სპორტკომპლექს “არენაში” გაიმართა საქართველოს ფუტსალის ასოციაციის ტრაგიკულად დაღუპული ვიცე-პრეზიდენტის, დევი სირაძის მემორიალის წილისყრა. ტურნირი, რომელსაც საქართველოს ფუტსალის ასოციაცია ატარებს, ყოველწლიური იქნება. ტურნირმა ქართულ ფუტსალში აქამდე არნახული დაინტერესება გამოიწვია და ორგანიზატორებს ათამდე გუნდისთვის უარის თქმა მოუხდათ, ტურნირში კი ის 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებმაც რეგისტრაცია 4 თებერვლამდე გაიარეს. უპრეცედენტოა ის ფაქტი, რომ ფუტსალის ტურნირში პირველად იღებენ მონაწილეობას ფეხბურთის კლუბები: “ვიტ ჯორჯია,” “სპარტაკი” და “გაგრა.” ხოლო ზოგადად ქართული სპორტის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ წილისყრის მსვლელობისას დიდ ეკრანზე რეალურ დროში მიმდინარეობდა პროცედურის გრაფიკული გამოსახულება, რაზეც სფა-ს ტექნიკური ჯგუფი მუშაობდა. წილისყრას ტურნირის დირექტორი გიორგი დარჯანია და დევი სირაძის ქალიშვილი სალომე უძღვებოდნენ. ტურნირი 12 თებერვალს, სპორტკომპლექს არენა 2-ში, ცხინვალის “სპარტაკის” და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მატჩით გაიხსნება, ხოლო ფინალი 22 თებერვალს, დევი სირაძის დაღუპვის დღეს გაიმართება.
A ჯგუფი: სპარტაკი, სეუ, არმაზი, დევის გუნდი
B ჯგუფი: გაგრა, აგრარული უნივერსიტეტი, შავი ზღვის უნივერსიტეტი, გლადიატორები
C ჯგუფი: ვიტ ჯორჯია, თსუ, კავკასიის უნივერსიტეტი, ქომაგები
D ჯგუფი: იბერია სტარი, სტუ, TTC, ალგეთი XXI