ფეხბურთი

17:09 | 9.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიაში განგაშის ზარებია

 

პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ასპარეზობა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. თუმცა, ესპანეთის, იტალიისა და ინგლისის კრახის ფონზე, შედარებით ნაკლები მოხვდა ბენტუს გუნდს. მაშინ პორტუგალიაში ხან მწვრთნელს აბრალებდნენ განცდილ კრახს, ხან სუსტ შემადგენლობას, ხანაც რონალდუს ტრავმას.

მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებიდან ორი თვე გავიდა. პორტუგალიას სუსტ ალბანეთთან ჰქონდა სათამაშო. ამიტომაც, ბენტუმ რონალდუს დასვენების საშუალება მისცა და რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშეს უხმო. ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რაც ავეიროში მოხდა. გასაგებია, რომ კრიშტიანო უდიდესი ძალაა პორტუგალიისთვის, მაგრამ ალბანეთთან წაგება უკვე მეტისმეტია.
აღნიშნულ შეხვედრაში პორტუგალიას ყველაფერი აკლდა – ჟინი, მონდომება, გუნდურობა, სანახაობა... გამოირჩეოდა მხოლოდ რამდენიმე ცალკეული მოთამაშე, მონდომებული იყვნენ დებიუტანტები: ანდრე გომეში, ივან კავალიერო და ჰორტა, მაგრამ მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელების მონდომება არასაკმარისია.
რონალდუს გარდა, ბენტუს განკარგულებაში ძალიან ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელია, რომლებიც ისეთ კლუბებში ირიცხებიან, როგორებიცაა: “რეალი”, “ვალენსია”, “მონაკო”, “ბენფიკა”, “სპორტინგი”, “პორტო” და ა.შ.
და საპირისპიროდ, რა შეგვიძლია ვთქვათ ალბანელებზე? ვის შესახებ ვფლობთ ინფორმაციას მათი ნაკრებიდან? ბერიშა, კანა, ხაკა და კაპლანი? ბევრს არც ამ მოთამაშეების შესახებ ექნება გაგონილი. რამდენიმე საშუალო დონის და უმეტესად დაბალი კლასის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდთან შერცხვა პორტუგალია, რასაც ლოგიკური შედეგი მოჰყვა – “ესტადიო მუნიციპალ ავეიროზე” თეთრი ცხვირსახოცები გამოჩნდა. ყველამ იცის თუ რას ნიშნავს ეს – გულშემატკივარი პაულო ბენტუს წასვლას მოითხოვდა, რომელმაც მატჩის დასრულების შემდგომ თავხედურად განაცხადა, რომ მის გუნდს არ გაუმართლა და წაგებას არ იმსახურებდნენ.
მრავალი ხარვეზისა და პრობლემის მიუხედავად, პორტუგალიის ნაკრების მდგომარეობას მთლად უიმედოს ვერ დავარქმევთ. ახლა მთავარი თაობათა ცვლის პროცესია, რომელიც რაც შეიძლება უმტკივნეულოდ უნდა გადაიტანოს ნაკრებმა.
მეკარის მხრივ პრობლემა ნაკლებადაა. რუი პატრისიო და ბეტო მაღალი დონის მეკარეები არიან და მათი ჩანაცვლება საჭირო არაა.
გადასახალისებელია დაცვის ხაზი. კონკრეტულად რომ ვთქვათ, პეპეს ახალი მეწყვილე სჭირდება. ბრუნო ალვეშიცა და რიკარდო კოშტაც ასაკში არიან და მოვალეობას ვეღარ ართმევენ თავს. პორტუგალიელები აქაც მშვიდად უნდა იყვნენ, რადგან ძალიან ნიჭიერი მცველი რუბენ ვეზო ეზრდებათ, რომელიც მხოლოდ 20 წლისაა და უკვე “ვალენსიას” ძირითადშია. რუბენი ალბანეთთან მატჩისთვის გამოძახებული იყო, მაგრამ თამაში არ მოუწია.
მარცხენა ფლანგზეა პრობლემა ნაკლებადაა - კოენტრაო დაკისრებულ მოვალეობას კარგად ართმევს თავს. აი, ჟოაო პერეირა კი, რომელსაც მარჯვენა ფლანგი აბარია, ნელნელა ასაკში შედის და მისი ჩანაცვლების დროც მალე მოვა. “ლუზიტანებს” ძალიან ნიჭიერი მარჯვენა მცველი ჟოაო კანსელო ეზრდებათ, რომელიც ამ ზაფხულს “ბენფიკადან” “ვალენსიაში” გადავიდა. ჟოაო ძალიან სწრაფი მოთამაშეა და კარგად ერთვება შეტევაში. პორტუგალიურ პრესაში ძალიან აქებენ და მისი დიდი იმედი აქვთ.
ცენტრალური ნახევარდაცვის ხაზში, რაულ მეირელეში, მიგელ ველოსო და ჟოაო მოუტინიო დიდი ხნის განმავლობაში შეუცვლელნი იყვნენ, მაგრამ უილიამ კარვალიოსა და ანდრე გომეშის გამოჩენის შემდგომ მათ უკანა პლანზე მოუწევთ გადანაცვლება. კარგი ფეხბურთელია ადრიენ სილვა, რომელიც ვეზოს მსგავსად პირველად იყო გამოძახებული, მაგრამ თამაში არც მას მოუწია.
ერთ ფლანგზე რონალდუს წყალობით არავითარი გართულება არ აწუხებს პორტუგალიას, მაგრამ მეორე პრობლემატურია... ამის პირველი მიზეზი ლუიშ ნანის ცუდი ფორმაა, ვეირენია აშკარად არ აკმაყოფილებს პორტუგალიის დონეს, ხოლო რიკარდო ჰორტას ჯერ დრო სჭირდება. 19 წლის ვინგერს, ეტყობა, რომ ნიჭიერია, ალბანეთთან მატჩში ძალიან კარგად გამოვიდა შეცვლაზე და ხარიხა რომ არა, ლამაზ გოლსაც გატანდა, თუმცა ჰორტა ჯერ ძალიან გამოუცდელია და სტაბილურად მაღალ დონეზე თამაში შესაძლოა გაუჭირდეს.
და ბოლოს მივადექით ყველა პრობლემატურ ამპლუას პორტუგალიის ნაკრებში – ცენტრალური თავდამსხმა, პოზიცია, რომელშიც არნახულად უჭირს გუნდს. ელდერ პოშტიგა, უგო ალმეიდა და ედერი ბევრი არაფრის მაქნისები რომ არიან, ამაში მსოფლიოს ჩემპიონატზეც დავრწმუნდით. დიდ იმედს ამყარებდნენ ნელსონ ოლივეირაზე, მაგრამ მისი კარიერა აშკარად არ წარიმართა მოლოდინისამებრ. “ბრაგას” ფორვარდ ტიბაზე რთულია რაიმეს თქმა, რადგან უკვე 26 წლისაა და ჯერაც არ ჩაუტარებია ნაკრებში თამაში, ხოლო “დეპორტივოელი” ივან კავალიერო ახალგაზრდაა და ვერც იმას ვიტყვით, რომ ძალიან კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბსოლუტურად ყველა ამპლუის განხილვისას, პორტუგალიის ნაკრებში ნიჭიერი ან მზა ძლიერი მოთამაშე ჩანს, გარდა თავდამსხმისა - ნუნო გომეშისა და პაულეტას დონის ფორვარდი არ ჰყავთ და დღევანდელი გადმოსახედიდან არც ეზრდებათ.
მწვრთნელის საკითხს რაც შეეხება, ბენტუ არც აქამდე ეხატებოდათ გულზე, მუნდიალზე განცდილი კრახის გამო და ახლა ალბანეთთან შერცხვენა ბოლო წვეთი იყო. როგორც ზემოთ ითქვა, ქომაგებმა მას თეთრი ცხვირსახოცი უფრიალეს და მისი წასვლა მოითხოვეს!..


ირაკლი ალიმბარაშვილი

0.119857