წარმატებულად დაიწყეს მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატი დღევანდელმა მეტოქეებმა. მარტვილელები ერთხანს ლიდერთა სიახლოვეს ტრიალებდნენ, მაგრამ მათი მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ჟვანიას წასვლის შემდეგ გუნდში რაღაც მექანიზმი მოიშალა და ,,მერანი’’ სატურნირო ცხრილის ბოლო საფეხურზე აღმოჩნდა. რაც შეეხებათ ქუთათურებს, მათი ამბავი ყველას კარგად მოეხსენება. კომპანია ,,ვისოლის’’ კლუბიდან წასვლის შემდეგ გუნდი ფაქტობრივად დაიშალა და ,,ტორპედოელთა’’ საშველად მოსულ ძოძუაშვილს პრაქტიკულად ახალი გუნდის შეკრება მოუხდა.
მატჩი საშუალო ტემპში დაიწყო და 10 წუთი ისე მიილია, საინტერესო არაფერი მომხდარა. ორივე გუნდის ფეხბურთელები კომბინაციური ფეხბურთის ჩვენებას ცდილობდნენ, მაგრამ არ გამოსდიოდათ. პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა მე-13 წუთზე შექმნეს. ,,ტორპედოელებმა’’ კარგი კომბინაცია გაითამაშეს და მარკოზაშვილი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანეს, თუმცა რიონისპირელთა ნახევარმცველმა დარტყმას დიდი დრო მოანდომა და მარტვილელთა მცველებმა სიტუაცია განმუხტეს.
მარტვილელთა საპასუხო იერიშს კინაღამ ანგარიშის გახსნა მოჰყვა. მე-18 წუთზე კუჭუხიძემ ქუთათურთა მცველების შეუთანხმებელი მოქმედებით ისარგებლა, მეტოქეს ბურთი პირით ხაზთან აართვა და მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა. სტუმართათვის ბევრად უკეთესი იქნებოდა, რომ კუჭუხიძეს პასი კარის წინ ეულად მდგომი ჩხეტიანისთვის გაეკეთებინა, მაგრამ მარტვილელთა შემტევმა შედარებით ცუდი გაგრძელება აირჩია და პრაქტიკულად ნულოვანი კუთხიდან კარში დარტყმა განახორციელა. ,,ტორპედოელთა’’ გამოცდილი კიპერი მეტოქეს ჩანაფიქრს მიუხვდა, ახლო კუთხე ჩაკეტა და ხიფათი უვნებელყო. მომდევნო 3 წუთის განმავლობაში ისევ კუჭუხიძეს ჰქონდა ზედიზედ ორჯერ თავის გამოჩენის შანსი. პირველ შემთხვევაში იგი საჯარიმოს წინა ხაზიდან ურტყამდა ძლიერად ფონიავას განივი გადაცემის შემდეგ, თუმცა მიზანს კარგა გვარიანი მანძილით ააცილა. მეორეჯერ კი მან ნახევარბრუნში სცადა საჯარიმოს რკალიდან ტექნიკური დარტყმის შესრულება, მაგრამ კვასხვაძემ სწორი პოზიცია შეარჩია და ბურთის დაუფლება არ გასჭირვებია.
ტაიმის უკანასკნელი ათწუთეული ,,ტორპედოელთა’’ ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, თუმცა დროის ამ მონაკვეთში მასპინძელთა აქტივში მხოლოდ ჩიკვილაძის მიერ ორჯერ შესრულებული სტანდარტული თუ ჩაითვლება. პირველად იგი კუთხურიდან აწვდიდა. მამალაძე შეცდა გამოსვლაზე და ბურთს მუშტები ააცილა, თუმცა ვერც ქუთათურებმა ივარგეს და ბურთი პირით ხაზს ისე გადასცდა, მას არავინ შეხებია. მეორეჯერ ჩიკვილაძემ ჩახვეული საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მაგრამ ამჯერად მამალაძე უნაკლოდ გაისარჯა და ბურთის დაუფლება არ გასჭირვებია.
შეხვედრის მეორე ნახევარი შედარებით უკეთესი სანახავი გამოდგა. გარდამავალი უპირატესობის ფონზე მომენტები ხან ერთ კართან იქმნებოდა, ხან მეორესთან. თავიდან მასპინძლებმა შეუტიეს. 49-ე წუთზე ჩიკვილაძის მაღლივ ჩაწოდებულს ტუღუში თავით გამოეხმაურა და ახლო მანძილიდან მეტოქის კარის დალაშქვრა სცადა. მამალაძე მისწვდა ბურთს და კუთხურზე უკუაგდო. კუთხურიდან სტანდარტული ისევ ჩიკვილაძემ შეასრულა. თანაგუნდელს ჩანაფიქრს ყველაზე უკეთ ღონღაძე მიუხვდა. იგი მოწოდებულს მეკარის ბაქანზე დაუხვდა და თავით ბურთს მიმართულება შეუცვალა. ბურთმა კარის ძელს სანტიმეტრებში ჩაუქროლა.
ამის შემდეგ მარტვილელთა ჯერი დადგა. 52-ე წუთზე კუჭუხიძემ მარცხენა ფრთაზე გაილაღა და საჯარიმოს მიახლოებულმა ძლიერად გაისროლა. ბურთი ასცდა მიზანს. 56-ე წუთზე კიჭი მელიავას ჩაწოდებულს ჩხეტიანმა თავი დაახვედრა, თუმცა სამიზნეს ვერც მან უწია.
ერთი საათის მიწურულს გუნდების დამრიგებლებმა მოედანზე სიტუაციის შესაცვლელად შეცვლებს მიმართეს, თანაც იონანიძემ ტაქტიკური გადაადგილებაც მოახდინა. მან ეული ფორვარდი გაგა ჩხეტიანი მოედნიდან გაიყვანა და მის ნაცვლად მინდორზე გეგეჭკორი შეუშვა, რომელსაც დაცვის ხაზის გამაგრება დაევალა. სამაგიეროდ, შეტევის წინა ხაზზე კუჭუხიძე გადაისროლა. ტაქტიკურმა გადაადგილებამ მარტვილელთათვის შედეგი მაშინვე მოიტანა.
63-ე წუთზე კუჭუხიძემ თავისი ვიზავი ძალისმიერ ბრძოლაში დაჩაგრა და შეტევაში ჩართულ ფონიავას განივი გადაცემა გაუკეთა. მარტვილელთა საყრდენმა ნახევარმცველმა თანაგუნდელს ამაგი დაუფასა და საჯარიმოს წინა ხაზიდან უძლიერესი დარტყმით ბურთი მეტოქის კარის ცხრიანში მოათავსა – 0:1.
თითქმის მაშინვე სტუმრებს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ. ისევ კუჭუხიძის აქტიურობის შემდეგ ხუბუა ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა. იგი საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან უძლიერესი დარტყმა განახორციელა. ბურთმა კარის ძელს სულ ახლოს ჩაუქროლა.
68-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს. ,,ტორპედოელებმა’’ მოედნის ცენტრიდან აუტი მოაწოდეს. სრულიად უწყინარ სიტუაციაში მარტვილელთა მცველები შეცდნენ, რითაც კარგად ისარგებლა შეცვლაზე შესულმა ლექვთაძემ და მეკარესთან პირისპირ გავიდა. მართალია, მისი დარტყმული მამალაძემ მოიგერია, მაგრამ იქვე ღონღაძე გაჩნდა და ზუსტი დარტყმით ბურთს ადგილი მეტოქის კარის ბადეში მიუჩინა – 1:1.
75-ე წუთზე ღონღაძეს შეეძლო დუბლის ავტორი გამხდარიყო. მარჯვენა ფლანგიდან ჭედიას განივი გადაცემის შემდეგ ,,კანუ’’ შეუჩერებლივ ურტყამდა საჯარიმოს წინა ხაზიდან, თუმცა ბურთი ხარიხას ზევიდან გადააცილა.
შეხვედრის უკანასკნელი მონაკვეთი მარტვილელთა უპირატესობით წარიმართა. 87-ე წუთზე ძალიან სახიფათო საჯარიმო დარტყმა შეასრულა ბენაშვილმა. მისი გასროლის შემდეგ კვასხვაძემ ბურთი უხერხულად მოიგერია, მაგრამ დამატებაზე სტუმრებმა ვეღარ ივარგეს.
არბიტრის მიერ მატჩისთვის დამატებულ დროში მარტვილელებს შეეძლოთ გამარჯვება მოეპოვებინათ. სტუმართა მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ ბურთს ფონიავა დაეუფლა და საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესი დარტყმა განახორციელა. ქუთათურთა გასახარად ბურთი კარის ბადეს გარედან შეეხო.
არბიტრის საფინალო სასტვენმა ,,ტორპედოს’’ ზედა ექვსეულში მოხვედრის შანსი პრაქტიკულად გააცამტვერა.
მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა’’ ორივე გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:
რევაზ ძოძუაშვილი (,,ტორპედო’’): ,,ჩვენი გუნდის ამბავი ყველას კარგად მოეხსენება. ნორმალური შეკრებაც კი არ გაგვივლია, ამიტომ ბიჭები სრული დატვირთვით სათამაშოდ ჯერ კიდევ მზად არ არიან. თასის თამაშისგან განსხვავებით ცოტა უკეთესობა შეინიშნებოდა. პერსპექტივას ვხედავ და შევეცდებით გუნდის პოტენციალი ბოლომდე მაქსიმალურად გამოვიყენოთ.’’
ზურაბ იონანიძე (,,მერანი’’): ,,ეს ჩემი პირველი თამაში იყო ეროვნულ ჩემპიონატში მთავარი მწვრთნელის რანგში, თანაც დებიუტი მშობლიურ ქალაქში მომიწია. აქედან გამომდინარე, შედეგით კმაყოფილი ვარ. ბიჭებმა თავი დადეს და ბოლომდე იბრძოლეს. ისე, მოგებაც შეგვეძლო. მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე ვიმყოფებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად.’’
,,ტორპედო’’ (ქუთაისი) – ,,მერანი’’ (მარტვილი) 1:1 (0:0)
26 თებერვალი. 14.00. ქუთაისი. ,,ცენტრალური’’. 1500 მაყურებელი.
,,ტორპედო”: რ. კვასხვაძე (კ), გელაშვილი, სავჩენკოვსი, თოდუა, ჩადუნელი, ჭედია (კვერნაძე 76), ადამაძე, ჩიკვილაძე, ტუღუში (გოგიჩაიშვილი 61), ღონღაძე, მარკოზაშვილი (ლექვთაძე 59);
მთ. მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი
,,მერანი”: მამალაძე, მელიავა, იობაშვილი, გაბუნია, ხუბუა, ჯოჯუა (რაფაელო 78), ფონიავა, ბენაშვილი, კუჭუხიძე, ბაბუნაშვილი (კ), გაგა ჩხეტიანი (გეგეჭკორი 62);
მთ. მწვრთნელი: ზურაბ იონანიძე
გოლები: 0:1 ფონიავა (63), 1:1 ღონღაძე (68);
გაფრთხილება: ფონიავა (42);
არბიტრი: მალხაზ ბეუქლიშვილი