ფეხბურთი

17:13 | 7.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

პერტია, დვალი და კლიმიაშვილი ევროთასებზე ვერ ითამაშებენ

რიგის “სკონტო”, რომლის მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტიაა და სადაც ლაშა დვალთან ერთად, ირაკლი კლიმიაშვილი გამოდის, მომავალი სამი სეზონის განმავლობაში ევროთასებზე ვერ ითამაშებს. ასეთი გადაწყვეტილება უეფას ფინანსური კონტროლის კომიტეტმა მიიღო.

შარშან “სკონტომ” ლატვიის საფეხბურთო ვირსლიგაში მე-2 ადგილი დაიკავა და ევროპი ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა ეასპარეზა. თუმცა, უეფას გადაწყვეტილებით რიგელები 2014-2015, 2015-2016 და 2016-2017 წლების სეზონებში ევროთასებს გამოაკლდებიან. ევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ასეთი ნაბიჯი კლუბში არსებული არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობის გამო გადადგა. ჯერ კიდევ შარშან უეფამ “სკონტო” 40000 ევროთი დასაჯა და ევროთასებიდან მოკვეთით დაემუქრა თუ მწვრთნელების, ფეხბურთელებისა და კლუბის პერსონალის წინაშე არსებულ ფინანსურ დავალიანებას გარკვეულ დრომდე არ დაფარავდნენ.

შეგახსენებთ, რომ “სკონტოს” ლატვიის ფეხბურთის ფედერაცია ფინანსური პრობლემების გამო არც ვირსლიგაში მონაწილეობის ნებას რთავდა, მაგრამ ბოლო მომენტში დათმობაზე წავიდა და გუნდი ჩემპიონატში მეორე ტურიდან ჩაერთო.

“სკონტოსთან” ერთად უეფამ ამავე ვადით ევროთასებზე თამაში უკრაინულ დონეცკის “მეტალურგსაც” აუკრძალა, რომელსაც რიგელების მსგავსი პრობლემები აქვს.

0.127178