რაგბი

13:56 | 12.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიამ სერიასთან არ მიგვიშვა

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები 2013/14 წლების მსოფლიო სერიებში ვერ ითამაშებს. ინგლისის დედაქალაქ ლონდონში მიმდინარე 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერიის მომავალი გათამაშების დასკვნითი შესარჩევი ტურნირის 1/4-ფინალში, როგორც მოსალოდნელი იყო, პორტუგალიამ საქართველოს 17:5 აჯობა და ტურნირიდან გამოთიშა.

ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაშის წაგების შემდეგ (შოტლანდიასთან 0:29, ჰონკონგთან 12:17, ზიმბაბვესთან 14:19), “ბორჯღალოსნებმა” რვა გუნდს შორის ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენეს და მეოთხედფინალში მეტოქედ საუკეთესო შედეგის მქონე პორტუგალია ერგოთ, რომელიც ევროპის არაერთგზის ჩემპიონია 7-კაცა რაგბში და მსოფლიო სერიებშიც რეგულარულად მონაწილეობს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ალანიამ პორტუგალიასთან მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო: კობახიძე, ძნელაძე, გეგენავა, ხმალაძე, მახარაშვილი, ჯიმშელაძე, შარიქაძე. შეცვლებზე კი, ფრუიძე, ცერცვაძე და გოგოლაშვილი შევიდნენ.

საქართველოს ნაკრებმა თამაში დაბნეულად დაიწყო, საკუთარ ნახევარზე გადაცემებისას რამდენიმე შეცდომა დაუშვა. საბოლოოდ, ჩვენსავე 22-ში ბურთი მეტოქეს ჩაუვარდა და პედრო ლეალმა პრაქტიკულად არაფრისგან ლელო გაგვიტანა. მე-4 წუთზე მეტოქემ უკვე საკუთარი ნახევრიდან წამოიწყო კარგი შეტევა და ის მეორე ლელოთი დაასრულა. გარდასახვები არაზუსტი იყო და ტაიმი 0:10 დასრულდა.

მეორე ნახევარი ქართველებმა კვლავ არეულად დაიწყეს. პირველ წუთზე დაშვებულ შეცდომას ლელო არ მოჰყვა, მაგრამ მე-3 წუთზე, როდესაც შეტევის ხელდახელ წამოწყება პრაქტიკულად ჩვენსავე ნახევრიდან გადაწყდა, ჩათვლის მოედნიდან სამიოდე მეტრში ჩახურვისთვის დავჯარიმდით. პორტუგალიელებმა გადაწყობა არ გვაცალეს, ჯარიმა სწრაფად გაითამაშეს და მესამე ლელო გაიტანეს, რასაც ამჯერად ზუსტი გარდასახვაც მოყვა.

შეხვედრის დასრულებამდე 2,5 წუთი რჩებოდა, როდესაც მეტოქე სინბინით დაისაჯა. 7-მა ქართველმა მეტობა გვიან გამოიყენა, თორნიკე ცერცვაძემ ბოლო მცველი გადაჯეგა და ლელო გაიტანა. შავლეგ მახარაშვილს გარდასახვა გაუფუჭდა, მაგრამ რომც გაეტანა, აღარაფერი შეიცვლებოდა, რადგან დრო უკვე ამოწურული იყო და მატჩი თამაშის განახლებისთანავე დასრულდა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ლონდონის 7-კაცაზე 4 თამაში გამართა და ოთხივეში დამარცხდა. ახლა ნაკრებს 8-9 ივნისს, ევროპის გრან პრიზე, ლიონის ეტაპი ელის, ივლისში კი, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გასამართი მსოფლიო თასი.

რაც შეეხება ლონდონის 7-კაცას, მეოთხედფინალში დამარცხებულები გათამაშებას გამოეთიშებიან, ნახევარფინალში გამარჯვებულები მსოფლიო სერიების საგზურს მიიღებენ და ფინალი აღარც შედგება, ნახევარფინალში დამარცხებულები კი, ბოლო, მესამე საგზურისთვის იბრძოლებენ.

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები ლონდონში ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ირაკლი გეგენავა (“ლელო”, თბილისი), ალეკო ხუციშვილი (“არმაზი”, თბილისი), თორნიკე ცერცვაძე (“ლელო”, თბილისი), მერაბ შარიქაძე (“აკადემია”, თბილისი), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), ლევან გოგოლაშვილი (“არმია”, თბილისი), გიორგი ჯიმშელაძე (“არმია”, თბილისი), ბახვა კობახიძე (“არმია”, თბილისი), ირკლი ღვინჯილია (“ლოკომოტივი”, თბილისი), შავლეგ მახარაშვილი (“ბათუმი”, ბათუმი), გიორგი ფრუიძე (“აია”, ქუთაისი), ზურაბ ძნელაძე (“აია”, ქუთაისი).

მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია

 

7-კაცა რაგბის მსოფლიო სერიის შესარჩევი ეტაპი

12 მაისი. ლონდონი. ინგლისი. 1/4-ფინალები

პორტუგალია (1) - საქართველო (8) 17:5

ჰონკონგი (4) - ესპანეთი (5) 14:29

ზიმბაბვე (3) - რუსეთი (6) 7:26

შოტლანდია (2) - ტონგა (7) 31:0

ნახევარფინალები

პორტუგალია - ესპანეთი

რუსეთი - შოტლანდია

 

 

0.115952