ძიუდო

17:00 | 3.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

პლუს 10 ხელმოწერა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობამ დღეს ძიუდოისტთა ნაკრებს უმასპინძლა. სეოკ-ის ოფისში გამართული პრესკონფერენციის მთავარი მიზეზი ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიანტთა სიმბოლურ დაფაზე მორიგი ათი ხელმოწერის დაფიქსირება იყო. შეგახსენებთ, ოლიმპიადის სალიცენზიო მარათონი გასულ კვირას, ევროპის ჩემპიონატით დაგვირგვინდა და საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა საბოლოოდ გაინაღდა შვიდივე წონითი კატეგორიის ლიცენზია. სამ წონაში კი ოლიმპიური ნორმატივი სულაც ორ-ორმა სპორტსმენმა შეასრულა.
„მინდა ძიუდოისტთა ნაკრებს რამდენიმე დღის წინათ რუსეთში გამართულ კონტინენტის პირველობაზე მიღწეული წარმატება მივულოცო. როგორც პირადში, ასევე გუნდურში ჩინებულად იასპარეზეს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ასეთი დაბალანსებული გუნდი ძიუდოში წინა ორ ოლიმპიადაზე ათენსა და პეკინში არ გვყოლია. თითოეულ სპორტსმენს აქვს შეუძლია, ლონდონში მედლისთვის იბრძოლოს. ბიჭებმა ლიცენზიები უპრობლემოდ მოიპოვეს, როგორც აღვნიშნეთ ევროპის ჩემპიონატზეც  შესანიშნავი შედეგი აჩვენეს და ვფიქრობ ოლიმპიადასაც კარგი განწყობით შეხვდებიან. ლონდონამდე უკეთ მოსამზადებლად დრო კიდევ არის და მჯერა სამწვრთნელო შტაბი ყველაფერს გააკეთებს, რათა ნაკრები ოლიმპიურ თამაშებს საშეჯიბრო ფორმის პიკში შეხვდეს“ - განაცხადა გია ნაცვლიშვილმა.
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ალექსიძემ სპორტულ სტრუქტურებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ლონდონში პიტერ ზაიზენბახერის გაწვრთნილი გუნდი წარმატებულად გამოვა. მისივე თქმით, მოსამზადებელი გეგმა მისხალ-მისხალაა გაწერილი, ამაღამ კი გუნდი შეკრებაზე ალჟირში მიემგზავრება.
საქართველოს ნაკრები ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებელ ციკლში ალჟირის გარდა შეკრებებს იაპონიაში (ორჯერ), სამხრეთ კორეაში, ჩეხეთსა და ესპანეთშიც გაივლის. ზაიზენბახერი უცხოეთში მხოლოდ ლიცენზიანტებს იახლებს. დასკვნით ორკვირიან შეკრებას კი ივლისში, დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე გაატარებს. სავარაუდოდ სწორედ დუშეთში გამოაცხადებს ავსტრიელი სპეციალისტი, თუ ვინ გაემგზავრება ლონდონში 60, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში. 60-ში კანდიდატები ამირან პაპინაშვილი და ბეთქილ შუკვანი არიან, 100-ში – ლევან ჟორჟოლიანი და ირაკლი ცირეკიძე, ხოლო +100-ში – ადამ ოქრუაშვილი და ზვიად ხანჯალიაშვილი. დანარჩენ ოთხ წონაში ლიცენზიები ლაშა შავდათუაშვილმა (66 კგ), ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) გაინაღდეს.

დღეისათვის, საართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ჯამში 25 ლიცენზიანტი ჰყავს.
 

ოთარ მაღლაკელიძე

კახა ბერიძის ფოტო

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095016