საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, ევროპის 2012 წლის ჩემპიონი ერეკლე არხოზაშვილი (55 კგ) ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში მიმდინარე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონი გახდა. 55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტმა ოქროს გზაზე ხუთი შეხვედრა მოიგო. პირველ წრეში ბელარუს მაქსიმ ლეშიკს ორი იუკოთი აჯობა, თურქი აბდულატიფ კოპუზი ორ წუთში ორჯერ დააგდო ვაზარზე, იტალიელ ელიოს მანცის სულ რაღაც 23 წამში იუკო, ვაზარი და იპონი შეუსრულა, ჰოლანდიის სახელით მოჭიდავე თორნიკე ჭკადუას ერთით ნაკლები გაფრთხილების ხარჯზე სძლია, ფინალში კი ბრიტანელ პიტერ მილსს 46 წამში დაასრულებინა ოქროზე ფიქრი.
50 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ნიკო ჭიკაიძეს მედლამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა. ძირითად ბადეში მან უკრაინელ არტემ მარტიროსიანს ორწუთნახევარში იუკო და ორი ვაზარი შეუსრულა, ოქრო-ვერცხლის შანსი კი მეოთხედფინალში დაკარგა მასპინძელ მეტის ვან ჰარტენთან გაფრთხილებით წაგების გამო. რეპეშაჟის ნახევარფინალში სომეხ ედვარდ გრიგორიანს მეორე წუთზე მოუმთავრა საქმე. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი უკვე თავად დამარცხდა ორი ვაზარით თურქ ოგუზან კარაჩასთან.
დღესვე ჰოლანდიურ ტატამზე სალომე მარგიანიც (48 კგ) გავიდა, მაგრამ პირველივე წრეში იპონით წააგო ბულგარელ ბენიტა ტემელკოვასთან.
ძიუდოისტთათვის განკუთვნილი დღეები უტრეხტში პარასკევს დასრულდება. იქამდე საქართველოს სახელით იჭიდავებენ: გიორგი კაციაშვილი (60 კგ), სიმონ მამარდაშვილი (66 კგ), თამაზ კირაკოზაშვილი (73 კგ), იესო კვირიკაშვილი (81 კგ), გიორგი გველესიანი (90 კგ), გიორგი ძებისაშვილი (+90 კგ), მარიამ ჯანაშვილი (52 კგ), გურანდა შოთაძე (57 კგ) და ხატია ჯანაშვილი (63 კგ).