საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა პოლ პოგბამ იტალიის სერია A-ს გათამაშების პირველ წრეში “იუვენტუსის” ღირსება 17-ივე შეხვედრაში დაიცვა და 5 გოლიც გაიტანა. პოლი 20 წლისაა, თუმცა, უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილების ფეხბურთელია, ამასთან სპეციალისტებიცა და გულშემატკივრებიც პოგბას შემდგომ პროგრესს ელიან.
- 16 წლისა “მანჩესტერ იუნაიტედში” მოხვდით. რატომ არ დარჩით “ოლდ ტრაფორდზე”?
- სერ ალექს ფერგიუსონის მეთვალყურეობით ვარჯიში უდიდესი გამოცდილებაა. შოტლანდიელი სპეციალისტი კარგად ხედავს და გრძნობს ნებისმიერი ფეხბურთელის თავისებურებას, მოთამაშეს განვითარებასა და პროგრესის მიღწევაში უწყობს ხელს. თუკი რამეს მივაღწიე, ფერგიუსონის დიდი დამსახურებაა. ამასვე იტყვის სერ ალექსის ხელში გამოვლილ ფეხბურთელთა რამდენიმე თაობის აბსოლუტური უმრავლესობა.
- იტალიაში გადასვლა ფერგიუსონმა გირჩიათ?
- მან მითხრა, რომ ინგლისში რასიზმის მხრივ პრობლემა შემექმნებოდა, მტკივნეული საკითხის თავიდან აცილება მირჩია.
- ფერგიუსონს დაეთანხმეთ?
- არა, ინგლისთან მიმართებაში ჩვენი თვალსაზრისი ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ალბიონზე უფრო სხვა სახის სირთულეს წავაწყდი. ენის არცოდნის გამო ადაპტირება მეტად გამიჭირდა. რასიზმს რაც შეეხება, ამ ჭირისგან დაზღვეული არსად არავინაა. მაგალითად, ჯონ ტერი და ლუის სუარესი ევრას მუდმივად უწოდებდნენ ზანგს. როდესაც “იუვენტუსის” გულშემატკივრები თავიანთი შეძახილებითა და სიმღერებით მოწინააღმდეგის ფეხბურთელების კანის ფერს ახსენებენ და აქილიკებენ, ამით ტკივილს მეც მაყენებენ.
- თქვენ ყურადღების ცენტრში ხართ. ჟურნალისტები და ქომაგები ყოველ ნაბიჯს სკურპულოზურად აკვირდებიან...
- მათ ერთი რამ არ ესმით – ნებისმიერი ადამიანი ცხოვრების სტილის არჩევაში თავისუფალია. ჩვენ ფულს კი არ ვიპარავთ, სისხლითა და ოფლით გამოვიმუშავებთ. თუკი ძვირადღირებულ ავტომობილს შევიძენ, ამისთვის არავინ უნდა მისაყვედუროს.
- იტალიურ ფეხბურთზე რას გვეტყვით?
- კალჩო ტაქტიკურად უფრო მეტადაა გამართული, ვიდრე ინგლისური ფეხბურთი, ამასთან აპენინის ნახევარკუნძულზე ფეხბურთელები ფიზიკურად უფრო მძლავრები არიან, ვიდრე საფრანგეთში. სადღეისოდ, იტალიურ ფეხბურთს აკნინებენ. ბოლოს და ბოლოს, სერია A განსაკუთრებული ჩემპიონატია.
- 2014 წელს პირველი მატჩის გამართვა “რომას” წინააღმდეგ მოგიწევთ. რა შეფასებას მისცემდით რუდი გარსიას? მისმა შედეგმა “რომას” თავკაცის პოსტზე გაგაკვირვათ?
- გარსია მოქნილი ადამიანი და მწვრთნელი აღმოჩნდა. სხვაგვარად რომში ადაპტირებას ვერ შეძლებდა.
- თქვენთვის ტურინის “იუვენტუსი” უპირველესად რაა?
- “ბიანკონერი” ჩემთვის ზინედინ ზიდანთან, დავიდ ტრეზეგესა და პაველ ნედვედთან ასოცირდება. ეს ფეხბურთელები ტალანტით, სათამაშო დისციპლინითა და კოლექტიური სულით გამოირჩეოდნენ. ძალიან დამწყდა გული, ჩემპიონთა ლიგას რომ გამოვეთიშეთ, თუმცა, მომავალ სეზონში “იუვე” გაცილებით წარმატებით გამოვა. მანამდე კი მსოფლიოს ჩემპიონატია...