ფეხბურთი

14:31 | 24.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

პერტია, კლიმიაშვილი და დვალი ლატვიის ჩემპიონატს მიღმა

ლატვიის საფეხბურთო ვირშლიგაში (უმაღლესი ლიგა) სეზონი რიგის “სკონტოს” გარეშე დაიწყო, რომლის მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტიაა, ხოლო ქართველი ფეხბურთელებიდან ირაკლი კლიმიაშვილი და ლაშა დვალი ირიცხებიან.

ლატვიის ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყნის ყველაზე ტიტულიან კლუბს ჩემპიონატში მონაწილეობისთვის ლიცენზია არ მისცა და ქართულ სამეულსაც ახალი კლუბის ძებნა მოუწევს. 

პირველ ტურში “ვენტსპილსმა” რიგის “დაუგავა” მიიღო და 2:0 აჯობა. თორნიკე თარხნიშვილი მასპინძლების რიგებში თამაშში 68-ე წუთიდან ჩაერთო.

“იურმალამ” საკუთარ მოედანზე “იელგავასთან” 1:3 წააგო. გიორგი დიაკვნიშვილი მასპინძლების 18-კაციან განაცხადში იმყოფებოდა, მაგრამ არ უთამაშია.

იურმალას “სპარტაკსი” შინ “დაუგავპილსთან” 0:1 დამარცხდა. მიხეილ როსტიაშვილი “სპარტაკსში” შეცვლაზე 71-ე წუთზე შევიდა. 23 წლის ქართველი შემტევი იურმალელებს სეზონის დაწყებამდე შეუერთდა.

ტურკუს “ინტერის” ფორვარდმა ირაკლი სირბილაძემ ფინეთის თასზე გოლი გაიტანა. მე-5 რაუნდში ქვედალიგელ  ვიფკ-ს 2:0 აჯობა და მე-6 წუთზე შორი მანძილიდან დარტყმით ანგარიში სირბილაძემ გახსნა. 

უზბეკეთის უმაღლესი ლიგის მე-2 ტურში, ტაშკენტის “ფახთაქორმა”, რომელსაც კახა მახარაძე კაპიტნობს გასვლაზე ფერღანის “ნეფთჩის” 2:1 მოუგო. მახარაძემ 90 წუთი ითამაშა. ლევან გვაზავა ფერღანელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს.

ყაზახეთის პრემიერლიგის მე-2 ტურში, “ატირაუმ”, რომელშიც გიორგი ფეიქრიშვილი გამოდის, თავის მოედანზე “ტობოლს” ვერ მოუგო – 0:0. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე შეცვლაზე 76-ე წუთზე შევიდა.

“ჟეტისუმ”, რომელსაც ომარ თეთრაძე წვრთნის, ალმატის “ქაირათს” უმასპინძლა და 1:0 სძლია.

მოლდოვის ნაციონალური დივიზიის (უმაღლესი ლიგა) 23-ე ტურში, “ტირასპოლმა” “დინამო-ავტოს” უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. ლაშა ჯაფარიძემ “ტირასპოლელებში” თავიდან ბოლომდე ითამაშა. “ტირასპოლს” 51 ქულა აქვს და 12 გუნდში მე-2 ადგილზეა.

კვიპროსის პირველ დივიზიონში გუნდები ზედა და ქვედა ექვსეულებად დაიყვნენ. “ერმისმა”, რომელიც ზედა ექვსეულში პირველ ტურში შინ აპოელ-თან 1:2 წააგო. ლევან მაღრაძემ დამარცხებულების სასტარტოში იყო და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე შეცვალეს. “ერმისი” 52 ქულით მე-4 პოზიციაზეა.

რუსეთის პირველი დივიზიონის 28-ე ტურში ნალჩიკის “სპარტაკი” ვლადივოსტოკში ადგილობრივ “ლუჩ-ენერგიასთან” 0:1 დამარცხდა. დავით სირაძე ნალჩიკელთა 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა. გიორგი ჯიქიამ სრულად ითამაშა, ხოლო გუჯა რუხაია მოედანზე 59-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. “ლუჩ-ენერგიაში” გურამ თეთრაშვილს არ უთამაშია, რადგან ტრავმირებულია. ნალჩიკელებს 33 ქულა აქვთ და 19 გუნდში მე-12 ადგილზე არიან. ვლადივოსტოკელები 44 ქულით მეხუთე პოზიციაზე იმყოფებიან.

“ნეფტეხიმიკი” ნიჟნეკამსკში ტულის “არსენალთან” 2:3 დამარცხდა. მერაბ ურიდია მასპინძლების სასტარტოში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს. “ნეფტეხიმიკი” 18 ქულით მეთვრამეტეა.

გერმანიის მე-3 ლიგის 30-ე ტურში “ჰალეშერმა” გასვლაზე “ჰემნიცთან” 1:1 ითამაშა. აკაკი გოგიამ სტუმრებში მოედანზე პირველიდან ბოლო წუთამდე დაჰყო. “ჰალეშერი” 42 ქულით 20 გუნდში მერვეა.

0.125727