გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში დაწყებულ ძიუდოისტთა დიდი პრიზის საწყის დღეს, ქართულმა დელეგაციამ ერთადერთი მედლის მოპოვება მოახერხა. იანვარ-თებერვალში, თბილისისა და ობერვარტის მსოფლიოს თასების გამარჯვებულმა ბეთქილ შუკვანმა გერმანიაშიც სანახაობრივი ჭიდაობა აჩვენა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
შუკვანმა 60 კგ. წონითი კატეგორიის საწყის რაუნდებში არტიომ არშანსკის (ისრაელი), ილგარ მუშკიევსა (აზერბაიჯანი) და გვანგ-ჰეონ ჩოის (ს.კორეა) საქმე ვადაზე ადრე მოუმთავრა, ნახევარფინალში კი მონღოლ ბოლდბაატარ განბატთან იუკოთი დამარცხდა და ვინაიდან გრან-პრიზე მე-3 ადგილებისთვის შეხვედრები არ იმართება, ბრინჯაო პირდაპირ ერგო. ამავე წონაში ამირან პაპინაშვილმა საწყის შეხვედრაშივე იაპონელ ნაოჰიშა ტაკატოსთან იპონით წააგო. სხვათა შორის, მომდევნო წრეში იაპონელი ბრძოლას იმავე განბატმა გამოთიშა.
დღეს, მედლები კიდევ ორ წონით კატეგორიაში გათამაშდა, თუმცა, ქართველები კვარცხლებკზე არ ასულან. მედალთან ყველაზე ახლოს ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ.) იყო, რომელმაც დომინიკელ ფაუსატო ბივიეცას, ბელგიელ დირკ ვან ტიჩელტსა და გერმანელ რენე შნეიდერს აჯობა და ფრანგ უგო ლეგრანსაც უგებდა, თუმცა, საპასუხო იუკო ბოლო წამზე მიიღო და დამატებით დროში გამძლეობა აღარ ეყო. საბოლოოდ, ტატალაშვილმა მე-5 ადგილი დაიკავა. ამავე წონაში ზებედა რეხვიაშვილი პირველივე რაუნდში იაპონელ იუკი ნიშიამას გადაეყარა და მარცხი განიცადა.
66 კილოგრამში შალვა ქარდავამ ანდორელ დანიელ გარსია გონსალესსა და იტალიელ ფრანჩესკო ფარალდოს აჯობა, მერვედფინალში კი მონღოლ ცაგაანბაატარ ხაშბაატართან დამარცხდა. რაც შეეხება ლაშა შავდათუაშვილს, იგი მოლდოველი იგორ სოროკას “გავლის” შემდეგ, რუმინელ დან ფასიეს ვერ გასცდა.
ხვალ, გამარჯვებულები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. 81 კილოგრამში ავთანდილ ჭრიკიშვილი 1/16-ფინალში გერმანელ ჰანეა კონრადსა და ბერძენ ალექსიოა ნტანაციდისს შორის გამარჯვებულ ელის, ლევან წიკლაური კი მეორე წრეში ბელორუს ალიაკსანდრ სციაშენკას გაეჯიბრება.
90 კგ-ში ვარლამ ლიპარტელიანი ასევე პირდაპირ 1/16-ფინალშია დაშვებული და ჰოლანდიელ რობი ვან ლაარჰოვენსა და მოლდოველ ივან რემარენკოს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ზურაბ ზვიადაური მე-2 წრეში არგენტინელ ექტორ კამპოსს შეერკინება.
100 კგ. წონაში ლევან ჟორჟოლიანი ტურნირს მაროკოელ ადილ ფიკრისა და ტაჯიკ მუხამადმუროდ აბდურახმონოვს შორის უმჯობესთან ბრძოლით გახსნის, ნოდარ მეტრეველის პირველი მეტოქე კი ყირგიზი ალეკსეი ტასკინია. მძიმე წონაში ზვიად ხანჯალიაშვილი ებრაელ ორ სასონსა და გრიმ ვუისტერსს შორის გამარჯვებულს დაელოდება, ხოლო ადამ ოქრუაშვილთან შესარკინებლად გერმანელი მატიას შმუნკი და ყაზახი ულან რისკული იბრძოლებენ.







