ფეხბურთი

14:41 | 4.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

პოგბა – Golden Boy-ს გამარჯვებული

იტალიურმა TuTtosport-მა გამოაცხადა 2013 წლის Golden Boy-ს გამარჯვებული – პოლ პოგბა წლეულს საუკეთესო იყო. ეს ინდივიდუალური ტიტული იტალიურმა გამოცემამ 2003 წლიდან დააწესა და გადაეცემა 21-წლამდე ფეხბურთელს, რომელმაც ის წელიწადი ყველაზე ძლიერად ჩაატარა.

ერთი პირობა: ერთ ფეხბურთელს თუ მოგებული აქვს ტიტული, შემდეგ აღარ აძლევენ. მაგალითად, ლეო მესის ერთხელ აქვს – 2005 წელს.

წლევანდელ კანდიდატებს შორის რამდენიმე ფავორიტი იყო გამოკვეთილი: რომელუ ლუკაკუ ("ევერტონი"), პოლ პოგბა ("იუვენტუსი"), იულიან დრექსლერი ("შალკე"), რაფაელ ვარანი ("რეალი"), ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი ("არსენალი").

პოგბა 2013 წლის გამარჯვებულია: ტურინის "იუვენტუსის" 20 წლის ფრანგმა საყრდენმა ნახევარმცველმა წლეულს იტალიის სკუდეტო, იტალიის სუპერთასი და 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. ამასთან, პოგბა დამკვიდრდა საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში და ახლა უკვე სასტარტო თერთმეტეულის ფეხბურთელად ითვლება: 7 მატჩი ჩაატარა და 1 გოლიც გაიტანა.

შეხსენებისთვის, პოგბა 2012 წელს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" შეიძინა "ბებერმა ქალბატონმა".

აქვე, ტიტულის ყველა მფლობელი:

2003 – რაფაელ ვან დერ ვაარტი, 2004 – უეინ რუნი, 2005 – ლეო მესი, 2006 – სესკ ფაბრეგასი, 2007 – სერხიო აგუერო, 2008 – ანდერსონი, 2009 – პატო, 2010 – მარიო ბალოტელი, 2011 – მარიო გიოტცე, 2012 – ისკო, 2013 – პოლ პოგბა.


 

თეგებიპოლ პოგბა
0.180853