საქართველოს ძიუდოს ფედერაცია თბილისში გასამართი 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მოსამზადებელი პროგრამის ფარგლებში მასტერკლასების ჩატარებას იწყებს. საწვრთნელი პროცესის ოპტიმალურად წარმართვის მიზნით, 1999-2000 წლებში დაბადებული ძიუდოისტებისთვის და მათი მწვრთნელებისთვის თეორიული და პრაქტიკული ვარჯიშების ჩასატარებლად ძიუდოს ფედერაციის მიერ შერჩეულ სპეციალისტთა 5-კაციანი ჯგუფი რეგიონებში ივლის.
სიახლე პირველ ყოვლისა კახეთს შეეხო. მწვრთნელებმა გუშინ მასტერკლასი ახმეტის დარბაზში ჩაატარეს. დღეს გეგმაში გურჯაანია, ხვალ - საგარეჯო.
პროგრამის კოორდინატორი ირაკლი უზნაძეა, ამ ასაკობრივი ჯგუფის ვაჟთა ნაკრების მწვრთნელები ნესტორ ხერგიანი და ბიძინა მოხევიშვილი არიან, ხოლო გოგონათა გუნდის დამრიგებლები - თამაზ კარიაული და გიგა ბოჭოიძე.







