ფეხბურთი

22:56 | 27.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

პირველადგილოსანი “დინამო” და ღირსეული “ზესტაფონი”

“დინამომ” ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა და პირველი წრე სატურნირო ცხრილის სათავეში დაასრულა. დუშან უჰრინის გუნდმა რთულ ორთაბრძოლაში გაიმარჯვა და დაპირისპირების ბედი ბოლო წუთებში გადაწყვიტა. სხვა შეხვედრების მსაგავსად, კვლავ კარგად გაირჯნენ ესპანელი ლეგიონერები, ალვარო და ჩისკო. პირველმა მათგანმა, სეზონში მეშვიდე გოლი მიითვალა და ჩისკოს საგოლე პასიც გაუკეთა. სხვათა შორის, ჩისკომ მიმდინარე სეზონში მეტოქეთა კარი მეექვსედ აიღო.
“ზესტაფონმა” მართლაც კარგად ითამაშა და გასაკვირი არ იქნებოდა, თბილისიდან ქულა, ან თუნდაც სამი წაეღო. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებმა ბოლო ნახევარი საათი კაცნაკლულები იყვნენ, ანგარიში მაინც გაათანაბრეს და მეორე გოლის გაშვების შემდეგაც უტევდნენ. “ზესტაფონში” დებიუტი ჰქონდათ სერბ ნახევარმცველ იგორ იელიჩსა და კოტდივუარელ ფორვარდ ბოტი დემელის. შეხვედრის ბედზე დიდი გავლენა იქონია მეორე ტაიმში მოედნიდან გიორგი კაჭკაჭიშვილის გაძევებამ. თამაშის შემდეგ, დავით მუჯირმა აღნიშნა, რომ “ზესტაფონის” ცენტრალურმა მცველმა ბურთზე სუფთად ითამაშა და ბოლო იმედის ჯარიმა არ ყოფილა. მისი თქმით, მატჩის მიწურულს, მსაჯს მეტოქის კარში პენალტი უნდა დაენიშნა.
პირველ ტაიმში ტერიტორიულ უპირატესობას “ზესტაფონი” ფლობდა და ანგარიშის გახსნა დებიუტშივე შეეძლო. მე-2 წუთზე, თედორე გრიგალაშვილმა მარცხენა ფრთაზე ბურთი ირაკლი ძარიას აართვა და მისი გამოზომილი პასის შემდეგ, რატი წინამძღვრიშვილი გიორგი ლორიასთან პირისპირ დარჩა და დაარტყა, მაგრამ “დინამოს” მეკარემ ბურთი მოიგერია. 24-ე წუთზე, თორნიკე აფციაურის გადაცემის მერე, გერმანელი პატრიკ მილხრაუმი ხელსაყრელი პოზიციიდან უტევდა, მაგრამ ისევ ლორიამ იყოჩაღა. ამ ეპიზოდიდან 5 წუთში, წინამძღვრიშვილმა სოლო რეიდი განახორციელა, გაცდა რა გზად 3 მეტოქეს, მაგრამ მის დარტყმულს გივი კვარაცხელია ვარდნაში გადაეღობა. მალევე, იელიჩმა შორი მანძილიდან “გაისროლა”, თუმცა არაზუსტად.
35-ე წუთზე, “ზესტაფონის” მცველებმა ბურთი ვერ “ამოიტანეს”, რითაც კარგად ისარგებლა ალვარომ და საჯარიმოში შეჭრილმა დაარტყა – როინ კვასხვაძეს ბურთის ხელებში დაფიქსირება არ გაჭირვებია. ცოტა ხანში, მარცხენა ფლანგიდან მილხრაუმმა გააკეთა სახიფათო გადაცემა და კარიდან გამოსულმა ლორიამ დაასწრო თორნიკე გრიგალაშვილს, თორემ შეიძლება, ანგარიშიც გახსნილიყო. 44-ე წუთზე, “დინამოს” შეტევისას, ლევან ხმალაძის დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა, დამატებაზე კი ალვარომ გაიტანა – 1:0.
მეორე ტაიმი 5 წუთის განახლებული იყო, რომ “დინამოს” კონტრშეტევისას, ალვარომ მარცხენა ფრთაზე ჩისკო მოძებნა, რომლის პასის შემდეგ, ხმალაძემ დაასწრო თემურ ღონღაძეს, მაგრამ უზუსტოდ გაისარჯა. 62-ე წუთზე, იელიჩის ცუდი პასის მერე, ჩისკომ სტუმართა მცველ გიორგი კაჭკაჭიშვილს დაასწრო, რომელსაც ისღა დარჩენოდა მეტოქეს ფეხებში ჩავარდნოდა და ესპანელი წაიქცა – მსაჯმა მომხდარი, ბოლო იმედის ჯარიმად მიიჩნია და “ზესტაფონის” უკანახაზელი გააძევა. თუმცა, ვიდეოგამეორებაზე გამოჩნდა, რომ კიკაჩეიშვილი შეცდა, რადგან იმ ეპიზოდში, კაჭკაჭიშვილი ჯერ ბურთს შეეხო და ესპანელი შემდეგ დაეცა.
ფეხბურთელის გაძევების შემდეგ, “ზესტაფონის” მცველებმა დაცვის ხაზი გადააწყვეს. ცენტრში მამუკა კობახიძეს თედორე გრიგალაშვილი შეუწყვილეს, დაცვის მარჯვენა ფლანგიდან მარცხნივ გადაინაცვლა თემურ ღონღაძემ, ხოლო მისი ადგილი თორნიკე გრიგალაშვილმა დაიკავა.
68-ე წუთზე, ალვარო ერთ მეტოქეს გაცდა და საშუალო მანძილიდან ძლიერად დაარტყა – კვასხვაძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. 70-ე წუთზე, ვლადიმერ ვოსკობოინიკოვმა ჩისკოსთან გაითამაშა კომბინაცია, შემდეგ ბურთი მცველს თავს ზემოთ გადაუგდო და შემოტრიალებით მარცხენათი დაარტყა, მაგრამ “ზესტაფონის” მეკარე კარგად გაისარჯა. მცირე ხანში, გიორგი მერებაშვილმა რამდენიმე მოწინააღმდეგეს გვერდი აუარა და ძლიერად, თუმცა ოდნავ არაზუსტად დაარტყა.
76-ე წუთზე, დემელის მიერ შესრულებული საჯარიმოს შემდეგ, ლორიას ბურთი ხელიდან გაუვარდა და შოთა ბაბუნაშვილმა ანგარიში გაათანაბრა – 1:1. 83-ე წუთზე, ალვაროს საუცხოო პასის შემდეგ, ჩისკომ მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1. მატჩის მიწურულს, მარცხენა ფრთიდან ბაბუნაშვილის გადაცემის შემდეგ, ძარიას საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელში მოხვდა და მსაჯს პენალტის დადებაც შეეძლო, მაგრამ “დინამოს” ნახევარმცველზე წესის დარღვევა არ დააფიქსირა.


დავით მუჯირი: “დინამოს” გამარჯვებას და პირველი წრის პირველ ადგილზე დასრულებას მივულოცავ. აღელვებული ვარ, რადგან დასანანი მატჩი წავაგეთ. თუმცა, ფეხბურთში ხდება ხოლმე, რომ კარგად ითამაშებ და წააგებ. პირველ ტაიმში დასანანი გოლი გავუშვით. მეორე ტაიმში ათნი დავრჩით და მაინც გავათანაბრეთ. წითელ ბარათს რაც შეეხება, მე როგორც დავინახე, კაჭკაჭიშვილმა ბურთზე სუფთად ითამაშა. იმედს ვიტოვებ, რომ ეს განზრახ შეცდომა არ ყოფილა და დაბალი კვალიფიკაციის ბრალია. იგივე, 1:2 რომ ვაგებდით მსაჯს მეტოქის კარში პენალტი უნდა დაენიშნა. მომავალში პრინციპულ მატჩებში უფრო კვალიფიციური მსაჯობა უნდა იყოს”.
დუშან უჰრინი: “მნიშვნელოვანი თამაში იყო. ვიცოდით სხვა მატჩების შედეგები და გვსურდა პირველ ადგილზე დავრჩენილიყავით. თამაში სხვა სტილში გვინდოდა. ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მოეთმინათ და შეცდომა არ დაეშვათ. მეორე ტაიმში უკან ბევრ პასს ვაკეთებდით, კონცენტრაცია დავკარგეთ და გოლიც გავუშვით. ჩისკო კარგი შემსრულებელია და გაიტანა კიდეც. მე და ჩემი კოლეგა ასაკით არც ისე დიდები ვართ და მსაჯს რომ შეხედავდი, თითქოს ჩემი შვილის ტოლი იყო. ასეთ თამაშზე 22 წლის ბიჭი არ უნდა დანიშნონ”.


დინამო (თბილისი) – ზესტაფონი 2:1 (1:0)
27 ოქტომბერი. თბილისი. “დინამო არენა”.
დინამო:
ლორია (კ), სეთურიძე, გივი კვარაცხელია, ხიზანეიშვილი, გიორგი რეხვიაშვილი, ძარია, ხმალაძე, ალვარო, მერებაშვილი (გლიშიჩი, 90+4), ჩისკო (ჯიღაური, 88), ვოსკობოინიკოვი (რობერტინიო, 81).
მთავარი მწვრთნელი: დუშან უჰრინი (ჩეხეთი).
ზესტაფონი: როინ კვასხვაძე, ღონღაძე, თედორე გრიგალაშვილი, გიორგი კაჭკაჭიშვილი, კობახიძე, იელიჩი (ბაბუნაშვილი, 71), შარიქაძე (გორგიაშვილი, 86), მილხრაუმი, თორნიკე გრიგალაშვილი, თორნიკე აფციაური, წინამძღვრიშვილი (დემელი, 58).
მწვრთნელები: ზაზა ზამთარაძე, დავით მუჯირი.
გოლები: 1:0 ალვარო (44), 1:1 ბაბუნაშვილი (76), 2:1 ჩისკო (84).
გაფრთხილება: ძარია (80).
გაძევება: კაჭკაჭიშვილი (63).
მთავარი მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი.


ლაშა თაბაგარი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.102015