პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდა ბატუტისტთა შორის, ქართველმა სპორტსმენებმა პროგრამა მინიმუმი შეასრულეს და “ნანჯინგი 2014”-ის ორი საგზური დაისაკუთრეს.
საქართველოს ნაკრები გიმარაეშში 6 სპორტსმენით (4 გოგო, 2 ბიჭი) წარსდგა. ადრეც ავღნიშნეთ, რომ ლიცენზიის მოპოვების უპირველეს ფავორიტად ანა ოდიშვილი მოიაზრებოდა და არცთუ უსაფუძვლოდ. იგი ხომ ჯერ კიდევ მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონია.
ამიტომაც, ანასგან, სულაც საპრიზო სამეულში მოხვედრასაც ველოდით, მაგრამ სპორტში ხომ ყველაფერი ლოგიკას არ ექვემდებარება, მითუმეტეს ისეთ სპეციფიკურ სპორტის სახეობაში, როგორიც ბატუტზე ხტომაა.
ერთი სიტყვით, ანა ოდიშვილი მისთვის უჩვეულო 51-ე ადგილზე გავიდა. 29-ე შედეგი აჩვენა ქრისტინე სორდიამ, ხოლო ყველაზე წარმატებულად თეონა ჯანჯღავამ იასპარეზა და მე-4 ადგილზე გასვლით სწორედ მას ხვდა წილად ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზია.
ვაჟთა შორის თავი ზურაბ ნოზაძემ გამოიჩინა. მის მიერ მოპოვებული მე-5 ადგილი ნანჯინგის ბილეთის დასაბევებლად საკმარისი აღმოჩნდა, რადგან პირველ ოთხეულში ორი რუსი სპორტსმენი მოხვდა, რაც ავტომატურად ერთ-ერთის სალიცენზიო მარათონიდან ჩამოშორებას ნიშნავს. ლაშა გაბაშვილი 49-ე პოზიციით დაკმაყოფილდა.
ამრიგად, დღევანდელი მონაცემებით, ქართველ სპორტსმენთა ყულაბაში 5 ლიცენზიაა. აქამდე ლიცენზიები ძიუდოისტებმა და მოფარიკავე ნიკოლოზ შენგელიამ მოიპოვეს.
www.geonoc.org.ge