რაგბი

17:44 | 4.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

პირველად - “მონპელიე” პირდაპირ ნახევარფინალშია

საფრანგეთს ქართველი ჩემპიონი წელსაც ეყოლება

 

საფრანგეთის მორაგბეთა პირველი ელიტარული დივიზიონ Top 14-ში 2013-2014 წლების სეზონის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. ქართველი ლეგიონერების ათი გუნდიდან ცხრამ, მოწინავე პოზიციები დაიკავა და შესაბამისად, პლეი ოფში გასული ექვსივე გუნდში ქართველი ლეგიონერები ირიცხებიან, რაც იმის მანიშნებელია, რომ საფრანგეთს ქართველი ჩემპიონი წელსაც ეყოლება.

მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ პირველად კლუბის არსებობის ისტორიაში, მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის “მონპელიემ” რეგულარული პირველობა მეორე ადგილზე დაასრულა და შესაბამისად, პლეი ოფში პირდაპირ ნახევარფინალიდან ჩაერთვება. ეს გუნდი პლეი ოფში ზედიზედ მეოთხედ მოხვდა და 2010-2011 წლების სეზონში ფინალშიც გააღწია, მაგრამ ასეთი ძლიერი გუნდი აქამდე არასდროს ყოლია.

“მონპელიე” წინა სამ ჯერზე პლეი ოფში მეხუთე-მეექვსე ადგილებით მოხვდა და შესაბამისად, პლეი ოფის პირველ ეტაპზე საკუთარ მოედნის უპირატესობა არასდროს ჰქონია. ეს უპირატესობა გუნდს არც ამჯერად ექნება, რადგან ნახევარფინალური მატჩები ლილში იმართება და “მონპელიეც” პირდაპირ იქ მიემგზავრება, ფინალი კი, პარიზში, “სტად ფრანსეზე” გაიმართება.

რეგულარული პირველობის დასკვნით ტურში მონპელიელებმა დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტროს” უმასპინძლოს, მეორე ადგილის შესანარჩუნებლად უცილობლად გამარჯვება ჭირდებოდათ და გეგმა გადაჭარბებით შეასრულეს. მათ მეტოქე, რომელსაც პლეი ოფში თამაში ასევე დაბევებული ჰქონდათ, 44:10 გაანადგურეს და პრემიალური ქულაც ჩაიწერეს. ხინჩაგიშვილი და მჭედლიშვილი განაცხადში არ იყვნენ, გორგოძემ სრულად ითამაშა, ხოლო ნარიაშვილმა მოედანზე 63 წუთი გაატარა.

ეს თამაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გორგოძისთვის იყო, რომელმაც საყვარელი გულშემატკივრების წინაშე, სტადიონზე, სადაც 9 წელიწადი გაატარა, უკანასკნელად ითამაშა. ფრანგი მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ განვლილ მატჩში მასპინძელთა უდიდესი ტერიტორიული უპირატესობა სწორედ მისი დაუღალავი გარჯის შედეგი იყო. საფინალო სასტვენის შემდეგ, თანაგუნდელებმა ის მხრებზე შეისვეს და სტადიონზე საპატიო წრე შემოატარეს, მაყურებელი კი, მას ტაშითა და შეძახილებით აცილებდა. მოკლედ, “მონპელიემ” რეგულარული გათამაშება 76 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა და მეტოქეს ნახევარფინალში ელოდება, ხოლო “რასინგ მეტრო” 69 ქულით მე-5-ე საფეხურამდე დაქვეითდა, პლეი ოფის პირველ ეტაპზე საკუთარი მოედნის უპირატესობა დაკარგა და 10 მაისს ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზას” სტუმრად ეთამაშება.

ტულუზელებმა დასკვნით ტურში “გრენობლს” ერთის წილ 6 ლელო გაუტანეს და პრემიალური ქულით იმარჯვეს, პრემიალური ქულა ჩაიწერეს, ჯამში “რასინგ მეტროს” მსგავსად 69 ქულა მოაგროვეს, მას დამატებითი მაჩვენებლებით აჯობეს და მე-4-ე ადგილამდე აღზევდნენ. კაკოვინს ტრავმის გამო ფაქტობრივად მეთელი სეზონი გაუცდა, ბრეგვაძემ კი, ტრავმის მოშუშების შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაიბრუნა და შაბათს პირველიდან 55-ე წუთამდე ითამაშა. ამ დროს ანგარიში 12:3 იყო, დასკვნით 23 წუთში კი, მასპინძლებმაკიდევ ოთხი ლელო მიითვალეს.

77 ქულით რეგულარული პირველობა ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონმა” მოიგო, რომელმაც დასკვნით ტურში დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსე” 17:15 დაამარცხა და ამით პარიზელებს პლეი ოფში მოხვედრის შანსი მოუსპო. “სტად ფრანსემ” საფინალო სასტვენამდე 2 წუთით ადრე გარდასახვა ვერ გამოიყენა, მხოლოდ 1 პრემიალურ ქულას დასჯერდა და 65 ქულით მე-7-ე ადგილს დასჯერდა. შედეგად, ისინი ინგლისის მე-7-ე ადგილოსანთან ევროპის ყველაზე პრესტიჟული, ახალადშექმნილი ტურნირის საგზურისთვის ინგლისის ჩემპიონატის მეშვიდეადგილოსანს შეხვდებიან.

თამაში დაძაბული და უხეში გამოდგა. მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე წითელი ბარათით დაისაჯა, ხოლო სტუმრებმა სამჯერ მიიღეს ყვითელი ბარათი. “სტად ფრანსეს” შემადგენლობაში შეცვლაზე 79-ე წუთზე გამოჩნდნენ ქუბრიაშვილი და ჟვანია, მაგრამ დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. პარიზელებმა ტაიმი 10:3 მოიგეს, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში ჯერ ლელო, ხოლო 49-ე წუთზე ჯარიმა გაუშვეს და მდევრის როლში აღმოჩნდნენ. მასპინძლებმა ორი ჯარიმით უპირატესობა გაზარდეს, ბოლოსწინა წუთზე მიღებული ლელოთი კი, მხოლოდ საბოლოო შედეგი დაფიქსირდა.

დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა” გიორგი ჟღენტის “პერპინიანი” 25:22 დაამარცხა. ზირაქაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ჟღენტი მოედანზე 50-ე წუთზე გამოჩნდა. ამ თამაშის შედეგს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და დაძაბული ბრძოლა გაჩაღდა. შეხვედრა ფაქტობრივად ქულა-ქულაში წარიმართა. 32-ე და 33-ე წუთებზე, “კლერმონის”ორი მორაგბე ყვითელი ბარათებით დაისაჯა, მაგრამ “პერპინიანმა” ორკაციანი მეტობის გამოყენება ვერ მოახერხა და ტაიმი 16:16 დასრულდა.

მეორე ტაიმის საწყის 20 წუთში, ისინი ჯარიმით ორჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ ორივეჯერ საპასუხო ჯარიმა მიიღეს, ხოლო დასკვნით 20 წუთში მათი სამი მორაგბე რომ გაასინბინეს, “კლერმონმა” 71-ე წუთზე გამარჯვების ჯარიმაც გაიტანა და 73 ქულით რეგულარული პირველობა მესამე ადგილზე დაასრულა. პრემიალურ ქულას შეიძლებოდა “პერპინიანისთვის” მომავალი სეზონისთვის უძლიერესთა შორის ადგილი შეენარჩუნებინა, მაგრამ ერთმამისმა კონკურენტმა გამარჯვება მოიპოვა, ხოლო მეორემ პერმიალური ქულა აიღო და “პერპინიანი” 51 ქულით გასავარდნ მე-13-ე ადგილზე დარჩა.

პლეი ოფის პირველ ეტაპზე “კლერმონი” ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრს” უმასპინძლებს, რომელიც “ბაიონთან” 13:23 დამარცხდა, მაგრამ ჯამში 66 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავა. ქართველი პირველხაზელი განაცხადში არ იყო. ზაზა ნავროზაშვილის “ბორდომ” ქართველი ლეგიონერის გარეშე აუტსაიდერი “ბიარიცი” 54:20 გაანადგურა და 64 ქულით ჩემპიონატი მე-8-ე ადგილზე დაასრულა.

უმოტივაციო, გოდერძი შველიძისა და კარლენ ასიეშვილის “ბრივმა”, “ოინაქსი” 19:17 დაამარცხა და 61 ქულით მე-9-ე ადგილს დასჯერდა. ასიეშვილი განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ შესულა. სასტარტო შემადგენლობაში მყოფი შველიძე შესვენებისას შეცვალეს, მაგრამ მას გასინბინებული თანაგუნდელის ნაცვლად თამაშში დაბრუნება 67-ე წუთზე მოუწია 74-ე წუთამდე კიდევ ითამაშა.

ამრიგად, პლეი ოფის პირველ ეტაპზე “ტულუზა” “რასინგ მეტროს” მასპინძლობს, ხოლო “კლერმონი” “კასტრს” დაუხვდება. “ტულონი” და “მონპელიე” ერთი კვირა დაისვენებენ და მეტოქეებს ნახევარფინალში დაელოდებიან.

0.141904