რაგბი

19:49 | 19.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

Pro D2-ისთვის ორი იბრძვის

 

მომავალ შაბათს იმ ორი გუნდის ვინაობა გაირკვევა, რომლებიც საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D-2-ში “ოშისა” და “ბურგ-ან-ბრესის” ადგილს დაიკავებს. კვირას ფედერალ 1-ის პირველი ნახევარფინალური მატჩები გაიმართება და ფინალში გასვლის და შესაბამისად, დაწინაურების შანსს ქართველი ლეგიონერების ორი გუნდი ინარჩუნებს.

დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, არჩილ კობაურის, ელიზბარ ყუფარაძისა და შალვა სუთიაშვილის “მასი”, სტუმრად “ტირტოსს” ეთამაშა და 19:21 დამარცხდა. ორქულიანი დეფიციტი სულაც არაა ის ჩამორჩენა, რომელის აღმოფხვრაც მასელებს საკუთარ მოედანზე არ შეუძლიათ, მით უმეტეს, რომ მეოთხედფინალში მათ “ექს-ან-პროვანსთან” 9-ქულიანი დეფიციტი აღმოფხვრეს და სტუმრად 27:36 მარცხის შემდეგ, საკუთარ მოედანზე 34:14 იმარჯვეს.

“ტიროსთან” მატჩს 5 ათასი მაყურებელი დაესწრო, პირველხაზელები დადუნაშვილი და აშვეთია სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, პირველმა 65 წუთი ითამაშა, მეორე შესვენებისას შეცვალეს, ხოლო მესამეხაზელი სუთიაშვილი თამაშში 41-ე წუთიდან ჩაერთო. ტაიმი ფრედ 6:6 დასრულდა, მეორე ნახევარში მასპინძლების არეკნს და ჯარიმას სტუმრებმა ერთი ჯარიმით უპასუხეს, 64-ე წუთზე კი, “მასიმ” შეხვედრის ერთადერთი ლელო გაიტანა და გარდასახვაც გამოიყენა (16:12). დასკვნით 10 წუთში მასპინძლებმა სამი ჯარიმა გაიტანეს, დამატებულ წუთებზე ერთი ზუსტი დარტყმა სტუმრებმაც განახორციელეს და ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანეს.

20 წლის გიორგი სორდიას “ლილმა” “მონტობანს” უმასპინძლა და მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი აგემა - 17:12. ახალგაზრდა ქართველი მესამეხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ მისი შეცვლისას მასპინძელთა უპირატესობა 11 ქულა იყო. “ლილმა” პირველ ტაიმში სამი ჯარიმა და ერთი ლელო გაიტანა, თავად ორი ჯარიმა მიიღო და 14:6 დაწინაურდა. 61-ე წუთზე მასპინძლებმა ჯარიმით უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს, მაგრამ 67-ე და 74-ე წუთებზე ჯარიმები თავადაც გაუშვეს და ახლა მათი უპირატესობა ისეთი არაა, რომ განმეორებითი შეხვედრის წინ თავს დამშვიდების უფლება მისცენ.

0.105571