“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი დანიელი მეკარე პეტერ შმაიხელი ამჟამად ოლდ ტრაფორდელთა კლუბის საფეხბურთო ელჩია. ტიტულოვანმა სკანდინავმა გოლკიპერმა ინტერვიუ მისცა Sky Sports-ს და გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელ დევიდ მოიესს მხარდაჭერას უცხადებს, მომავალ ზაფხულს კი “იუნაიტედის” შემადგენლობა საგრძნობლად შეიცვლება.
- როგორ თვლით “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დევიდ მოიესის დანიშვნამ გაამართლა?
- ჩემი აზრით, მოიესი კარგი არჩევანია. ჯერ კიდევ ლივერპულის “ევერტონში” მუშაობისას შოტლანდიელმა სპეციალისტმა დაამტკიცა, რომ მას საფეხბურთო დამრიგებლისთვის აუცილებელი ნიჭი აქვს. დევიდს პერსპექტივაზე გათვილი მოღვაწეობა შეუძლია და კლუბის ხელმძღვანელობის სურვილია, მოიესმა “ოლდ ტრაფორდზე” შეძლებისდაგვარად დიდხანს იმუშაოს.
- მიმდინარე სეზონში მოიესის საქმიანობაზე რას გვეტყვით?
- მიმდინარე სეზონი დევიდისთვის მეტად რთული გამოდგა. მაგრამ ამას თავისი პლუსებიც საკმარისად გააჩნია. მოიესს საკუთარი თავის და შესაძლებლობების უკეთ შეცნობის საშუალება მიეცა. თუკი შოტლანდიელმა მკაცრ გამოცდას გაუძლო, სამომავლოდ კიდევ უფრო გამობრძმედილ სპაციალისტად ჩამოყალიბდება.
- “მანჩესტერმა” როგორი სატრანსფერო პოლიტიკა უნდა გაატაროს?
- მომავალ სატრანსფერო ფანჯრის მსვლელობისას გუნდმა რამდენიმე ახალი ფეხბურთელი უნდა დაიმატოს. ჯერჯერობით კონკრეტული რაოდენობის დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ არჩევნისას შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. როდესაც “მანჩესტერ იუნაიტედის” წევრი ხდები, საკუთარ მხრებზე დიდი პასუხისმგებლობის ატვირთვისთვის განწყობილი უნდა იყო. ყოველთვის ბოლომდე უკომპრომისო ბრძოლა და გუნდისთვის რთულ დღეებშიც კი მაქსიმუმის გამოვლენისკენ სწრაფვაა აუცილებელი. სამწუხაროდ, გუნდის რამდენიმე მოთამაშეს ამ თვისებებს ნაკლებად ვამჩნევ.
- კონკრეტულად “იუნაიტედის” რომელი ფეხბურთელებით ხართ უკმაყოფილო?
- ზაფხულის დასაწყისში კლუბის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რომელ ფეხბურთელზე შეიძლება დაყრდნობა და რომელზე არა. მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს “მანჩესტერს” ბევრი მოთამაშე დატოვებს.
- “ოლდ ტრაფორდზე” ფერგიუსონის მრავალწლიან მოღვაწეობას როგორ შეაფასებთ? “იუნაიტედის” წარმატებები სერ ალექსის დამსახურებაა?
- დიდწილად. სერ ალექსი თანამედროვე ფეხბურთში მიმდინარე პროცესებს ყოველთვის ზედმიწევნით ზუსტად გრძნობდა. ფერგიუსონმა კარგად იცოდა, როგორ “გამოედნო” თითოეული ფეხბურთელისგან მაქსიმუმი. იგი ყოველთვის წინ იყურებოდა და არა მარტო მომდევნო მატჩზე აკეთებდა გათვლას, არამედ 3-4 სეზონის პერსპექტივასაც სახავდა. კარგად მახსოვს, ერთხელ კერინგტონში მასთან ერთად ვსეირნობდი, გვერდით გუნდის ახალწვეულმა ჩაგვიარა და ფერგიუსონმა მითხრა, ეს ბიჭი 15 თვის შემდეგ “იუნაიტედის” ძირითად შემადგენლობაში მოიკიდებს ფეხსო. შოტლანდიელი ყველაფერს წინასწარ დასახული გეგმის მიხედვით აკეთებდა, თუმცა, თავად მოთამაშეებს არასდროს უმხელდა ხოლმე სამომავლო პერსპექტივას.
- თავის დროზე “იუნაიტედის” კარიც დაგიცავთ და “სიტისაც”. რომელი გუნდისკენ იხრება თქვენი სიმპათია?
- თხემით ტერფამდე “მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივარი ვარ და სიცოცხლის ბოლომდე ოლდ ტრაფორდელთა ქომაგად დავრჩები. კარიერის მიწურულს “სიტიშიც” ვითამაშე და კევინ კიგანის მადლობელიც ვარ, მაგრამ “იუნაიტედს” ვერაფერი შემიცვლის.