ჭიდაობა

19:38 | 17.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

პეტრიაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს, ხინჩეგაშვილმა და მარსაგიშვილმა დაასრულეს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის, ბუდაპეშტური მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღეც წარუმატებელი გამოდგა. მართალია, მედლის შანსი რევაზ მინდორაშვილის გაწვრთნილ გუნდს ჯერ კიდევ რჩება, მაგრამ ეს ის არაა, რასაც გულშემატკივრები დღეს ელოდნენ.

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა დავით მარსაგიშვილმა (84 კგ), ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მერვედფინალში დაკარგა ირანელ ეხსან ლაშგარისთან წაგებით. ლონდონის ოლიმპიური თამაშების ფინალისტი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60 კგ) კი მეოთხედფინალამდე მივიდა და იქ წააგო მონღოლ ნიამ-ოჩირ ენხსაიხანთან.

ლაშგარიმ და ენხსაიხანმა ფინალში გასვლა ვერ შეძლეს და ქართველ მოჭიდავეებს ბრინჯაოს გზაც ჩაეკეტათ.

მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი, ორი შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ, ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების ტიტულოვან წევრ ჰაჯიმურატ გაცალოვთან დამარცხდა და რეპეშაჟის ფინალში გადაინაცვლა. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში, 19 წლის ქართველი, ჩინელ ჟივეი დენგს დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21 საათიდან დაიწყება.

 

 


 

0.115677