ფეხბურთი

10:42 | 18.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ნატურალიზებული აფრიკელი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები, ერთკვირიანი შეკრების გასავლელად, თურქეთის საკურორტო ქალაქ სიდეში მიემგზავრება. ოთარ გაბელიამ კლუბებიდან თავისუფალ ორ მოთამაშესთან ერთად, ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე იმ ფეხბურთელებს უხმო, რომელთაგან სამწვრთნელო შტაბს ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის დასაყრდენი ბირთვის შერჩევა აქვს გადაწყვეტილი. ახალგაზრდულ ნაკრებს უკავშირდება ქართულ ფეხბურთში მომხდარი დღემდე უპრეცენდენტო ფაქტიც - ზუგდიდის “ბაიას” ზამბიელმა შემტევმა ნახევარმცველმა, ჩისამბა ლუნგუმ ახლახანს ქართული პასპორტი აიღო და ოთარ გაბელია მას კიდევ ოთხ თანაგუნდელთან ერთად, თურქეთში თავის გამოჩენისა და ნაკრებში დამკვიდრების შანსს აძლევს.
თავდაპირველად, იმ 19 ფეხბურთელის ჩამონათვალს გაგაცნობთ, რომელთა გვარი 21-წლამდელთა ნაკრების თავკაცის ბლოკნოტში აღმოჩნდა: თევდორაძე (“გაგრა”), ზარქუა (“ბაია”), ბახტაძე (“დიორი”, უნგრეთი), ხატიაშვილი (“ლოკომოტივი”), რეხვიაშვილი (“ოლიმპი”), აქუბარდია (“ბაია”), ხურცილავა (“ვიტ ჯორჯია”), ტყებუჩავა (ესპანეთი), ჯანელიძე (“ვიტ ჯორჯია”), გუგუჩია (“ბაია”), ოქრიაშვილი (“გაგრა”), თარხნიშვილი (“ოლიმპი”), სიხარულია (“ბაია”), წულაძე (“ლოკომოტივი”), გაბედავა (“გაგრა”), ჭედია (“ოლიმპი”), ბუზალაძე (“სპარტაკი”), ჩისამბა ლუნგუ (“ბაია”), მაისურაძე (“სპარტაკი”).
როგორც ოთარ გაბელიამ “მსოფლიო სპორტს” განუცხადა, დელეგაციაში, რომელიც 22 იანვრის ღამით თბილისიდან ტრაპიზონისაკენ გაემართება, მხოლოდ 14 ფეხბურთელი იქნება. ცნობილია, რომ თურქეთში უკვე გაემგზავრა ს/კ “გაგრა”, რომლის რჩეული სამეული ნაკრების მწვრთნელთა განკარგულებაში სიდეში გადავა. რაც შეეხება ორ ლეგიონერს, ესპანეთის მე-3 დივიზიონში მოასპარეზე ტყებუჩავა და უნგრეთის ბორდოში ლიგის “დიორის” კიპერი ბახტაძე, გუნდს ანთალიაში შეუერთდებიან.
“ტრაპიზონიდან ანთალიაში 23 იანვარს გადავფრინდებით და იმავე დღეს ერთი ვარჯიშის ჩატარებასაც მოვასწრებთ. იმ სასტუმროს მენეჯერს, სადაც ჩვენ დავბინავდებით, ამხანაგური მატჩების თარიღად 25 და 28 იანვარი შევუთვალეთ. პირველი შემოთავაზება კორეის ეროვნულ ნაკრებზე იყო, მაგრამ ჩვენ შორს დავიჭირეთ ეს წინადადება. ჩვენთვის უფრო მისაღები საკლუბო გუნდებია, რომლებთან შეხვედრაშიც შეიძლება ბიჭების რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა”, - აცხადებს გაბელია.
კიდევ ერთხელ იმ სიახლის შესახებ, რაც ქართულ ფეხბურთში უკვე მოხდა და პირველად მის აფიშირებას ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელები აკეთებენ. ზუგდიდის “ბაიას” შემტევი ნახევარმცველი, ჩისამბა ლუნგუ 31 იანვარს 19 წლის შესრულდება. იგი ზამბიის ქალაქ კაფუეში დაიბადა და პირველი პროფესიული გუნდი, სადაც ფეხბურთი უთამაშია, მისი ქვეყნის დედაქალაქის ლუსაკას “ზანაკო” იყო. იქედან ლუნგუ 2008 წელს რუსეთში, კერძოდ კი, მოსკოვის ცსკა-ში აღმოჩნდა, საიდანაც ზუგდიდელებმა გადმოიბირეს. ჩისამბა ლუნგუ “ბაიას” ყოფილმა მწვრთნელმა, ბესიკ შეროზიამ თანდათანობით შეაგუა გუნდის ძირითადში თამაშს. სულ ზამბიელმა, რომელიც პირველი უცხოელი ფეხბურთელია საქართველოს ნაკრებისკენ გზა რომ გაეხსნა, მიმდინარე სეზონში, “ბაიას” მაისურით 16 მატჩი გამართა.
ქართველი 21-წლამდელები თურქეთიდან უკან 30 იანვარს გამობრუნდებიან. გაბელიას გაწვრთნილებს შესარჩევ ჯგუფში უახლოესი ოფიციალური მატჩის გამართვა 3 მარტს, თბილისში, “მიხეილ მესხზე” უწევთ. ახალგაზრდა “ჯვაროსნებს” ხუთ შეხვედრაში 5 ქულა აქვთ და IV ადგილზე არიან.

ფრიდონ კერვალიშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163063