სტატიები

19:31 | 7.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

პირველი თურქული შთაბეჭდილებები

თავსხმა წვიმა, მზე, ისევ თავსხმა წვიმა – ასეთი ამინდია თურქეთის კურორტ ბელეკში და მთლიანად, ანთალიის შემოგარენში. თურქეთში შეკრებაზე წასვლა ბათუმის “დინამოსთან” ერთად მომიწია ავტობუსით. მიუხედავად იმისა, რომ წინ 22-საათიანი მგზავრობა გველოდა, განწყობა ხალისიანი იყო. საბოლოოდ, 22 კი არა, 24 საათს გადააჭარბა მგზავრობამ.
ბათუმელებს დიდი მადლობა, მართლაც კარგი მასპინძლობა გამიწიეს და ისე ვიყავი, როგორც გუნდის წევრი. გია გურულსა და სამწვრთნელო შტაბს 25 ფეხბურთელი გაჰყვა, მათ შორის, სანდრო გურულიც. მართალია, სანდრო ჯერ ოფიციალურად არაა “დინამოს” წევრი, მაგრამ დიდი ალბათობით, სეზონს მაინც მშობლიურ კლუბში ჩაამთავრებს. ცნობისთვის, სანდრო ფეხბურთელად საფრანგეთში კი ჩამოყალიბდა, მაგრამ ბათუმშია დაბადებული.
გია გურულს ორი ფეხბურთელის გაშვება მოუწია შეკრების წინა დღეებში: ესენი არიან კობა შალამბერიძე და გიორგი ქუცურუა.
მთლიანობაში, სია ასეთია: ივან პიცანი, რომან ტაკიძე, შოთა მამინაშვილი (მეკარეები); გიორგი ტყეშელაშვილი, მირზა ფარტენაძე, გიგა ჟვანია, ჯემალ გაბუნია, კარენ მაკარიანი, არჩილ ბაჯელიძე, ვაჟა ქორიძე, ზვიად ლობჟანიძე, გელა გოგიტიძე, ალექსანდრე ბაციკაძე, მიხეილ ჯორბენაძე, ირაკლი ცანავა, ბორის მახარაძე, ამირან მუჯირი, ალექსანდრე კოშკაძე, ვალერი თევდორაძე, კახა თოდაძე, ბექა ვარშანიძე, თორნიკე ბერიძე, ნოდარ კიკნაველიძე, ბესიკ ჩიმაკაძე, სანდრო გურული.
ბათუმელები კურორტ ლარას სასტუმრო MIRACLE-ში დაბინავდნენ, სადაც მართლაც მშვენიერი პირობებია. იმავე სასტუმროში არიან პერმის “ამკარი”, რუმინული “ბრაშოვი”, შვეიცარიული “თუნი”, ლიტვური “ატლანტასი”, ბელარუსის “ბელშინა”. თითქმის ბათუმელებთან ერთად მოვიდა შვეიცარიის კიდევ ერთი კლუბი “იანგ ბოიზი”.
“თუნის” ერთ-ერთ წარმომადგენელს სანდრო იაშვილი გავახსენე და ასეთი რეაქცია ჰქონდა: “ოუჰ, სად არის ახლა?”. როცა ვუთხარი, უგუნდოდაა-მეთქი, ხელი ჩაიქნია, შემდეგ კი ცერა თითი ასწია და ჟესტით მაჩვენა, მაგარი ბიჭი იყოო.
ლარას ეს სასტუმრო პირდაპირ ხმელთაშუა ზღვას გადაჰყურებს.
დაიმატებს თუ არა ბათუმის ‘დინამო” ფეხბურთელებს, ეს ჯერ არაა ცნობილი. არაა გამორიცხული, თბილისის “დინამოდან” ორი ფეხბურთელი შეუერთდეთ – ჯერჯერობით, კონკრეტულ მოთამაშეებზე არაა მოლაპარაკება.
ცოტა რამ თურქულ პეიზაჟზეც: პირველი დიდი ქალაქი, რომელიც გამოვიარეთ, ტრაპიზონი იყო, თუმცა ჩვენ სანაპირო ზოლზე მივდიოდით და ტრაპიზონის სილამაზეზე ვერაფერს გეტყვით. არ გავჩერებულვართ, თორემ დარწმუნებული ვარ, შოთა-აჩის ძახილს ვერ ავცდებოდით...
შემდეგ იყო ორდუ, რომელიც ასევე შავი ზღვის პირასაა და როგორც იცით, აქაურ გუნდს საქართველოს ნაკრების ექსთავკაცი ექტორ კუპერი წვრთნის. გავიარეთ სამსუნიც, თუმცა ერთი რამ აშკარად თვალშისაცემი იყო: ყველა ქალაქი ერთმანეთს ჰგავს შენობებით – გახსოვთ, როგორ იწყება ცნობილი რუსული კომედია “ბედის ირონია”? ერთნაირ კორპუსებს რომ აჩვენებენ და მიანიშნებენ, რომ აქ მართლაც არაა გამორიცხული, ნასვამი სხვა სახლს მიადგე.
ერთი ფერის შენობებს თვლა არა აქვს.
ანკარა ყველა ამ ჩამოთვლილ ქალაქზე ლამაზია. აქ უკვე მრავალფეროვნება იგრძნობოდა. ბუნებით ვერ გადაგრევს, მაგრამ ეტყობა, რომ სხვა სიკოხტავე აქვს. ერთიც, რაც თვალში მოგვხვდა (განსაკუთრებით, სანაპიროს ზოლზე ტრაპიზონიდან სამსუნამდე), ბევრი მიწურია. ეტყობათ, რომ არ ულხინთ...
რაც უფრო ვუახლოვდებოდით ანთალიას, მით უფრო ლამაზი გვეჩვენებოდა თურქეთი.
ლარაზე უკვე ვთქვი, დილითვე ბელეკში წავედი და სასტუმრო “ატლანტასში” დავბინავდი. ლარადან ბელეკამდე დაახლოებით ნახევარი საათის სავალი გზაა  მანქანით.
ჩემი დაბინავება და საერთოდ ეს მივლინება კომპანია enda tour-ის დამსახურებაა. ამ კომპანიას კლუბებთან ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული შეკრების მოწყობის მხრივ – ისინი უგეგმავენ ტესტ-მატჩებს, სავარჯიშო და სათამაშო მოედნებზე ანაწილებენ, სასტუმროსაც თავად ჯავშნიან.
სწორედ enda tour-მა ჩაიყვანა ბელეკში ბოლნისის “სიონი”, რომელიც ასევე “ატლანტასშია” დაბინავებული. ბოლნისელებს ხვალ თამაში აქვთ ყაზახურ “ირტიშთან” თურქეთის დროით 17:00 საათზე.

ილია ნანობაშვილი
ანთალიიდან სპეციალურად worldsport.ge-ისთვის

 

0.118035