებმა მაინც მოიგეს (11:10), 51-ე წუთზე კი, ნემსაძემ სწრაფად გაათამაშა ჯარიმა, სამი მცველი ჩამოიცილა და ათიოდე მეტრით წინ წაიწია, მეტოქის 22-ში წარმოქმნილი რაქიდან ბურთი სწრაფად გავიდა და შემტევს არეული დაცვის გარღვევა აღარ გაუჭირდა. ამის შემდეგ გუნდებმა ორ-ორი ჯარიმა გაცვალეს და “ტარბმა” 23:17 იმარჯვა.
ახლა ამ გუნდს 38 ქულით მე-8 ადგილი უკავია და 5 ქულა აშორებს საპლეიოფო მეხუთე ადგილს. “ბეზიემ” პრემიალური ქულა ჩაიწერა და 30 ქულით მე-12 პოზიციაზეა.
შესვენებამ ვერ უშველა ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკს”, რომელიც პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ “ნარბონს” დაუხვდა და 29:32 დამარცხდა. დაძაბულ მატჩში მეორეხაზელმა დათუნაშვილმა სრულად ითამაშა. სტუმრებმა 53-ე წუთისთვის ამ შეხვედრისთვის ყველაზე დიდი, 6-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს (22:16), მაგრამ “ორიაკმა” ჯერ ჯარიმით უპასუხა, ხოლო 68-ე წუთზე მეტოქის შერკინება დაჯაბნა და საჯარიმო ლელოთი 29:25 დაწინაურდა. მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე მათი დაცვა მოირღვა და იწყინარ სიტუაციაში გაშვებულმა ლელომ მასპინძლები მხოლოდ პრემიალური ქულის ამარა დატოვა. “ორიაკს” “ტარბის” მსგავსად 38 ქულა აქვს, მაგრამ მას დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება და მე-9 ადგილზეა.
თამაზ მჭედლიძისა და მერაბ შარიქაძის “ბურგ-ან-ბრესმა” “ბურგონს” უმასპინძლა და 20:13 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ მე-2 წუთზე ატეხილი ჩხუბის შემდეგ რეფერიმ ორივე გუნდის მესამეხაზელს წითელი ბარათი უჩვენა და გუნდებმა 14-14 კაცის შემადგენლობით ითამაშეს. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ შუამარბი შარიქაძე იყო და შესვენებისას შეცვალეს. ტაიმი მასპინძლებმა 12:6 მოიგეს, მერე ლელოთი და ჯარიმით კიდევ 8 ქულა ჩაიწერეს და 62-ე წუთზე საჯარიმო ლელოთი თავად დაისაჯნენ, მაგრამ დარჩენილ დროში გამარჯვება ხელიდან აღარ გაუშვეს. “ბურგ-ან-ბრესი” 25 ქულით მე-14 ადგილზეა.
მას 3 ქულით და ერთი საფეხურით ჩამორჩება თორნიკე ლომიძის “ოში”, რომელმაც “პო” ქართველი ლეგიონერის გარეშე 12:9 დაამარცხა. Pro D2-ის მომდევნო ტურის თამაშები 18-19 იანვარს გაიმართება.