სტატიები

18:55 | 19.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა – საკუთარი თავის თუ სახელმწიფოს იმედად?

ქართულ საფეხბურთო წრეებში ბოლო დღეებში აქტიურად საუბრობენ პრემიერლიგის შექმნაზე. ეს თემა ზაფხულშიც განიხილებოდა, მაგრამ მაშინ საქმე ლოგიკურ დასასრულამდე არ მისულა.
პრემიერლიგის შესაქმნელად კლუბების წარმომადგენლები, ერთ-ორის გამოკლებით, აქტიურ კონსულტაციებს გადიან და წესდებაც შეიმუშავეს. ასეთი ორგანიზაციის შექმნა, რომელიც ჩემპიონატის ჩატარებაზე იზრუნებს, მისასალმებელია. თუმცა, დასაფიქრებელი ისაა, რომ კლუბების მესვეურთა უმრავლესიბა რატომღაც სახელმწიფოს დახმარებას ელოდება და მარტივად რომ ავხსნათ, მათ ნათქვამის ფორმულირება ასე შეიძლება: “ის ფული, რასაც სახელმწიფო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ურიცხავს, ჩვენ გადმოგვირიცხოს და ჩემპიონატს ჩავატარებთო”. ვერაფერს იტყვი, საინტერესო მიდგომაა. ჯერ ერთი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ფედერაციას ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბის, ასევე, მათი შეკრებების, მგზავრობისა და ა. შ. ხარჯებს იხდის. გარდა ამისა, მსაჯების ანაზღაურების გასტუმრებაში ეხმარება. მეორეც, ფეხბურთში მოღვაწე ნებისმიერ ადამიანთა ჯგუფს შეუძლია თქვას, ფული მოგვეცით და ჩემპიონატს ჩავატარებთო.
თავის დროზე, უმაღლესი ლიგის ჩატარება საკუთარ თავზე პროფლიგამ აიღო და ავად, თუ კარგად საქმეს უძღვებოდა. ყოველ შემთხვევაში, კლუბების ხელმძღვანელობას შემადგენლობის ამოსაბეჭდად ქსეროქსი მაინც დაადგმევინა, თამაშის მერე პრესკონფერენციებს ატარებინებდა, მედიასთან ურთიერთობაზე ზრუნავდა და თავისი საპრიზო ფონდიც ჰქონდა. შესაძლოა, პროფლიგას ბევრი სპონსორი არ ჰყავდა, მაგრამ მისი ხელმძღვანელობა მათ მოძიებას მაინც ახერხებდა, ხშირ შემთხვევაში - პირადი კავშირებით. საკმაოდ კარგ დონეზე ტარდებოდა თასის ფინალი და გალა-დაჯილდოება “დია”, რომელიც სეზონის ნომინანტებს ავლენდა.
ალბათ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრმა ვერ გაიგო, რომ სახელმწიფო მეწველი ძროხა არ არის, ყველა რომ შეინახოს, და თუ პრემიერლიგას აყალიბებ, მაშინ სპონსორებიც უნდა მოიძიო, შესაბამისი წესდება შექმნა, ტელეტრანსლიაციების უფლების გაყიდვაზე იზრუნო, განსაზღვრო ბიუჯეტი და ა.შ. ველოსიპედის გამოგონება საჭირო არაა და არაერთ ქვეყანაში ჩემპიონატს პრემიერლიგა ატარებს. უბრალოდ, ცოტა უცნაური მიდგომაა: ჯერ დავაფუძნებ და დანარჩენი მერე იქნება. ან რა საჩქაროა იანვრიდან ჩემპიონატის პრემიერლიგისთვის გადაბარებაზე ფიქრი? სხვა საქმეა, თუ თავად ფედერაციას უნდა ჩემპიონატის ჩატარების თავიდან მოშორება, თუმცა ოფიციალურად ამის სურვილი ჯერ არ გაუჟღერებია.
პრემიერლიგა თუ ხარ, უნდა გერქვას პრემიერლიგა, თორემ ასე ჩემპიონატს ფედერაციაც ატარებს. დაფუძნება დაფუძნებისთვის წინგადადგმული ნაბიჯი ვერ იქნება. თუმცა, საქართველოში ხშირ შემთხვევაში კლუბებს უნდათ, რომ სტადიონი ფედერაციამ აუშენოს ან შეუკეთოს, ხოლო შემდეგ თვითონ იქ ერთ საპირფარეშოსაც არ მოაწყობენ და ხის ტაბლოსაც კი არ დადგამენ, ელექტროზე რომ არაფერი ვთქვათ. სახელმწიფოს შეუძლია, ფეხბურთს საკანონმდებლო დონეზე დაეხმაროს და კლუბებს, რომლებიც მუნიციპალური სტადიონებით სარგებლობენ, ინფრასტრუქტურა მოუწესრიგოს. თორემ პრემიერლიგამ თანხა თვითონ რომ უნდა მოიძიოს, ამას დიდი განხილვა არ სჭირდება.
მომავალი სეზონის დაწყებამდე დიდი დროა და კლუბებს შეუძლიათ, ეს პერიოდი საქმიანი კონსულტაციებისთვის გამოიყენონ, შეთანხმდნენ მომავალი პრემიერლიგის პრეზიდენტობის კანდიდატზე, გამონახოს დაფინანასების წყაროები. ცხადია, პრემიერლიგის ფუნქციონირებისთვის მარტო ჩემპიონატში მონაწილეობისთვის კლუბების მიერ შეტანილი თანხა, რომელსაც ზოგიერთი ვერც იხდის, საკმარისი არ არის. მით უმეტეს, საქართველოში უმაღლესი ლიგის რამდენიმე კლუბი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე სულდგმულობს და არავინ იცის, მომავალი წლიდან მათ რა ბედი ეწევათ. სხვათა შორის, ზოგიერთი კლუბის ხელმძღვანელის აზრით, ამ საქმეში აჩქარება არ ღირს და მათი პოზიცია გასათვალისწინებელია. ალბათ, ამ ეტაპზე უპრიანია კონსულტაციების გაგრძელება და სწორი გადაწყვეტილების ამის შემდეგ მიღება. თორემ, დაფუძნებას წინ რა უდგას... ცნობისთვის, ოფიციალურად პროფლიგაც არ გაუქმებულა და მისი ფუნქციონირება დროებითაა შეჩერებული, ისევე როგორც მისი ბოლო პრეზიდენტის, გია ფირცხალავას უფლება-მოვალეობა.

 

ლაშა თაბაგარი

0.126031