ძიუდო

17:34 | 17.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

პლუს სამი მედალი ძიუდოისტებისგან

 

ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მეორე დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა კიდევ სამი მედალი მოიპოვეს – 1 ოქრო და 2 ბრინჯაო.

ერეკლე არხოზაშვილის (55 კგ) გაჩემპიონებიდან ერთ დღეში უტრეხტული კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე გიორგი კაციაშვილი (60 კგ) ავიდა, ხოლო სიმონ მამარდაშვილმა (66 კგ) და მარიამ ჯანაშვილმა (52 კგ) მესამე ადგილები დაიკავეს.

კაციაშვილმა ოქროს გზაზე ხუთი მეტოქე დაამარცხა და ხუთივე სუფთად. ებრაელ დანიელ ბენ დავიდს წუთნახევარში შეუსრულა წმინდა გდება, შვედ მუსტაფა აბუ-პამადანს ზუსტად სამ წუთში აუღო ორი ვაზარი. პორტუგალიელ დავიდ რეისს, აზერბაიჯანელ ჰიდაიატ ჰეიდაროვსა და ბელარუს დმიტრი მინკუს საერთო ჯამში ხუთი წუთი აკმარა.

მამარდაშვილმაც ბრწყინვალედ დაიწყო – დანიელი მარკუს ფრერი და სლოვაკი მარტინ ბეჩიკი იპონ-იპონ ჩამოიცილა, სომეხ ალბერტ მკრტჩიანს მხოლოდ გაფრთხილებით აჯობა, ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში კი რუსეთის ნაკრების წევრ ისმაილ ჩასიგოვთან ვეღარას გახდა და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც ბრინჯაოს წერტილი შვედ რასმუს დეკარტის დაიპონებით დასვა. ჩაგისოვი კი მოგვიანებით ჩემპიონი გახდა.

ქართული დელეგაციის მედროშემ, იუნიორებს შორის ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა მარიამ ჯანაშვილმაც ნახევარფინალში დაკარგა ოქრო-ვერცხლის შანსი. მანაც მომავალ ჩემპიონთან, ფრანგ გვინელ პატინთან წაგებით. იქამდე თავად ჩამოიშორა იპონ-იპონ ესპანელი სონია მონტერო გონზალესი, უკრაინელი ირინა სკოპიჩი და ბელგიელი მერინე ბაუმანსი. რეპეშაჟის ფინალში კი მორიგი სუფთა გამარჯვება გერმანელ ლაურა აკერმანთან მოიპოვა.

დღესვე ჰოლანდიურ ტატამზე გურანდა შოთაძეც (57 კგ) გავიდა, მაგრამ პირველსავე მეტოქესთან – ჰოლანდიელ ჰილდე იაგერთან დამარცხდა.

ძიუდოში მედლები ოლიმპიურ ფესტივალზე ხვალ და ზეგაც გათამაშდება. საქართველოს სახელით კი თამაზ კირაკოზაშვილი (73 კგ), იესო კვირიკაშვილი (81 კგ), გიორგი გველესიანი (90 კგ), გიორგი ძებისაშვილი (+90 კგ) და მარიამ ჯანაშვილის უმცროსი და – ხატია ჯანაშვილი (63 კგ) იჭიდავებენ.

0.126142