გუშინ მიუნხენის “ალიანც არენაზე” “ბაიერნმა” ახალი მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა წარადგინა. პრეზენტაციას 11 ქვეყნის 240 ჟურნალისტი დაესწრო, რომელთაც კატალონელი სპეციალისტი გერმანულად ესაუბრა. გვარდიოლამ მათი ინტერესი დააკმაყოფილა, ახალი დამრიგებლის მეთაურობით კი პირველ მატჩს “ბაიერნი” პეპის ყოფილ გუნდის “ბარსელონას” წინააღმდეგ ჩაატარებს.
- ესოდენ მოკლე ხანში გერმანულის სწავლა როგორ მოახერხეთ?
- ბოლო წელიწადი ნიუ იორკში გავატარე და გერმანულ ენასაც სწორედ იქ დავეუფლე. იმედი მაქვს, სამომავლოდ ამ მხრივ კიდევ უფრო წინ წავიწევ, უმთავრესი კი ისაა, რომ სამწვრთნელო საქმეში მსურს შემდგომი პროგრესის მიღწევა. ძალიან ძნელია სიტყვებით იმ ემოციის სრულად გადმოცემა, რაც ამ წუთში მეუფლება. შანსი მომეცა საკუთარი წვლილი შევიტანო ისეთი ლეგენდარული კლუბის ისტორიის განვითარებაში, როგორიც მიუნხენის “ბაიერნია”. ის მნიშვნელოვანი საფეხბურთო ბრენდია და მოხარული ვარ, არჩევანი ჩემზე რომ გაკეთდა. კლუბის ხელმძღვანელობამ მეტად თბილად მიმიღო და ნდობისთვის მათ მადლობა მსურს გადავუხადო. ალბათ შემეკითხებით – რატომ მაინცა და მაინც “ბაიერნი”? მიუნხენური გრანდი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რომელსაც ინტელიგენტი ადამიანები ქომაგობენ. ამგვარი ადამიანები კი გერმანიაში მრავლადაა. ვსწავლობ გერმანულ კულტურასაც. ეს ცხოვრებაში აუცილებლად გამომადგება.
- უახლოეს პერიოდში “ბაიერნში” რა ცვლილებებს უნდა ველოდეთ?
- “ბაიერნში” რევოლუციის მოწყობას სულაც არ ვაპირებ. გუნდის ლიდერების ცვლა გაუმართლებელია, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ გასულ სეზონში გუნდმა ამდენს მიაღწია. ეს გუნდი დიდხანს შენდებოდა და მისი ერთი ხელის მოსმით დანგრევა არასწორი ნაბიჯი იქნებოდა. ამ შემადგენლობას უნდა გავუფრთხილდეთ. გერმანულ ფეხბურთს ფეხი უნდა ავუწყო. ამასთან, ჩემი ფილოსოფია ოდნავადაც არ შეიცვლება – ჩემი გაწვრთნილი გუნდი კვლავინდებურად შემტევ ფეხბურთს ითამაშებს. დარწმუნებული ვარ, “ბაიერნის” მოთამაშეები ჩემ საფეხბურთო ფილოსოფიას იწონებენ და საერთო ენასაც მალე გამოვნახავთ. მეტად საინტერესოა ისეთ ადამიანთან ერთად მუშაობა, როგორიც მატიას ზამერია. ჩვენ ხომ ერთ პერიოდშიც მოგვიწია ასპარეზობა და როგორც ფეხბურთელს და ფუნქციონერს ძალიან ვაფასებ.
- თქვენი გერმანულ ფეხბურთთან ადაპტირება უპრობლემოდ ჩაივლის?
- ცოტაოდენი დრო მომეცით, რათა წინ წავიწიოთ. ჯერჯერობით გერმანულს კარგად ვერ ვფლობ და გერმანული ფეხბურთის ბოლომდე არ მესმის. ბოლოს და ბოლოს, გვარდიოლა ვარ და არა ჯადოქარი. ყოველმხრივ შევეცდები “ბაიერნი” ახალ სიმაღლეზე ავიყვანო და ამ დონეზე დიდი ხნით დავტოვო. ჯერჯერობით კი იმას გპირდებით, რომ გუნდი მაღალი კლასის ფეხბურთს აჩვენებს მაყურებელს, ყველა სიახლის თაობაზე კი ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვარ. “ბაიერნის” სათამაშო სტილი ბარსელონურისგან განსხვავებული იქნება. აქცენტს იმ ფეხბურთელებზე გავაკეთებ, რომლებიც ამჟამად არიან გუნდის შემადგენლობაში. სისტემა მაქსიმალურად იქნება მიახლოებული გერმანულ ფეხბურთთან. “ბაიერნი” ერთია, “ბარსელონა” სხვა ფილოსოფიის შემცველია. მიუნხენელი გულშემატკივრები ვერ გამიგებენ, თუკი “ბაიერნი” მისთვის უჩვეული ფეხბურთს ითამაშებს.
- “ბაიერნის” აწ უკვე ყოფილმა დამრიგებელმა იუპ ჰაინკესმა თბილი სიტყვებით მოგიხსენიათ...
- ამისთვის მისი მადლობელი ვარ. ჰაინკესს დიდ პატივს ვცემ. ბოლო 2 წლის განმავლობაში მან ბევრს მიაღწია. იუპ ჰაინკესის მემკვიდრეობა ჩემთვის დიდი პატივია.
- სამწვრთნელო შტაბი უკვე დააკომპლექტეთ?
- დიახ, სამწვრთნელო შტაბში ადგილს დომენეკ ტორენი, ლორენცო ბუენავენტურა, კარლეს პანშარი და მანუელ ესტიარტე დაიკავებენ.
- წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდი უკვე ბოლომდე გარკვეული გაქვთ?
- რასაკვირველია. 24 ივლისს “ბარსელონას” შევხვდებით. ჯერ ძნელია იმის თქმა, რა განწყობა დამეუფლება ამ მატჩის წინ, მაგრამ ეს ნამდვილად განსაკუთრებული პაექრობა იქნება და მაყურებლისთვის საინტერესო შეხვედრაც გამოვა.
- როგორ გაიხსენებთ “ბარსელონაში” მუშაობის პერიოდს?
- ჯერ კიდევ მოთამაშეობისას ვიცოდი, მწვრთნელი რომ გამოვიდოდი, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი, ამდენი ხნის განმავლობაში “ბარსას” გაწვრთნას რომ მომანდობდნენ. “კამპ ნოუზე” გატარებული პერიოდი დაუვიწყარია, მაგრამ დაუშვებელია, მთელი ცხოვრება ერთ კლუბში იმუშაო. მწვრთნელს ახალ-ახალი გამოწვევა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოტივაციას დაკარგავს. მცირეხნიანი დასვენება მესაჭიროებოდა, ახლა კი ახალი სიმაღლეების დასალაშქრად მზად ვარ.