უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ერთ-ერთ ესპანურ სპორტულ გამოცემასთან ინტერვიუში “ოქროს ბურთის” კანდიდატებზე ისაუბრა და 2010 წლის გამოკითხვაც გაიხსენა, როდესაც ჯილდოს ლიონელ მესი დაეუფლა. ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელის აზრით, მაშინ საუკეთესოდ რომელიმე ესპანელი უნდა დაესახელებინათ.
“წლეულს სამი გამოკვეთილი პრეტენდენტია: კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი და ფრანკ რიბერი. პირველი ორი უდავოდ უმაღლესი დონის ვარსკვლავები არიან, რიბერიმ კი ყველაფერი მოიგო. ვფიქრობ, საუკეთესოს დასახელება ამჯერად წინა წლებთან შედარებით ძნელია. 2010 წელს კი ჩემი აზრით, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მომგები ესპანეთის ნაკრების წევრი უნდა გამხდარიყო საუკეთესო. ჩავიმ და ინიესტამ ეს აშკარად დაიმსახურეს” – განაცხადა მიშელ პლატინიმ.