გულშემატკივრის სვეტი

11:40 | 20.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

პეპის მიუნჰენური ოდისეა

ხოსეპ გვარდიოლას მიუნჰენის “ბაიერნში” გადასვლამ ევროპულ პრესაში საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვია. ახალგაზრდა ესპანელმა მწვრთნელმა მშობლიურ კატალონიაში უკვე არაერთგზის დაამტკიცა, რომ მწვრთნელად არის დაბადებული და სამწვრთნელო საქმეში შესაშური ნიჭიერებითა და ალღოთი გამოირჩევა. მაგრამ, გერმანული ფეხბურთი და მით უმეტეს მიუნჰენური გიგანტი ცოტა სხვა რამაა... “ბაიერნის“ დირექტორატის ხუშტურების ამბავი ვინც იცით, ალბათ დამეთანხმებით, რომ ახალგაზრდა კატალონიელს ამ ხალხთან მორიგება შეიძლება ძალიან გაუჭირდეს.
გვარდიოლამ გერმანელებთან სამწლიან კონტრაქტზე მოაწერა ხელი, რაც პეპისგან ცოტა არ იყოს გასაკვირი ნაბიჯია. აქამდე გვარდიოლა ირწმუნებოდა, რომ კლუბთან გაფორმებული მრავალწლიანი კონტრაქტები მწვრთნელებს ადუნებს და თვითკმაყოფილებას ანიჭებთ, როს გამოც მწვრთნელი სწრაფად მისაღწევ შედეგებზე ორიენტირებული ვერ გახდება. თუმცა, როგორც ხედავთ, გვარდიოლამ საკუთარი სიტყვები გადაივიწყა და ახალი კონტრაქტის მიხედვით, იგი 2016 წლამდე ”ბაიერნის“ მთავარი მესაჭე იქნება.
სამი წელიწადი არც ისე დიდი დროა, განსაკუთრებულად დიდვადიან კონტრაქტად რომ შევაფასოთ. მით უმეტეს, როდესაც აქვე გვაქვს თვალნათელი მაგალითები თუნდაც სერ ალექს ფერგიუსონისა და არსენ ვენგერის სახით, იმისა, რომ ერთ გუნდში დიდი ხნით მუშაობითაც მიიღწევა დიდი შედეგები. ის კი ცხადია, რომ მომდევნო სამი წელიწადი გერმანული და არამხოლოდ გერმანული ფეხბურთის ქომაგებს, აუცილებლად განსაკუთრებულად დაამახსოვრდებათ (თუ შემდგომში გვარდიოლამ კვლავ არ გააგრძელა კონტრაქტი) რა შედეგებსაც არ უნდა მიაღწიოს გვარდიოლამ.
ახლა ისევ ”ბაიერნის“ დირექტორატის წევრების ხუშტურებს მინდა დავუბრუნდე. მიუნჰენური გუნდიდან ბოლო წლებში წასული (მოხსნილი თუ საკუთარი ნებით თანამდებობიდან გადამდგარი) მწვრთნელების აბსოლუტური უმრავლესობა წარუმატებლობის მიზეზად გუნდის მფლობელებთან და მმართველებთან შეუთანხმებლობას ასახელებდა. გერმანიაში მრავალი საინტერესო და ტიტულოვანი კლუბი არსებობს, მაგრამ ”ბაიერნი“ სხვათაგან უპირველესად იმითაც გამოირჩევა, რომ ამ გუნდის ხელმძღვანელობა ყოველი სეზონის დასაწყისში ”მამალ ბუს არ ისვამენ თავზე“ და გამუდმებულად აცხადებენ, რომ ის წელიწადი ”ბაერნის“ ტრიუმფისა იქნება. წლები კი გადის და 12 წლის წინ აღებული ჩემპიონთა ლიგის თასის შემდეგ, მიუნჰენური გიგანტის წარმატებები გერმანიის მასშტაბს არ გაცდენია. “ბაიერნის“ ხელმძღვანელობის მუდმივმა ტრაბახმა მიუნჰენელი ქომაგებიც კი დაღალა და შარშან, ჩემპიონთა ლიგის მორიგ ფინალში დამარცხების შემდეგ, ქომაგებმა კლუბის ხელმძღვანელებს ობსტრუქცია მოუწყეს. კარგად მახსოვს გერმანელი ქომაგების მიერ გამოფენილი ერთ-ერთი საპროტესტო პლაკატი, სადაც დაახლოებით ასეთი რამ ეწერა: “გერმანელბი საქმის მკეთებელი ხალხი ვართ. თქვენ კი ტრაბახის მეტს არაფერს აკეთებთ!“ დამეთანხმებით, მართლაც მრავლისმთქმელი სიტყვებია და ალბათ ყველაზე კარგად ასახავს “ბაიერნის“ უახლოეს წარსულსა და აწმყოს.
ევროტურნირები ვახსენე და ფაქტია, რომ მიუნჰენური გუნდი ბოლო პერიოდში ვერც შიდა პირველობაზე ბრწყინავს. დორტმუნდის ”ბორუსიას“ ორწლიან ჰეგემონობასაც რომ დავანებოთ თავი, “ბაიერნისთანა“ გრანდმა ძალიან უნდა ”მოინდომოს”, რომ ჩემპიონის ტიტული არც მეტი, არც ნაკლები, ”ვოლფსბურგს“ დაუთმოს. იმ “ვოლფსბურგს“, რომელსაც დიდი ოტმარ ჰიტცფელდის ფორმაციის “ბაიერნი“ თავისზე წინ არასოდეს გაუშვებდა და არც გაუშვია! ასე რომ, პეპ გვარდიოლას წინ დიდი ბატალიები ელის როგორც კლუბის ბოსებთან, ასევე ფეხბურთელებთანაც! მაგრამ, მრავალი წინმხვედრი პრობლემების მიუხედავად, თუკი კაცი გვარდიოლას ნიჭსა და ტალანტს იცნობს, აუცილებლად უნდა სჯეროდეს, რომ ამ კაცს მართლაც ბევრის გაკეთება შეუძლია!
გვარდიოლა “ბაიერნის“ მწვრთნელად სულ რამდენიმე დღის წინათ დაინიშნა და სკეპტიკოსებმა უკვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ხოსეპის “ბარსელონური სტილი” გერმანულ ფეხბურთს ვერ შეეხამება და “ბაიერნის“ სახით შესაძლებელია ბავარიულ-კატალონიური ფეხბურთის უშნო ჰიბრიდი მივიღოთ.

წინასწარ გადაჭრით რაიმეს თქმაა ძნელია, მარამ ეს ის გამოწვევაა, რომელზეც გვარდიოლა ალბათ უნდა წასულიყო. მან უნდა დაამტკიცოს, რომ კარგი მწვრთნელი ყველაგან კარგი მწვრთნელია და დიდი ფეხბურთი კონკრეტულ სათამაშო სტილში არ უნდა იზღუდებოდეს. ასეა თუ ისე, მადლობა პეპ გვარდიოლას, რომ საინტერესო მომდევნო 3 წელიწადი გვაჩუქა!

ლევან სეფისკვერაძე       
 

0.11665