საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 14 სპორტსმენით გამოვა. ჩელიაბინსკში წასაყვანი შემადგენლობა ნაკრების ავსტრიელმა თავკაცმა პეტერ ზაიზენბახერმა ცოტა ხნის წინ, ძიუდოს აკადემიაში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე დაასახელა. ავსტრიელმა სპეციალისტმა ევროგანაცხადი უცხოურ შეკრებებზე ნამყოფი შეგირდებით შეავსო. გამონაკლისი კი, მოლოდინისამებრ, 100 კილოგრამ წონით კატეგორიაზე დაუშვა, სადაც ირაკლი ცირეკიძეს დისკვალიფიკაციის გამო ბოლო სამ თვეში გამართული ყველა ტურნირი და მოსამზადებელი შეკრება გაუცდა. ქართული გუნდის ყველაზე ტიტულოვანმა წევრმა სასჯელი მოიხადა და საერთაშორისო არენას ჩელიაბინსკში დაუბრუნდება.
“ოლიმპიური წელია და ევროპის ჩემპიონატსაც ლონდონის ოლიმპიადისთვის ერთ-ერთ მოსამზადებელ ტურნირად განვიხილავთ. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შედეგისთვის არ ვიბრძოლებთ. ვფიქრობ, გუნდის ყველა წევრს შეუძლია მედლის აღება. კარგი იქნება, თუკი შარშანდელი ევროპირველობის შედეგს (2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო) გავიმეორებთ. გაუმჯობესებაც შეიძლება. ბიჭები ფიზიკურად ძალიან კარგად არიან და ამას თავადაც გრძნობენ. უძლიერეს ნაკრებებთან ერთად გავლილმა შეკრებებმა თავდაჯერებაც შემატათ. არის მცირე ტრავმებიც, მაგრამ საგანგაშო არაფერია. რაც შეეხება ირაკლი ცირეკიძეს, იგი ბოლო სამი თვე ინდივიდუალურად თავად წარმართავდა სავარჯიშო პროცესს და ალბათ გარკვეულ დონეზე ისიც მზად იქნება”, – განაცხადა ზაიზენბახერმა.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ალექსიძემ კი აღნიშნა, ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენებ შედეგებს ოლიმპიური შემადგენლობის დასაკომპლექტებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება. ლონდონისთვის მზადება ევროპირველობის შემდეგ ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში გაგრძელდება. ნაკრების კანდიდატები კიდევ ორ საერთაშორისო ტურნირში და არაერთ შეკრებაში მიიღებენ მონაწილეობას და არჩევანი ამ ციკლის ბოლოს საუკეთესოებზე გაკეთდება. საუბარია იმ წონებზე, რომლებშიც სალიცენზიო ნორმატივი ერთზე მეტ ძიუდოისტს აქვს შესრულებული.
ქართული დელეგაცია რუსეთში 24 აპრილს გაემგზავრება. 26-28 აპრილს მედლები ინდივიდუალურ პირველობაში გათამაშდება, ხოლო 29-ში – გუნდურში. აქვე ნაკრების შემადგენლობაც:
60 კგ
ამირან პაპინაშვილი
ბეთქილ შუკვანი
66 კგ
ლაშა შავდათუაშვილი
შალვა ქარდავა
73 კგ
ნუგზარ ტატალაშვილი
ზებედა რეხვიაშვილი
81 კგ
ავთანდილ ჭრიკიშვილი
ლევან წიკლაური
90 კგ
ვარლამ ლიპარტელიანი
ზურაბ ზვიადაური
100 კგ
ლევან ჟორჟოლიანი
ირაკლი ცირეკიძე
+100 კგ
ადამ ოქრუაშვილი
ზვიად ხანჯალიაშვილი
ოთარ მაღლაკელიძე







