სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

11:38 | 2.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

პოლ ჯორჯმა და "ინდიანამ" სერიაში ანგარიში გაათანაბრეს - 3:3

 

აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის რიგით მე-6 მატჩში "ინდიანა პეისერზმა" საკუთარ არენაზე "მაიამის" უმასპინძლა და ძალზედ დამაჯერებელ სტილში 14-ქულიანი სხვაობით გაიმარჯვა - 91:77.

მატჩის წინ ორივე გუნდს სერიოზული პრობლემები გააჩნდა - ნბა-ს სადისციპლინო კომიტეტმა "მაიამის" სათადარიგო წინახაზელ კრის ანდერსენს დისკვალიფიკაცია მისცა წინა შეხვედრაში ატეხილი ჩხუბისთვის, ხოლო "პეისერზის" მძიმე ფორვარდ ვესტს მცირე ტრავმა აწუხებდა და საეჭვო იყო მისი თამაში, თუმცა ფრენკ ვოგელმა მაინც გარისკა და დევიდი კვლავ სასტარტო ხუთეულში გაამწესა.

შეხვედრის პირველი ნახევარი უშეღავათო ბრძოლაში გაილია, რომელშიც მცირე უპირატესობას მოქმედი ჩემპიონები ფლობდნენ. "მაიამის" რიგებში გამორჩეული ლებრონ ჯეიმსი გახლდათ 14 ქულით, ხოლო მასპინძელთა შორის - როი ჰიბერტი (13 ქ) და პოლ ჯორჯი (13 ქ).

ერიკ სპოელსტრას დამოძღვრილებმა მეორე მეოთხედის ბოლო წამებზე მოახერხეს ბურთის ჩაჭრა, სწრაფ კონტრშეტევაზე გაიქცა ნორის კოული, რომელმაც საბოლოოდ ლებრონს უპასა და ამას აღარ გასჭირვებია "სლემ დანქით" პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება "ჰიტის" სასარგებლოდ - 40:39.

მესამე პერიოდში "ინდიანამ" სრული კონცენტრაცია მოახდინა და სათამაშო ტემპი დააგდო. "მაიამის" კალათბურთელებს მასპინძელთა დაცვის რამდენიმე ეტაპის გავლა უწევდათ, რასაც ხშირ შემთხვევაში წარმატებით ვერ უმკლავდებოდნენ. სამაგიეროდ, "პეისერზის" რიგებიდან შეტევაში კიდევ ერთხელ "აფეთქდა" წლის ყველაზე პროგრესირებადი მოთამაშე – პოლ ჯორჯი, რომელმაც როგორც შორი, ასევე საშუალო დისტანციებიდან დაიწყო მეტოქის კალათის "დაბომბვა". ჯორჯ ჰილმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ბურთი ჩააგდო და "ჰიტიც" ორციფრიანი ჰანდიკაპით ჩამორჩა მეტოქეს. სამწამიან ზონაში სრული დომინაცია აიღეს როი ჰიბერტმა და დევიდ ვესტმა, რომელთაც ამჯერადაც ძალიან იოლად მოუგეს პირადი დუელი სტუმართა "მაღლებს" - ამ ფაქტორთა გათვალისწინებით გასაკვირი ნამდვილად არ გახლდათ, რომ "ინდიანამ" მესამე პერიოდი 29:15 მოიგო და 13-ქულიანი ჰანდიკაპით შეხვდა უკანასკნელ მეოთხედს.

"ჰიტმა" გაიბრძოლა... სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა მაიკ მილერმა 40 წამში ზედიზედ 2 შორეული ტყორცნა გამოიყენა, ლებრონ ჯეიმსმა სამწამიანი ზონიდან ჩააგდო და თითქოს მატჩში ინტრიგაც დაბრუნდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ისევ პოლ ჯორჯმა აიღო ლიდერობა საკუთარ თავზე, მან ჯერ ზუსტი სამქულიანით გაზარდა უპირატესობა, ხოლო შემდეგ შესანიშნავად უპასა როის. ამ ეპიზოდების შემდეგ სხვაობა მხოლოდ იზრდებოდა "პეისერზის" სასარგებლოდ. საბოლოოდ 91:77 და "ინდიანამ" სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 3:3. ყველაფერი ზეგ დილას, "მაიამის" American Airlines Arena-ზე გადაწყდება.

მატჩის MVP პოლ ჯორჯი გახდა 28 ქულით, 8 მოხსნით და 5 პასით, მორიგი ორმაგი დუბლები გაიფორმეს საკუთარ ანგარიშზე დევიდ ვესტმა (11 ქულა, 14 მოხსნა) და როი ჰიბერტმა (24 ქულა, 11 მოხსნა). შედეგიანი გახლდათ ჯორჯ ჰილიც, რომელმაც თამაშიდან 50%-იანი ნიშნულით ისროლა და 16 ქულაც დააგროვა. დამარცხებულთა შორის მხოლოდ ჯეიმსის გამორჩევა თუ შეიძლება, რომელიც მარტო ებრძოდა მეტოქეს - 29 ქულა, 7 მოხსნა,  6 პასი. "მაიამის" ვარსკვლავური შემადგენლობიდან სხვა ვერცერთმა კალათბურთელმა შეძლო თუნდაც 10-ქულიან ზღარს გადასცდენოდა.

 

ინდიანა - მაიამი 91:77 (21:23, 18:17, 29:15, 23:22)

ინდიანა: ჰილი (16), სტივენსონი (4), ჰიბერტი (24+11მ), ვესტი (11+14მ), ჯორჯი (28+8მ+5პ); ოგუსტინი (2), იანგი (3), მაინმი (3), ჯონსონი

მაიამი: ჩელმერსი (10), ვეიდი (10), ბოში (5), ჰასლემი, ჯეიმსი (29+7მ+6პ); კოული (9), ენტონი (2), ალენი (6), ბეტიე, მილერი (6), ლუისი

სერიაში ანგარიში 3:3

 

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.287283