გერმანიის ვიცე-ჩემპიონმა და ჩემპიონთა ლიგის ფინალისტმა დორტმუნდის “ბორუსიამ” საფრანგეთის “სენტ ეტიენისგან” 24 წლის გაბონელი ფორვარდი პიერ ემერიკ ობამეანგი შეიძინა. იურგენ კლოპის გუნდის ახალწვეულმა ინტერვიუ მისცა “ბილდს”, ფეხბურთელისა და პოპულარული გამოცემის ჟურნალისტის დიალოგამდე კი მოგახსენებთ, რომ 2012-13 წლების სეზონში ობამეანგი საფრანგეთის პირველი ლიგის საუკეთესო აფრიკელ ფეხბურთელად დაასახელეს.
- როგორ გგონიათ, თქვენთვის რა იქნება უფრო რთული – დორტმუნდის “ბორუსიაში” ძირითად შემადგენლობაში ფეხის მყარად მოკიდება თუ გერმანული ენის შესწავლა?
- მონდომებას არ დავიშურებ, რათა “ბორუსიას” სრულუფლებიანი წევრი გავხდე. საკუთარი შესაძლებლობების მჯერა და ყველას დავუმტკიცებ, მაღალი კლასის ფეხბურთელი რომ ვარ. მე მგონი, უფრო რთული გერმანულის შესწავლა იქნება. ამ მიმართულებით მეცადინეობა უკვე დაწყებული მაქვს და ჯერჯერობით სატრაბახო არაფერი მაქვს.
- სენტ ეტიენში ერთ-ერთი გატანილი გოლის შემდეგ ადამიანი-ობობას ნიღაბი გაიკეთეთ და ტრიბუნებთან მიიჭერით. ანალოგიურად “ვესტფალენშტადიონის” სამხრეთი ტრიბუნის პუბლიკის გამხიარულებასაც ხომ არ აპირებთ?
- არა, ეს მხოლოდ ერთხელ გავაკეთე, ისიც ჩემი მეგობრის გასამხიარულებლად. იგი სპეციალურად ჩამოვიდა სენტ ეტიენში ჩემი თამაშის სანახავად და საქომაგოდ და ის ბურთი მას მივუძღვენი. “ბორუსიას” რიგებში გამოსვლისას ბევრი გოლის გატანას ვიმედოვნებ და ყოველი ბურთის შემდეგ სალტოს შევასრულებ. საფრანგეთში ამ აკრობატულ ელემენტს ხშირად ვასრულებდი და კარგი იქნება, თუკი დორტმუნდელ გულშემატკივრებსაც გავახარებ. სალტოს შესრულების შემდეგ ხელებს ზეცისკენ აღმართავ ხოლმე და ამ ჟესტით მადლობას ვწირავ მამაზეციერს.
- იურგენ კლოპთან მუშაობა ხომ არ გიჭირთ? ახალი დამრიგებლის მეთოდებთან შეგუება არცთუ იოლია...
- არა, რას ამბობთ, კლოპი ბრწყინვალე ადამიანი და საფეხბურთო სპეციალისტია. იგი პირადად რამდენჯერმე გამესაუბრა და მირჩია დავმშვიდებულიყავი. თუკი მშვიდად ივარჯიშებ და დამიჯერებ, ყველაფერი კარგად იქნებაო, განმიცხადა ჰერ იურგენმა. კლოპს ბოლომდე ვენდობი და მის ნებისმიერ მითითებას ჩემთვის კანონის ძალა აქვს.
- თქვენ საფეხბურთო ოჯახის წარმომადგენელი ხართ. მამა წლების განმავლობაში გაბონის ეროვნული გუნდის ღირსებას იცავდა. მშობელი თქვენი ყველაზე დიდი კრიტიკოსია? მის მითითებებს ასრულებთ?
- მამა მართლაც მაღალი კლასის მოთამაშე გახლდათ. ჩემგან განსხვავებით იგი მცველი გახლდათ, საერთო კი ის გვაქვს, რომ მამაჩემიც ძალიან სწრაფი იყო. იგი 100 მეტრს 11 წამში ფარავდა. რასაკვირველია, მის რჩევა-დარიგებებს გულისყურით ვუსმენ და ვასრულებ. თუმცა, მამას კრიტიკოსს ვერ ვუწოდებდი – იგი უფრო ჩემი მრჩეველია.
- მართალია, თითქოს 100 მეტრ დისტანციაზე რბენისას საწყის 30 მეტრს ლეგენდარულ იამაიკელ სპრინტერზე უსეინ ბოლტზე უფრო სწრაფად დარბიხართ?
- ბოლტი უდიდესი მძლეოსანია და ჩვენი შედარება უადგილოდ მიმაჩნია. უსეინი სისწრაფეს განსაკუთრებით 30-40 მეტრის დაფარვის შემდეგ უმატებს. ეს მისი საასპარეზო სტილია და რომ სჭირდებოდეს, საწყის 30 მეტრსაც უფრო მაღალ ტემპში გაირბენდა. მე რაც შემეხება, მართლაც სწრაფად დავრბივარ, მაგრამ ისეთ მძლეოსანთან გაჯიბრება, როგორიც ბოლტია, ჩემი საქმე არაა.
- 24 წლის ხართ და უკვე 2 წლის ვაჟი გყავთ. მშობლის პასუხისმგებლობა ადრეულ ასაკში იტვირთეთ მხრებზე...
- ჩემი მეგობარი გოგონა და შვილი კერტისი ფეხბურთშიც და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ბურჯები არიან. მას შემდეგ, რაც ქვეყნიერებას კერტისი მოევლინა, უფრო მშვიდი, გაწონასწორებული, სტაბილური და ძლიერი გავხდი. მშობლად გახდომამ სწორი ცხოვრებისეული ბიძგი მომცა. ოჯახის წევრებისგან ყოველწუთიერად მხარდაჭერას ვგრძნობ.
- უცნაური და არაორდინალური ვარცხნილობით გამოირჩევით. დიდი დრო გეხარჯებათ მის დასაყენებლად?
- მაქსიმუმ 5 წუთი. ვარცხნილობასთან გამკლავება ჩემთვის სირთულეს არ წარმოადგენს.
- თეთრი ფერის “ფერარით” დაჰქრიხართ. იტალიაში ეს ლამის ჩვეულებრივი მოვლენაა, საფრანგეთსა და გერმანიაში კი ამას სხვაგვარად აფასებენ. ავტომობილის გამო ყურადღებას გაპყრობენ?
- მე მიყვარს ავტომობილები და ამის გამო ჩემზე რას ამბობენ, იოტისოდენადაც არ მაინტერესებს. საკუთარ ხასიათს და ინტერესებს ვერ შევიცვლი. ჩემ ირგვლივ გავრცელებული სტერეოტიპები ყოველთვის ზუსტად ვერ ასახავს პიერ ემერიკ ობამეანგის პიროვნებას. უფრო პირიქითაა – წყნარი, თავშეკავებული, მე ვიტყოდი მორცხვი ადამიანიც კი ვარ. მანქანები კი, ფეხბურთის შემდეგ, ჩემი მეორე სიყვარულია.