სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

1:15 | 30.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

პეტერ გრაიციარი: “შეგვწევს უნარი, რომ ევროასპარეზზე წარმატებულად გამოვიდეთ”

ავსტრიაში მიმდინარე შეკრების დასკვნითი მატჩის წინ თბილისის “დინამოს” ოფიციალური გვერდისთვის კომენტარი გუნდის სლოვაკმა ლეგიონერმა პეტერ გრაიციარმა  გააკეთა.

- როგორ მიმდინარეობს მოსამზადებელი ეტაპი ავსტრიაში?

- ყველაფერი ბრწყინვალედ მიდის. მთებში ვართ, რაც ძალიან კარგი და სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის. აქტიურად მიდის ფიზიკური კონდიციების ამაღლება. ყოველდღიურად ვვარჯიშობთ და ვფიქრობ, ახალ სეზონს მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდებით. თავად გარემოც და პირობებიც შესანიშნავი გვაქვს.

- რას იტყოდი შეკრებაზე ჩატარებულ მატჩებზე?

- ჩვენ საკმაოდ ძლიერ გუნდებთან კარგი ხარისხის თამაშები ვაჩვენეთ. გუნდებთან, რომლებიც ყოველ წელს ასპარეზობენ ჩემპიონთა და ევროპის ლიგის ჯგუფში. კიევთან სამწუხაროდ დავმარცხდით, თუმცა გვქონდა კარგი მომენტები და შეიძლებოდა მარცხის თავიდან აცილება. “შახტართან” კარგი თამაში ვაჩვენეთ და ვფიქრობ, დამსახურებულად ვიმარჯვეთ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამხანაგური სტატუსის მიუხედავად საკმაოდ დაძაბული და საინტერესო მატჩი გამოდგა. “კლუჟთანაც” სასარგებლო სპარინგი გამოგვივიდა და ფრეც, ალბათ, ორივე გუნდისთვის მისაღები შედეგი იყო.

- “კლუჟთან” ბოლო მატჩი გუნდმა შენს გარეშე ჩაატარა. რა იყო ამის მიზეზი?

- თამაშამდე ორი დღით ადრე კუნთში ვიგრძენი ტკივილი. დუშანთან უჰრინთან შეთანხმებით  გადაწყდა, რომ “კლუჟთან” შეხვედრა გამომეტოვებინა და რისკის ქვეშ არ დავმდგარიყავი. ახლა, თავს მშვენივრად ვგრძნობ და მზად ვარ “კრასნოდართან” საასპარეზოდ.

- როგორ ფიქრობ, რამდენად მზადაა გუნდი ევროთასებზე საასპარეზოდ?

- ჩვენ ვემზადებით, ვეთამაშებით ძლიერ კლუბებს და მგონი, ცუდად არ გამოვიყურებით ამ თამაშებში. ვფიქრობ, შეგვწევს უნარი, რომ ძლიერ გუნდებს ტოლ-სწორად ვეთამაშოთ და ევროასპარეზზე წარმატებულად გამოვიდეთ.

- როგორ გრძნობს პეტერი თავს გუნდში?

- ძალიან მოხარული ვარ, რომ “დინამო” თბილისის ოჯახის წევრი ვარ. წელს დუბლი შევასრულეთ და ეს ბრწყინვალე შედეგია, თან როგორც ვიცი ასეთი შედეგი გუნდს ბოლოს ათი წლის წინ ჰქონდა. გუნდში ყველასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ჩემი დიდი სურვილია წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ან ევროპის ლიგის ჯგუფში ვიასპარეზოთ.

www.fcdinamo.ge

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.103772