იმისათვის, რომ ფორმულა 1-ის რბოლები უფრო საინტერესო გახდეს, იტალიური კომპანია ”პირელი” ისეთ საბურავებს დაამზადებს, რომლებიც შედარებით მალე გაცვდება და ამიტომ, რბოლებისას მეტ პიტ სტოპს მოითხოვს. იტალიურ ჟურნალ ”ავტოსპრინტის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საშუალოდ, რბოლაზე ახალი საბურავები 3-ჯერ გამოცვლას მოითხოვს.
სხვათა შორის, ჯერ კიდევ მანამ, სანამ ფორმულა 1-ის ტენდერს მოიგებდა (რომლის მიხედვითაც, ის ფ1-ის გუნდებს რეზინით 3 სეზონის განმავლობაში მოამარაგებს), ”პირელი” იქადნიდა, რომ უფრო აგრესიულ საბურავებს შეიმუშავებდა, რაც რბოლებს უფრო საინტერესოს გახდიდა. როგორც ჩანს, მიზანი მიღწეულია, რადგან პირველივე ტესტების შემდეგ, საბურავების გამომცდელი პილოტები რეზინის თვისებებით აღტაცებულები დარჩნენ.
უნდა ითქვას, რომ ახალი საბურავების შემუშავების პროცესში, ”პირელი” გუნდებთან ინტენსიურ კონსულტაციებს გადიოდა და მათს მოსაზრებებს მაქსიმალურად ითვალისწინებდა. ამით თავად გუნდებიც იყვნენ დაინტერესებულნი, რადგან მიღებული ინფორმაცია, მათ ახალი მანქანების საკიდარის შემუშავებისას სჭირდებათ.
”ავტოსპრინტის” მონაცემებით, მყარმა საბურავებმა დაახლოებით, 30 წრეს უნდა გაუძლოს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველაზე სწრაფი 10 მანქანა სტარტზე იმ საბურავებით გავა, რომლებსაც კვალიფიკაციის დასკვნით ნაწილში გამოიყენებენ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რბოლისას მათ მინიმუმ ორჯერ მაინც მოუწევთ შესვლა.
”პირელიმ” უკვე საწვიმარი საბურავების ტესტირებაც დაიწყო, რისთვისაც აბუ დაბის იას მარინა ცირკვიტს იყენებს. ტესტებს 2009 წლის სპეციფიკაციის ”ტოიოტას” ბოლიდით, რომელიც ”პირელის” სატესტო მანქანაა, ესპანელი პედრო დე ლა როსა ატარებს.
მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ
http://formula1ge.blogspot.com/







