ჩოგბურთი

20:33 | 18.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

პირველად ისტორიაში – ქართული ჩოგბურთი პარიზში

ხვალ, პარიზში “როლან გაროსის” კორტებზე სტარტს აიღებს საფრანგეთის ღია პირველობის ქალთა ტურნირის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩები, რომლებშიც ერთბაშად სამი ქართველი ჩოგბურთელი – ანა ტატიშვილი, ოქსანა კალაშნიკოვა და მაკა ჩახნაშვილი ჩაებმება. ჩვენმა გოგონებმა, რომლებიც “როლან გაროსზე” პირველად ითამაშებენ, მეტოქეთა ვინაობა დღეს გამართული კენჭისყრის შედეგად გაიგეს.
საქართველოს პირველი ჩოგანი, 20 წლის ანა ტატიშვილი (154-ე ადგილი მსოფლიოს რეიტინგში) საწყის წრეში ერთი წლით უმცროს ამერიკელ ელისონ რისკეს ეთამაშება, რომელსაც კლასიფიკაციაში 194-ე საფეხური უკავია.
თუკი ანამ ეს ბარიერი დასძლია, შემდეგ რაუნდში კვალიფიკაციაში 24-ე ნომრად განთესილ რუს ვესნა მანასიევასა და ამერიკელ ალექსა გლატჩს შორის უმჯობესს დაუპირისპირდება. ცნობისთვის, ძირითად ბადეში გასასვლელად სამი თამაშის მოგებაა საჭირო.
პარიზულ ტურნირს 23 წლის ავსტრალიელ შენონ გოლდსთან (207-ე) შერკინებით გახსნის ოქსანა კალაშნიკოვა (163). წარმატების შემთხვევაში, 19 წლის ქართველის მომდევნო მოწინააღმდეგე  მე-3 განთესვის მქონე რუმინელ ედინა გალოვიცისა და იტალიელი რომინა ოპრანდის შეხვედრაში გაირკვევა.
საწყის წრეში ყველაზე მძიმე ბრძოლა 27 წლის მაკა ჩახნაშვილს (193-ე) ელის, რომელიც მსოფლიოს 106-ე ჩოგანსა და საკვალიფიკაციო ბადეში მე-5 ნომრად მიჩნეულ სლოვაკ ზუზანა კუჩოვას გაეჯიბრება.
თუ ჩახნაშვილმა რეიტინგში გაცილებით მაღლა მდგარ მეტოქეს აჯობა, მეორე რაუნდში ბელორუს ანასტასტია იაკიმოვასა და იტალიელ კორინა დენტონს შორის გამარჯვებულს დაელოდება.
19 მაისს, საკვალიფიკაციო მატჩები სტარტს თბილისის დროით 11:00 საათიდან აიღებს. ქართველ ჩოგბურთელთა მატჩები მე-3 ნომრებადაა დანიშნული. ჩახნაშვილი მე-12 კორტზე ითამაშებს, ტატიშვილი – მეცამეტეზე, ხოლო ოქსანა – მეთოთხმეტეზე.
ცნობისთვის, წლევანდელი “როლან გაროსის” საპრიზო ფონდი 16 807 400 ევროა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166857