იტალიის ჩემპიონი და თასის სამგზის მფლობელი, 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ჯუზეპე ჯანინი ამჟამად ლიბანის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელია. ამპლუით ნახევარმცველმა საუკეთესო წლები "რომაში" გაატარა და 365 მატჩში 57 გოლი გაიტანა, ხოლო იტალიის ნაკრების მაისური 47 შეხვედრაში მოირგო და თავი 6-ჯერ გამოიჩინა.
49 წლის სპეციალისტთან ინტერვიუ FIFA.ცომ-მა ჩაწერა:
_ თქვენ განსაკუთრებული კარიერა გქონდათ. ტიტულების გარდა რით იყო დასამახსოვრებელი თქვენი კარიერა?
_ ორი აზრი არ არსებობს, 13 შესანიშნავი წელიწადი გავატარე ჩემ საყვარელ გუნდში - "რომაში". აგრეთვე ვთამაშობდი იტალიის ნაკრებში და მქონდა შანსი მეთამაშა ისეთი ვარსკვლავების მხარდამხარ, როგორებიც არიან: რობერტო ბაჯო, რობერტო მანჩინი, ჯანლუკა ვიალი და რობერტო დონადონი. ეს იყო ოქროს წლები "სკუადრა აძურაში" და მათგან ბევრი რამ ვისწავლე.
_ თქვენი ზედმეტსახელია "პრინცი". ვინ დაგარქვათ და რა რატომ?
_ "რომაში" ჩემმა თანაგუნდელმა ჩიერიკომ მეტსახელად "ჩიერიმ" მიწოდა ეს სახელი, ელეგანტური სათამაშო სტილის გამო. ეს ზედმეტსახელი კარიერის დასრულების შემდეგაც გამომყვა და ჩემთან ასოცირდება. პატიოსნად ვიტყვი, არ მომწონდა ასე რომ მეძახდნენ, რადგან ასეთი ელეგანტურიც არ ვიყავი, მაგრამ მეამაყებოდა. რომაელი ხალხი ფეხბურთელებს ზედმეტსახელებით მოიხსენიებს და მათთვის ყველგან "პრინცი" ვიყავი.
_ ამ დღეებში თუ ნახეთ "რომას" თამაში? რას ფიქრობთ ამჟამინდელ გუნდზე?
_ მე მათ ვაკვირდები, როდესაც იტალიაში ვარ, რადგან ბეირუთში ყოფნისას დრო თითქმის არაფრისთვის მრჩება. "რომა" დღესდღეობით ძლიერი კლუბია, მითუმეტეს წინა სეზონისგან განსხვავებით. მისი მოთამაშეები წლეულს უფრო კონცენტრირებული არიან და წინა სეზონში დაშვებული ბევრი შეცდომა გამოასწორეს.
_ როგორ ფიქრობთ, იტალიის სერია “ა” რომელ სხვა ჩემპიონატებს ჰგავს და რომელ მათგანს გამოარჩევდით?
_ იტალიაში თავიდანვე არაა გადაწყვეტილი ვინ გახდება ჩემპიონი და ეს კარგია. "ფიორენტინას" გამოცდილი მონტელა წვრთნის. "რომა", "ლაციო", "ინტერი", "მილანი", "იუვენტუსი" და "ნაპოლი" ყოველთვის კარგ ფორმაში არიან.
რაც შეეხება სხვა ქვეყნის ჩემპიონატებს, იქ ორი ან სამი გუნდი იბრძვის. ესპანეთში დომინანტები "რეალი" და "ბარსელონა" არიან და ხანდახან "ატლეტიკო" თუ შეუქმნის პრობლემებს. ინგლისში მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედს", "სიტის" და "ჩელსის" შეუძლიათ ჩემპიონობა.
_ 1990 წლის იტალიაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონტსაც შევეხოთ. რომელი შეხვედრა დაგამახსოვრდათ?
_ ჩვენ კარგი გამოცდილება მივიღეთ. ჩემპიონატის დაწყებამდე ფინალში თამაშს ვგეგმავდით. ყველაზე ძალიან, რა თქმა უნდა, ნაპოლიში არგენტინის წინააღმდეგ ჩატარებული ნახევარფინალური მატჩი მახსოვს. ძალიან დასანანი შეხვედრა წავაგეთ, თანაც პენალტების სერიაში. რეალურად, მესამე ადგილი ისე მოვიპოვეთ, მატჩი არ წაგვიგია, არგენტინა კი ფინალში ერთი წაგებით გავიდა.
_ მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიელები ტურნირის ფავორიტად ითვლებიან. როგორ ფიქრობთ, რითი განსხვავდებიან ისინი სხვა ნაკრებებისგან?
_ როდესაც ხარ მასპინძელი გუნდი, პასუხისმგებლობაც დიდია. თითქმის ყველა მასპინძელი ქვეყანა თავიდან ფავორიტებს შორის ითვლება, მაგრამ მხოლოდ ეს არაა საკმარისი. აი, ბრაზილიის ნაკრებს კი ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც ფინალში თამაში შეუძლიათ. ჩემი აზრით, ტურნირზე ფავორიტები იქნებიან: იტალიის, გერმანიის, არგენტინის და, რა თქმა უნდა, ბრაზილიის ნაკრებები. იტალიის ნაკრების ფეხბურთელებს გადამწყვეტ მომენტებში კარგად თამაში შეუძლიათ.
_ როგორ დაიწყეთ ლიბანის ნაკრებში მუშაობა და რა გაქვთ მიზნად დასახული?
_ რობერტო მანჩინიმ თავის ლიბანელ მეგობარს დამაკავშირა. ზამთარში აგრეთვე ვესაუბრე ლიბანის ფედერაციის პრეზიდენტს და ხელშეკრულება გავაფორმეთ. ამის შემდეგ შევუდექი ნაკრებში მუშაობას. აზიაში ფეხბურთი უფრო და უფრო პოპულარული ხდება, რადგან 2022 წელს ქუვეითი ჩემპიონატს უმასპინძლებს და მინდა ლიბანმა ტურნირზე მონაწილეობა მიიღოს. (იცინის) მთავარია, ინგლისური ენა სწრაფად ავითვისო.
გიორგი ბალახაძე