ესპანეთის ნაკრებისა და “ლივერპულის” 30 წლის წლის მეკარე პეპე რეინა კინოფილმ “დაუმორჩილებელში” გადაიღეს. რეჟისორ ხავიერ ფესერის სურათი კომედიის ჟანრისაა, რეინა კი დაუმარცხებელ რომაელ მეომარ ავრელიუსს ანსახიერებს. პეპე პირველი პროფესიონალი ესპანელი ფეხბურთელია, რომელიც კინოსურათის მთავარ როლში გადაიღეს. პეპესთან ერთად გადაღებებში მონაწილეობა მისმა მამამ მიგელმა, აგრეთვე ჩავიმ, სანტი კასორლამ, ჟორდი ალბამ და “ფურია როხას” კიდევ რამდენიმე წევრმა მიიღეს.
ამასობაში სანაკრებო მატჩების ჩატარების თარიღი მოახლოვდა. მომავალი მუნდიალის შესარჩევ მატჩებში ესპანეთის ეროვნული გუნდი ფინეთსა და საფრანგეთს დაუპირისპირდება. სავარაუდოდ, ამ შეხვედრებში ვისენტე დელ ბოსკე თავისი გუნდის დაცვას პეპე რეინას მიანდობს. პირენელთა ნაკრების გოლკიპერთან ინტერვიუს “ელ მუნდო დეპორტივო” აქვეყნებს.
- პრემიერლიგის ბოლო 2 მატჩი ტრავმის გამო გამოტოვეთ. ამჟამად როგორ ფორმაში ხართ?
- ფეხის კუნთის დაზიანების გამო “ტოტენჰემთან” ვერ ვითამაშე, “საუთჰემპტონთან” შეხვედრის წინ თითქოს მზად ვიყავი, მაგრამ საბოლოოდ ექიმებმა მაინც დასვენება მირჩიეს. რთულ მომენტებში “ლივერპულის” ერთგული გულშემატკივრები გვამხნევებენ და გვერდით გვიდგანან. ისე კი, ჩემი უთამაშებლობა გუნდს ნაკლებად ეტყობა. ავსტრალიელი ბრედ ჯონსი გამოცდილი და მაღალი კლასის მეკარეა. საერთოდაც, “ლივერპულში” ყოველ სათამაშო ადგილას ჯანსაღი კონკურენციაა, რაც ფეხბურთელებს დამატებით სტიმულს აძლევს.
- ბოლო დროს აქტიურად საუბრობენ იმის თაობაზე, რომ ახალი სეზონიდან “ენფილდიდან” აიბარგებით და კარიერას ბარსელონას “კამპ ნოუზე” განაგრძობთ. რამდენად სარწმუნოა ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ეს ვერსია?
- “ბარსაში” გადასვლის საკითხი ჩემზე ნაკლებადაა დამოკიდებული. ამის თაობაზე კლუბებმა უნდა მოილაპარაკონ, თუმცა, ლივერპულში თავს მშვენივრად ვგრძნობ და აქედან წასვლა ნამდვილად არ მინდა. მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონა” უდიდესი კლუბია და თავის დროზე მის კარს მამაჩემი იცავდა, კატალონიაში გადასვლაზე ნაკლებად ვფიქრობ. ამის მიზეზი არანაკლები ისტორიის მქონე “ლივერპულია”.
- ბარსელონაში თქვენი გადაბარგების თაობაზე ცნობა მას შემდეგ გავრცელდა, რაც ვიქტორ ვალდესმა უარი განაცხადა კამპ ნოუელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, თქვენ კი მასმედიელებმა მის შემცვლელად მიგიჩნიეს...
- ახალს ვერაფერს გეტყვით, მხოლოდ საგაზეთო ინფორმაცია მაქვს. ვიქტორი ჩემი მეგობარია და მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ეტყობა, მას აქვს რაღაც მიზეზი, რის გამოც “ბარსელონასთან” ხელშეკრულებას არ ახანგრძლივებს. პირადად ჩემთვის ვალდესს არაფერი უთქვამს.
- პარასკევს მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ფინეთს შეხვდებით, შემდეგ კი საკვალიფიკაციო ციკლის უმთავრეს მატჩში საფრანგეთთან მოგიწევთ თამაში. რამდენად მზად ხართ ამ პრინციპულ შეხვედრებში “ფურია როხას” ღირსების დასაცავად?
- იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრებში მწვრთნელები კარის დაცვას მანდობენ. ეს მხოლოდ იკერ კასილასის არყოფნას არ უკავშირდება. ნაკრებში სათამაშოდ ყოველთვის მზად ვარ. სხვა საკითხია, რომ კარის ხაზზე ადგილს ხშირად ვერ ვიკავებ. მინდორზე მხოლოდ 11 ფეხბურთელი ასპარეზობს და ესპანეთის ეროვნულ გუნდში დაძახება უკვე დიდი პატივია. მე კი საკუთარ შანსს მუდამ მოუთმენლად ველი.
- ესპანეთის ნაკრებში ყველაზე ახლო ურთიერთობა რომელ ფეხბურთელებთან გაქვთ?
- “ფურია როხა” ერთ მუშტად შეკრეული, მეგობრებისა და თანამოაზრეებისგან შემდგარი კოლექტივია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამდენს ნამდვილად ვერ მივაღწევდით. ნებისმიერ წევრთან კარგი დამოკიდებულება მაქვს, საუკეთესო მეგობრად კი დავიდ ვილიას ვთვლი. სამწუხაროდ, მან ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატი გამოტოვა და მოხარული ვარ, იგი კვლავინდებურად ეროვნულ გუნდში რომ ითამაშებს.
- რა აზრის ხართ დიეგო ლოპესზე, რომელსაც ჟოზე მოურინიომ მადრიდის “რეალში” ტრავმირებული კასილასის ნაცვლად უხმო?
- დიეგო ძალიან კარგად და საიმედოდ თამაშობს. მან "ვილიარეალში" თამაშისას ადრეც გამოიჩინა თავი, ამჯერად კი ბევრჯერ გადაარჩინა “რეალი” მნიშვნელოვან მატჩებში და მე ვიტყოდი, რომ “ბლანკოსის” დონის გუნდის შესაფერისი გოლკიპერია.