ფეხბურთი

16:25 | 4.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის მწვრთნელები სიმულაციის წინააღმდეგ

ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი ბოლო პერიოდში ხშირად აცხადებს, რომ ფეხბურთში სიმულაციის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლაა საჭირო. ამ თემაზე  ,,სკაი სპორტზე’’ საინტერესო მოსაზრებები განთავსდა - პრემიერლიგაში მოღვაწე მწვრთნელები მანუელ პელეგრინი, რობერტო მარტინესი და ჟოზე მოურინიო სიმულაციის თემაზე საუბრობენ.

,,ვფიქრობ ძალიან რთულია მსაჯობა. ფეხბურთელები ძალიან სწრაფად თამაშობენ, ისინი ყოველთვის ცდილობენ ეშმაკობას, ფეხბურთში ეშმაკური ხერხებით მოიპოვება გამარჯვებები. ამიტომაც, მსაჯისთვის ძალიან რთულია მატჩის გაძროლა, ფეხბურთელთა მოქმედებების სწორად გაანალიზება. მსაჯთა მიმართ პატივისცემით ვარ გამსჭვალული. რა თქმა უნდა არავის მოსწონს, როცა არბიტრი ცდება და შენი გუნდის საწინააღმდეგოდ უსტვენს, თუმცა უმეტესად სათამაშო დროის დიდ ნაწილში მსაჯის ქმედებები სწორია და არის ისეთი შემთხვევებიც, როცა შენი გუნდის სასარგებლოდ ცდება - ამით უპირატესობა შენზე გადმოდის, რომელიც თამაშისას შეიძლება არც გქონია’’ - განაცხადა მანუელ პელეგრინიმ.

,,ბრიტანული ფეხბურთი სიამაყის შეგრძნებას ტოვებს, რადგან სხვა ლიგებთან შედარებით ადგილობრივი კულტურა ფეხბურთში მოჭარბებულად იგრძნობა, თუმცა ბოლო რამდენიმე სეზონში მოხდა შერევა სხვა კულტურებთან. სიმულაცია ხიბლს უკარგავს ბრიტანულ ფეხბურთს, იმედი  მაქვს არსებული ნაკლოვანებები აღმოიფხვრება’’ - აღნიშნა მარტინესმა.

ბოლოს კი პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ისაუბრა.

,,სიმულაციის წინააღმდეგ ბრძოლის უამრავი საშუალება არსებობს, უამრავი გზაა ვებრძოლოთ მსგავს ქმედებებს, ვებრძოლოთ საჯარიმო მოედანზე ფეხბურთელების თეატრალურ მოქმედებებს, როდესაც ისინი პენალტის მოპოვების მიზნით არიან შეპყრობილნი. მომწონს ბლატერის იდეა, ამ უმსგავსობას უნდა შევებრძოლოთ. მნიშვნელოვანია მედიისა და გულშემატკივართა მძაფრად გამოხატული კრიტიკა სიმულაციისადმი. არსებობს ბევრი გზა და ყველა მხრიდან უნდა  დავუპირისპირდეთ მას’’ - დაასრულა ჟოზე მოურინიომ.

დიმიტრი შარიქაძე

0.143282