იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი ესპანეთთან ამხანაგური მატჩის გამართვით კმაყოფილი არაა.
“ძალიან ძლიერ მეტოქეს ვუპირისპირდებით, რომელიც ამ თამაშს სრულ მზადყოფნაში ხვდება.
უკეთესი იქნებოდა, თუ ეს თამაში არ გაიმართებოდა, მაგრამ ორგანიზატორებმა ასე გადაწყვიტეს. რატომ არ მინდა ესპანელებთან შეხვედრა? იმიტომ, რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, მათ მსოფლიოს ჩემპიონატზე აუცილებლად დავუპირისპირდებით.
გარდა ამისა, გულშემატკივართა დამოკიდებულებაც მაღელვებს. თუ მოვიგეთ, ისინი ჩათვლიან, რომ უკვე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ვართ. წაგებას კი კატასტროფად მიიჩნევენ.” – ციტირებს პრანდელის სიტყვებს Football Espana.
ესპანეთი და იტალია ერთმანეთს ამხანაგურად 5 მარტს დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატს, ეს გუნდები ერთმანეთს 1/4-ფინალში იმ შემთხვევაში შეხვდებიან, თუ ორივე მათგანი ჯგუფში პირველ ან მე-2 ადგილს დაიკავებს და ისინი 1/8-ფინალურ ეტაპსაც დაძლევენ.