საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში ფუნქციონერებას იწყებს საერთო საცხოვრებელი რეგიონებში მცხოვრები მოჭადრაკეებისათვის. არათბილისელ ახალგაზრდა, პერსპექტიულ მოჭადრაკეებს საშუალება ექნებათ უფასოდ იცხოვრონ ჭადრაკის სასახლეში არსებულ საერთო საცხოვრებელში და დაესწრონ თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიაში გამართულ ლექცია-სემინარებს.
საცხოვრებელი ასევე განკუთვნილია უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტებისთვის, რომლებიც ტრენინგებს ჩაუტარებენ ქართველ მოჭადრაკეებს.
მსგავსი პრაქტიკა დიდი ხანია აპრობირებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩინეთის მაგალითი, სადაც სელექციის წესით შერჩეულ ნიჭიერ მოზარდთა დიდი ჯგუფი თითქმის მთელი წლის განმავლობაში ცხოვრობს და პარალელურ რეჟიმში გადის წვრთნებს ჭადრაკის ფედერაციასთან არსებულ მოზარდთა საჭადრაკო აკადემიაში.