იყო დრო, ქუთაისში რამდენიმე ტირი ფუნქციონერებდა, რაც აქაურთა შედეგებზეც აისახებოდა. ქუთაისში არაერთი მაღალი კლასის ტყვიის მსროლელი აღიზარდა, მათ შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონები და პრიზიორები, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები და ოლიმპიური თამაშების მონაწილეც. სამწუხაროდ, ბოლო ორ ათწლეულში ქალაქში არსებული ბევრი სხვა სპორტული ბაზის მსგავსად, ტირებიც ისე გაპარტახდა, რომ შეჯიბრებს თავი დავანებოთ, სავარჯიშოდაც უვარგისი გახდა.
ამ ფონზე მართლაც შეუძლებელია გარჯა არ დაუფასდეს ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებას (დირექტორი დავით აბულაძე), რომლის მესვეურთა ძალისხმევით 35-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მდებარე ტირის ძველი ნაგებობის განახლება და კეთილმოწყობა მოხერხდა. სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ორ წელიწადს გაგრძელდა და 60 ათასი ლარი დაჯდა. სროლით დაინტერესებული ქუთაისელი ახალგაზრდების სამსახურში კარგი ბაზა ჩადგა და დღეს აქ, პრეზენტაციასთან ერთად, პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ღვაწლმოსილი დამრიგებლის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ისმაილ გირგვლიანის სახელობის ტურნირი გაიმართა.
განახლებულ ტირში გამართული პირველი ტურნირი ვაჟთა შორის თბილისელმა ლევან ქადაგიძემ მოიგო, მეორე და მესამე პრიზიორები, შესაბამისად, გამარჯვებულის თანაქალაქელები - ცოტნე მაჭავარიანი და ომარ სანოძე გახდნენ.
ქალთა ასპარეზობა, რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, 13 წლის ქუთაისელი ლიზი კილაძის გამარჯვებით დასრულდა, პრიზიორობა კი თბილისელმა მარიამ ბლუაშვილმა და ქუთაისელმა მარიამ ჩაგანავამ ირგუნეს.
აქვე დავძენთ, რომ ცოტნე მაჭავარიანი ოლიმპიური ჩემპიონის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცეპრეზიდენტის ნინო სალუქვაძის ვაჟი გახლავთ, ხოლო მარიამ ჩაგანავა საქართველოს, საბჭოთა კავშირის და ევროპის ჩემპიონის ილია ჩაგანავას ქალიშვილია.
ნინო სალუქვაძე: „სასიხარულო ამბავია. უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში საქართველოში ტირი არ აშენებულა. ქუთაისმა ყველას დაასწრო. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც ტირის განახლებას შეუწყო ხელი. გასვლით შეჯიბრებას, ფაქტობრივად, პირველად ვატარებთ. შევეცადეთ ქუთაისში ყველა ძლიერი მსროლელი ჩამოგვეყვანა. ტურნირის შედეგებით კმაყოფილი ვარ და იმედი მაქვს, მალე ახალ სახეებსაც ვიხილავთ.
კარგი იქნება, თუ ქუთაისს სხვებიც მიბაძავენ. დედაქალაქში (თბილისის ზღვასთან) და ბათუმში კომპლექსური ბაზების მშენებლობაზე ვფიქრობთ, ტირი კახეთშიც გვინდა. ისმაილ გირგვლიანის სახელობის ტურნირს ტრადიციულად ვაქცევთ და ვეცდებით საერთაშორისო სტატუსი მივანიჭოთ“.
კახა ბექაური (საქართველოს ტყვიის სროლის ფედერაციის პრეზიდენტი): „ძალიან კარგი საქმე გაკეთდა. ტყვიის სროლაში დიდი ტრადიციები გვაქვს და იმედია, ასეთი კეთილმოწყობილი ბაზა ხელს შეუწყობს ჩვენი სახეობის აღორძინებას და განვითარებას, მაღალი კლასის სპორტსმენების ჩამოყალიბებას. ქუთაისელ მსროლელებს ფედერაციისგან ყველანაირი ხელშეწყობა ექნება.“