საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სომხეთის ქალაქ ვანაძორში, მსოფლიოს ჩემპიონ სტეპან სარგისიანის სახელობის ტურნირზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.
გიორგი ედიშერაშვილისა (55 კგ) და გიორგი საკანდელიძის (120 კგ) ოქროს, დავით მარსაგიშვილის (84 კგ) ვერცხლის და ლევან ქელეხსაშვილისა (66 კგ) და დავით მოძმანაშვილის (120 კგ) ბრინჯაოს მედლებს დღეს თავისი წილი ბრინჯაოები ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (60 კგ), გიორგი სანოძემ (74 კგ) და ზურაბ ახობაძემ (96 კგ) მიამატეს.
ხინჩეგაშვილმა ჩემპიონობისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი ნახევარფინალში დაკარგა, რუსეთის ნაკრების უხვტიტულა წევრ ბესიკ კუდუხოვთან წაგებით. ამ უკანასკნელმა ქართველი მოჭიდავის ძლევის შემდეგ ფინალში აღარ იჭიდავა და ოქროს მედალი სომეხ აშოტ ტერტერიანს უბრძოლველად დაუთმო. სანოძე ძირითად ბადეში საწყის ეტაპზევე ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონს, ამერიკელ ჯორდან ბაროუზს დაუპირისპირდა და ვერას გახდა. სომხური ტურნირი სწორედ ბაროუზმა მოიგო.
96 კილოგრამის რეპეშაჟის ფინალში კი ახობაძემ თანაგუნდელ ომარ გუსოშვილს სძლია და მეხუთე ადგილს დააჯერა. ამავე წონაში, ასევე მეხუთეზე გავიდა დავით ქერაშვილი.
სარგისიანის მემორიალი საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთათვის მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელ გეგმაში შეტანილი ბოლო შეჯიბრება იყო. სეზონის უმთავრესი ტურნირი კი 16-22 სექტემბერს ბუდაპეშტში გაიმართება და იქამდე ქართული გუნდი ორ შეკრებას გაივლის.