კალათბურთი

0:31 | 10.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

პირველი გამარჯვება ევრობასკეტის გზაზე

საქართველოს ნაკრებმა ისრაელს ბოლო წამზე მოუგო

ისრაელთან საკონტროლო მატჩის ბოლო წუთზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 5 ქულის სხვაობით (72:77) მარცხდებოდა, თუმცა, დარჩენილ დროში ძალიან კონცენტრირებულად ითამაშა და საკმაოდ ძლიერ მეტოქეს 79:77 სძლია.

გადამწყვეტ მონაკვეთში გუნდის სპურტი ჩატენვით მანუჩარ მარკოშვილმა წამოიწყო, შემდეგ კი ვიქტორ სანიკიძის ჯერი დადგა, რომელმაც სამქულიანს საფინალო სირენამდე 1 წამით (!) ადრე, ზუსტი ორქულიანი შეტევაც მიაყოლა და ნაკრებს მეტად საჭირო გამარჯვება მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ გასული მატჩი იტალიურ ტრენტოში ოთხთა ტურნირის ეგიდით ტარდებოდა და მანამდე იგორ კოკოშკოვის შეგირდებს ორივე თამაში წაგებული ჰქონდათ – მასპინძლებთან 69:85 და ევრობასკეტზე ჩვენს ერთ-ერთ მეტოქე პოლონეთთან – 75:87.

კოკოშკოვის გადაწყვეტილებით, ამჯერად განაცხადში არცერთი ნატურალიზებული ამერიკელი (რიკი ჰიკმანი და ლუკ ზელერი) არ ყოფილა და თამაშს მიღმა დარჩა ანატოლი ბოისაც, რომლის ადგილიც სასტარტო ხუთეულში ლევან ფაცაციამ დაიკავა. ამას გარდა, განაცხადში მყოფი გიორგი შარაბიძე საქმეში საერთოდ არ ჩართულა.

თავიდანვე ვთქვათ, რომ ამ უკანასკნელს ცუდად ნამდვილად არ უასპარეზია. ლევანმა 26:05 წუთში ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა, აქტივში კი 6 ქულა (3-დან 2 ორქულიანი), 4 მოხსნა და 3 პასი ჰქონდა, თუმცა, ცხადია, საქართველოს გამარჯვება ნაკრების აღიარებულმა ლიდერებმა “გამოსჭედეს”.

გიორგი ცინცაძის, გიორგი შერმადინის,     მანუჩარ მარკოიშვილის და ვიქტორ სანიკიძის მეცადინეობით, უკვე პირველ მეოთხედში ქართველები 24:9 დაწინაურდნენ, მე-2 ათწუთეულის სტარტზე კი მატჩში ყველაზე დიდი – 15-ქულიანი სხვაობა კიდევ ერთხელ დაფიქსირდა – 27:12...

სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ნაკრების სათადარიგო მოთამაშეები იშვიათი გამონაკლისების გარდა, ძირითადი ხუთეულის წევრებს სათანადოდ ვერ ეხმარებიან. ასე იყო ამჟამადაც. ისრაელის ეროვნულმა გუნდმა ჩამორჩენის აღმოფხვრა სწორედ მაშინ მოახერხა, როდესაც ჩვენი გუნდის ლიდერები ისვენებდნენ, საბოლოოდ კი, მეტოქის სამარქაფოებმა ჩვენებს 34:4 (!) აჯობეს.

ქართველმა კალათბურთელებმა მე-2 და მე-3 მეოთხედები ჯამში 13 ქულის სხვაობით წააგეს, ბოლო ათწუთეული კი ძალიან დაძაბული გამოდგა. თამაში ქულა-ქულაში გრძელდებოდა და თითქოს გამარჯვებასთან უფრო ახლოს არიკ შივეკის შეგირდები იყვნენ, თუმცა, უკანასკნელ წუთზე ქართველთა გმირობებზე თავშივე მოგახსენეთ...

სასიხარულოა, რომ სარგებლიანობის კოეფიციენტის მიხედვით, მატჩის სამივე საუკეთესო მოთამაშე საქართველოს ნაკრებიდან იყო. ყველას აჯობა გიორგი შერმადინმა, რომელმაც იტალიასთან მატჩის (18 ქულა, 12 მოხსნა) კვალად, კიდევ ერთი ორმაგი დუბლი – 18 ქულა, 15 მოხსნა – გაიფორმა.

აწ უკვე ესპანური “სარაგოსას” ცენტრმა მოედანზე 35:11 წუთი გაატარა და მხოლოდ 2 პერსონალური ფოლი მიიღო, ბურთი კი არცერთხელ დაუკარგავს. შერმადინს კარგად აუბეს მხარი ვიქტორ სანიკიძემ და მანუჩარ მარკოიშვილმა, რომელთაც 20-20 ქულა ჩააგდეს, ამასთან, პირველ აქტივში 9 მოხსნაც ჰქონდა, მეორეს კი – 5 პასი და 3 ჩაჭრა.

გუშინდელი გამარჯვება მით უფრო სასიამოვნოა, რომ ისრაელის ნაკრები მოედანზე ფაქტობრივად უძლიერესი შემადგენლობით იყო. სხვებთან ერთად საქმეში ვიხილეთ “ჰიუსტონ როკიტსის” და თელ ავივის “მაკაბის” ფორვარდები ომრი კასპი და ლიორ ელიაჰუ, რომელთაც ჯამში 30 ქულა, 17 მოხსნა და 5 პასი მოაგროვეს.

ტრენტოს ტურნირის გამარჯვებული მასპინძელი იტალიის ნაკრები გახდა, რომელმაც საქართველოს და ისრაელის დარად, პოლონეთსაც სძლია (76:65) და პირველობა არავის დაუთმო. აპენინელებს მომდევნო საკონტროლო მატჩი 17 აგვისტოს ბელგიასთან ელით, საქართველოს ნაკრები კი მორიგ გამოცდას 13-14 აგვისტოს ჩააბარებს, როდესაც სლოვენიის ქალაქებში (ცელიე, იესენიცე) ბოსნია-ჰერცეგოვინის ეროვნულ გუნდს ეთამაშება.

 

საერთაშორისო ტურნირი კალათბურთში ეროვნულ ნაკრებთა შორის. ტრენტო (იტალია)

საქართველო – ისრაელი 79:77 (24:12, 17:25, 18:23, 20:17)

საქართველო: ცინცაძე (33 წ. 11 ქ.), შერმადინი (35 წ. 18 ქ. 15 მ.), მარკოიშვილი (36 წ. 20 ქ. 5 პ. 3 ჩ.), ფაცაცია (26 წ. 6 ქ. 4 მ. 3 პ.), სანიკიძე (32 წ. 20 ქ. 9 მ.); მეტრეველი (3 წ.), სანაძე (14 წ. 2 ქ.), ცქიტიშვილი (5 წ.), ბურჯანაძე (5 წ.), ლეჟავა (4 წ. 2 ქ.), ფხაკაძე (7 წ.).

მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი.

ისრაელი: ლიმონადი (7 წ.), ოჰაიონი (27 წ. 13 ქ.), კასპი (31 წ. 20 ქ. 8 მ.), ელიაჰუ (21 წ. 10 ქ.9 მ. 3 პ.); ნისიმი (17 წ. 7 ქ. 5 პ.), ნაიმი (4 წ.), პნინი (20 წ. 15 ქ. 3 პ.), კოზიკარო (7 წ. 2 წ. 4 მ.), ელიშაი (28 წ. 8 ქ. 6 მ.), ჰანოჩი (26 წ. 2 ქ.).

მწვრთნელი: არიკ შივეკი.

 

ორქულიანები: 14/33 – 23/48; სამქულიანები: 11/23 – 6/18; საჯარიმოები: 18/22 – 13/20; მოხსნები: 31 (6 შეტევაში) – 34 (13); პასები: 14 – 18; შეცდომები: 16 – 17; ჩაჭრები: 7 – 8; ფოლები: 21 – 24;

0.164615