ფეხბურთი

17:59 | 21.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“პლასტმასის” მესი

 

ლეო მესი მთელი სისწრაფით მირბის, აქეთ-იქით ჩავი და ინიესტა მიჰყვებიან. მესი ატყუებს ერთ კაცს, მეორეს, მესამეს... მერე პასს ჩავის უგორებს, რომელიც მეკარესთან პირისპირ გასულ არგენტინელს ბურთს უკან უბრუნებს და გოოოლ!!! არის ერთი ჟრიამული, ტაში, სტვენა და უბედურება. ზრიალისგან ლამისაა ჩამოიქცეს ბევრისმომსწრე “კამპ ნოუს” ტრიბუნები... კარგია არა? მეტიც - ძალიან მაგარია! მაგრამ უბედურება ისაა, რომ ახლა კომპიუტერული თამაშის ერთ-ერთი ეპიზოდი მოვყევი და არა ის, რაც ისედაც ხდება და წესით, ყოველთვის უნდა ხდებოდეს.

დაზუსტებით ალბათ ვერასოდეს ავხსნი, თუ რატომ არ მიყვარს და არ მომწონს კომპიუტერში ფეხბურთის თამაში. შეიძლება იმიტომ, რომ მაინც ძველი ყაიდის კაცი ვარ და ეგეთ “ფინთიკლუშკობებს” ვერ შევეგუე. არადა ჩვენს ბავშვობაში პრიმიტიული კომპიუტერული თამაშების ნამდვილი ბუმი იყო და მეც მეგობრებთან ერთად არაერთი ღამე გამიტეხავს კომპიუტერის ხელით სამართავი პულტის წკაპუნში. მოკლედ, ძალიან გამიჭირდება ავხსნა, რატომ არ მომწონს კომპიუტერში ფეხბურთის თამაში, მაგრამ ერთ ამბავს მაინც მოგიყვებით.

ამასწინათ, სამსახურიდან საღამოხანს გამოსულმა, დაღლილ მეგობართან ერთად თბილისის ერთ-ერთ ტოტალიზატორში შევიარე. ფეხბურთების დღე იყო და ცალი თვალით ფსონებისა და მეორეთი ფეხბურთის შეხედვა გვქონდა გადაწყვეტილი. თან ცოტა სასაუბროც გვქონდა და ლუდის დალევასაც ვაპირებდით. ტოტალიზატორის კარიბჭე წესიერად გადალახული არ გვქონდა, რომ შესასვლელთან განთავსებულ უზარმაზარ მონიტორთან მოგროვილი ხალხი შემოგვეფეთა. ამბავი იყო, დედა შვილს არ აიყვანდა ხელში.

შევხედე და თვალებს არ დავუჯერე. როგორც აღმოჩნდა, ეს დიდებული ჯეელები არც მეტი, არც ნაკლები, კომპიუტერულ ფეხბურთს უყურებდნენ და ფსონებიც მასზე დაედოთ. რაღა დაგიმალოთ და, ამ ამბავში განსაკუთრებული და საინტერესო ვერაფერი ვნახე. ცნობილი ფილმისა არ იყოს, ფსონის დადება ფეხბურთზეც გამიგია, რაგბიზეც და ჰოკეიზეც, მაგრამ კომპიუტერულ თამაშზე ფსონის დადება რა უბედურებაა მართლა ვერ ვხვდები... თან მომკალით და ვერაფრით ვერ ვეგუები არარეალურ, ანუ ციფრულ ლეო მესის, რომელსაც მავანი ჯეელი მართვის პულტით თავის გემოზე დაარბენინებს და თუკი გოლი ვერ გაიტანა, კარგა გემრიელადაც აგინებს.

ესეც არ იყოს, ცოტა მოსაწყენი და ერთფეროვანი მეჩვენება ეს სპორტულ-კომპიუტერული თამაშები, მით უმეტეს, როდესაც შენ კი არა, ვიღაც სხვა თამაშობს და ფეხბურთელების თამაშის ხარისხს, მონაცემებს უცნაური რიცხვობრივი მაჩვენებლებით აფასებს.

ბევრი ჩემი მეგობარი და ახლობელია გატაცებული ამგვარი თამაშებით და მათთვისაც არაერთხელ მითქვამს, რომ ძველი თაობის ადამიანები თანამედროვე ფეხბურთს “პლასტმასის სანახაობად” რომ აფასებენ, ეს შეიძლება იმის “დამსახურებაცაა”, რომ ფეხბურთი მართლაც ბიზნესად, ტოტალიზატორულ აზარტად და კომპიუტერულ თამაშად იქცა.

პროგრესისა და კანონზომიერებების წინააღმდეგ ვერავინ წავალთ. არც მე მაქვს იმის ილუზია, რომ კომპიუტერული თამაშები “გვღუპავს”, “გვანადგურებს” და არც მესიანისტური აბდაუბდით ვიღლი ტვინს. მაგრამ, მაინც მგონია, რომ ფეხბურთი ის სანახაობაა, რომელსაც სტადიონზე, ანდა მაქსიმუმ ტელევიზორთან კოხტად ჩამომჯდარმა უნდა უყურო და სადაც ფეხბურთის ჭეშმარიტი ხიბლი – უბრალოება, და ნამდვილობა არ არის, იქ ფეხბურთს არაფერი ესაქმება.

ჩემი მეგობრებისა არ იყოს, ვიცი, მკითხველებს შორისაც ბევრი იქნება კომიუტერული ფეხბურთის მოყვარული ადამიანი. ისიც ვიცი, რომ ბევრი არ დამეთანხმება ყველაფერ იმაში, რაც ზემოთ დავწერე. მაგრამ, ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა და გაგებით თუ მოეკიდებით - ფრიად კმაყოფილი დავრჩები.

0.11362